ახვერდოვი ნიკოლოზ ესაიას ძე
ნიკოლოზ ესაიას ძე ახვერდოვი − (20.09.1754 – 08.07.1817), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (12.12.1807).
დაიბადა ყიზლარში, ქართველ ჰუსართა პოლკის ოფიცრის ესაია ვასილის ძე ახვერდოვის ოჯახში, რომელიც გაჰყვა მეფე ვახტანგ VI ამალას რუსეთში და 1739 წელს შევიდა რუსეთის სამხედრო სამსახურში. დედამისი იყო – თავადის ქალი, ანა გერასიმეს-ასული ჩოლოყაშვილი.
1764 წლიდან სწავლობდა შლიახეტთა სახმელეთო კადეტთა კორპუსში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 1776 წელს პორუჩიკის წოდებით და ოქროს მედლით. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, კადეტთა კორპუსის სამ 35 კურსდამთავრებულთან ერთად. იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც დაკავებული იყო ხელოვნების ძეგლების შესწავლით.
1779 წელს დაბრუნდა რუსეთში და დაინიშნა კადეტთა კორპუსში, კადეტების აღმზრდელად.
1782 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო შემოსავლების ექსპედიციაში, 1788 წელს დაინიშნა კოლივანის სამეფისნაცვლოს მმართველთან და ძალიან ბევრი გააკეთა კოლივანის საბადოების მოწყობისათვის. 1797 წლის 31 დეკემბრიდან 1798 წლის 1 სექტემბრამდე იყო არხანგელსკის გუბერნიის სამოქალაქო გუბერნატორი. 1799 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
იმავე წელს დაინიშნა დიდი თავადების ნიკოლოზ და მიხეილ პავლეს ძეებთან აღმზრდელად, 1802 წლიდან ასწავლიდა მათ რუსულ ენას, ისტორიას და გეოგრაფიას, ხოლო 1804 წლიდან – არითმეტიკას.
1806 წელს აირჩიეს რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრად და 1811 წლიდან იყო რუსული სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების საპატიო წევრი. ავტორია იგავებისა „Волк-судья“ (1790), აგრეთვე მენგსის ტრაქტატის თარგმანისა, „Письмо к дону Антонио Понзу“ და ჰელერტის წიგნისა „О воспитании“ და „Описание Константинополя“ (1789) მეგობრობდა რუს პოეტებ გ. დერჟავინთან (1743-1816) და დ. ხვოსტოვთან (1757-1835).
დაჯილდოებული იყო წმ. ანას I ხარ. ორდენით.
გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში.
გენერალ ახვერდოვის პორტრეტი, რომელიც დახატა 1817 წელს ფერმწერმა ა. ვარნეკმა (1782-1843), არის მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის კუთვნილება.