აძბავე
აძბავე (აძბაჳჷ) - აფხ.
1.ბჭე, მოსამართლე.
2. მედიატორი, შუამავალი, მომრიგებელი. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფხაზებმა, უმეტესად უხუცესებმა შურისძიების საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყეს. მხარეების შერიგებაზე დათანხმების შემდეგ, კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაპირისპირებულ გვარებს შორის ნდობით აღჭურვილ პირებს, მედიატორებს ირჩევდნენ, რომლებიც სოფლის თემის რჩეული მოსამართლეები იყვნენ. მათ რომელიმე მხარის მხარდაჭერა არ ეპატიებოდათ. ამ რჩეულ უხუცესებს მოსამართლეები ეწოდებოდათ. მოსამართლეებად ხუთ მამაკაცს ირჩევდნენ:
1. წინამძღოლს;
2. თანამდგომს,
3. ბჭეს, მსაჯულს (აძბა);
4. შუამავალს, მომწესრიგებელს, ანუ ჯოხის მქნეველს, ე.ი. მხარეებს შორის სიტყვის მიმტან-მომტანს;
5. სიტყვის ოსტატს, რომელიც საქმის ხმამაღლა გამცნობი იყო. იგი კარგი მეხსიერებითა და კარგი ორატორული ნიჭით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული. მედიატორები საქმის გარჩევის ცერე-მონიალს, სოფლიდან მოშორებით, ბუნებაში, ამაღლებულ ადგილას, რომელიმე მრავალწლიანი ხის ქვეშ აწყობდნენ. აქ დაპირისპირებული მხარეების ახლო ნათესავები, მოწმეები, ოჯახის წევრები, ამაღლებული ადგილის საპირისპირო მხარეზე იყრიდნენ თავს. მოწმეებს ფიცს ადებინებდნენ. ხატების განრისხებისა და დასჯის შიშით, სიცრუის თქმას ყველა ერიდებოდა. საქმის განხილვისშემდეგ მედიატორები სისხლის ფასს აშაფსას ადგენდნენ. განაჩენის გადაწყვეტილება ორივე მხარეს ულაპარაკოდ უნდა მიეღო.