ალი (სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში)
ალი − სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი.
ალი მდებარეობდა ქართლისა და იმერეთის დამაკავშირებელ გზაზე. დასავლეთ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად ის ქალაქად იქცა XII ს-ში (მესხია 1959: 44; ბერძენიშვილი 1964: 16, 20). XIV ს-ის მიწურულს ალში იყო საბაჟო (ქრონიკები 1897: 210). XV ს-ის დასაწყისში მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442) ამირაჯიბები დასაჯა და მათ ალი ჩამოართვა, მაგრამ მალევე შეიწყალა ისინი და ალი უკან დაუბრუნა (ქრონიკები 1897: 209). 1526 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან (1527-1556) შეთანხმებით მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი, მათ შორის, ალი (სინ. 1973: 102). XVIII ს-ში ალი ზემო ქართლის ერთ-ერთი ქალაქი იყო (ბერძენიშვილი 1966: 86).
სოფელ ალის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა: დედაღვთისას ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 800 მ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე. ეკლესია დარბაზულია (9X6,2მ). ნაგებია რიყის ქვითა და ქვათლილით. ძლიერ დაზიანებულია. ნახევარწრიული აფსიდა დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით (სძა 1990: 422).
კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. ეკლესია გუმბათიანია (14,35X10,42მ). აგებულია 1810-1820 წწ. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო (სძა 1990: 423).
უსანეთის ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარ ალის ჩრდილოეთით, ფერდობზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (15,2X10,6მ). ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვით. ნახევარწრიულ აფსიდას, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსართულიანი სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო თარიღდება XVI-XVII სს-ით.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას ნაქალაქარ ალის დასავლეთ ნაწილში. ეკლესია გუმბათიანია (14,5X10,9მ). ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. ნახევარწრიულ აფსიდას, სწორკუთხა სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. თარიღდება XVI-XVII სს-ით (სძა 1990: 423, 424).