ანქავანი
ანქავანი – (ინგლ. Anqavan, რუს. Анкаван), ბალნეო-კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი სომხეთში, კოტაიკის ოლქის რაზდანის რაიონში, ქ. ერევნიდან 85 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ვაღარშაპატიდან (ქ. ეჩმიაძინიდან) 99 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. სევანიდან 49 და ქ. რაზდანიდან 35 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს სომხეთის მთიანეთში, მდინარე მარმარიკის (მდინარე რაზდანის შენაკადი) ხეობაში, აღნიშნული მდინარის ზემო წელის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1900 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ხანგრძლივია და ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -8,6°C. ზაფხული ხანმოკლეა, გრილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 14,6°ჩ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 3,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 76%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 790 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის მაისზე (107 მმ), მინიმუმი – დეკემბერზე (40 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა 2300 საათია წელიწადში.
კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვი, ნაძვი, წაბლი და სხვადასხვა სახის ყვავილი. ანქავანის მიდამოები დაფარულია: ფიჭვნარით, წაბლნარით, წიფლნარითა და მუხნარით.
ანქავანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: თერმული (t-42,6°C) და ცივი (t-13,2°C) დაბალი მინერალიზაციის (M-6,3 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავს სტრონციუმს, ლითიუმს, ფტორს, სპილენძს, მანგანუმს, მოლიბდენს, იოდს, ბრომსა და სხვა მიკროელემენტებს; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუფთა, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ანქავანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები, გამორეცხვები, შესხურებები და ინჰალაციები აღნიშნული წყლებით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ანქავანში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი ზამთარში; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ანქავანში (დიდმოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესია (აიოსი გიორგიოსი) (1915 წელი); მდინარე მარმარიკის ხეობა და სხვ.),
ქ. რაზდანში (მაქრავანქის მონასტერი (XIII საუკუნე), სურათების გალერეა და სხვ.),
ქ. ვაღარშაპატში (ქ. ეჩმიაძინში) (ეჩმიაძინის სომხური სამოციქულო საკათედრო ტაძარი (V-VII საუკუნეები) და ამ ტაძრის სამრეკლო
(1653-1658 წლები); სომხური სამოციქულო ეკლესიები (წმიდა მოწამე რიფსიმეს 618 წელი), წმიდა მოწამე გაიანეს (630 წელი) და წმიდა (სურბ) შოღაკატის (1694 წელი) და სხვ.);
ქ. ვაღარშაპატის მიდამოებში (ზვარტნოცის სასახლისა და ტაძრის (VII საუკუნე) ნანგრევები და სხვ.),
ქ. სევანის მიდამოებში (ურარტუს ციხესიმაგრეების (ძვ.წ. VII-I საუკუნეები) ნანგრევები და ნეკროპოლების (ძვ.წ. XIII-XII საუკუნეები) ნაშთები ქ. კამოსთან, დაბა გავართან, დაბა ლანჯაღბიურთან და დაბა ლჩაშენთან; სომხური სამოციქულო ეკლესიები ქ. კამოში – წმიდა კარაპეტის (სურბ კარაპეტ) (X საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის (სურბ ასტვაწაცინ) (1848 წელი);
დაბა ძორაგიუღში – წმიდა სარქისის (სურბ სარგის) სომხური სამოციქულო ვიკარიალური ეკლესია (X საუკუნე) და სურბ შოღაკატის
მონასტრის (X საუკუნე) ნანგრევები; კოტავანქის მონასტრის (IX საუკუნე) ნაშთები დაბა ნერჩინ გეთაშენში; სევანის ტბა; სევანის ნაციონალური პარკი და სხვ.),
ქ. ერევანში (სომხური სამოციქულო ეკლესიები – დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის (სურბ გევორქ) (XVIXVII საუკუნეები), წმიდა აკოფის (XVII საუკუნე), ზორავარის (1693-1695 წლები), წმიდა ჰოვანეს-მკრტიჩის (1710 წელი) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის (სურბ ასტვაწაცინ) (1995
წელი), სომეხთა განმანათლებლის, წმიდა გრიგოლის სომხური სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძარი (XX საუკუნე); ცისფერი მეჩეთი (1776 წელი); წიწერნაკაბერდი – 1915 წელს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი – მავზოლეუმი; მატენადარანი – მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერების საცავი; მუზეუმები – სომხეთის ისტორიის, ერევნის ისტორიის („ერებუნი“), ხის ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და ლიტერატურის, თანამედროვე ხელოვნების, ა. თამანიანის, ს. ფარაჯანოვის, ა. ხაჩატურიანის და სხვ.; სახლ-მუზეუმები – ე. ქოჩარის, მ. სარიანის, ჰ. თუმანიანის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის; სომხეთის სახელმწიფო სამხატვრო გალერეა; ბავშვთა სამხატვრო გალერეა; ა. სპანდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა;
სასტუმრო „არმენიას“ შენობა; ობელისკი „დედა სომხეთი“; არქიტექტურული კომპოზიცია „დიდი კასკადი“; დავით სასუნცის ძეგლი; აკვაპარკი და სხვ.), ერევნის მიდამოებში (ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი და სხვ.).