ელერდაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ელერდაშვილი

ელერდაშვილი ალექსანდრე – (1956 – 2021), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა, შემდეგ კი, 1979 წელს – თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანული ფილოლოგიის განყოფილება. 1985-86 წლებში იყო ხაშმის კულტურის სახლის დირექტორი, 1983-91 წლებში თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1989-92 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 77-ე საშუალო სკოლაში. 1996-2021 წ.წ. იყო გაზეთ „ფანტაზიის” და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ასევე 2013 წლიდან არსებული მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში (1975 წელი) „უნივერსიტეტის გაზეთში”. თარგმნილი და გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ომარ ხაიამის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ფრანჩესკო პეტრარკას, უილიამ შექსპირის, საადის და სხვა პოეტების ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია, შეყვარებულთა წიგნი, ქართველი პოეტების ენციკლოპედია.


ჯალალ ედ-დინ რუმი, ყაზალი
თარგმნა ალ. ელერდაშვილმა

ეჰა, შენ სულო, სრულთაგან სრულო,

ხარ სულთა სული და კიდევ რაღაც;

ჰე, სასწაულთა დღესასწაულო,

ხარ სასწაული და კიდევ რაღაც.

ჰე, მწდეთა მწდე და ხარ მზეთა მზე შენ,

მარადის ზეობ ზეთაგან ზე შენ,

უსაზღვროეთში ხარ ზნეთა ზნე შენ,

ხარ ზნესაზღვრული და კიდევ რაღაც.

ეჰა, შენ მართალ გზათა მპყრობელს და

ხილულ სანახთა წარმომშობელს და

საწყისსა შინა თავად მყოფელს და

თვით ხარ სასრული და კიდევ რაღაც.

ეჰა, შენ უფლის სახევ და ხატო,

ცის შარავანდო და ანდამატო,

ყოვლთა შესაქმნელს შენ შეიქმ მარტო,

ხარ ყოვლადსრული და კიდევ რაღაც;

თავადვე ზრახავ ფარულ ზრახვას და

ფარული არსის ძალგიძს ნახვა და

ზრახულის სახეს შენში სახავ და

თვით ხარ ზრახული და კიდევ რაღაც.

შენ აქამანდებ ტრფობის თრიაქებს,

ლეილ-მაჯნუნს რომ აფორიაქებს,

ასეთ განგებას თუ ზოგი აქებს,

ზოგია კრული და კიდევ რაღაც.

ჰე, შენ მფარველობ იღბლით დიადს და

მასაც, ვინც ებრძვის თმენის წყვდიადს და

ღრუბელთა მიღმა გცნობენ ზვიადს და

ხარ ჯერართქმული და კიდევ რაღაც.

ჰე, მოციქულთა სიამაყევ და

ეჰა, ვინც ბრძენთა სულებს არყევ და

შენეულს ცხადი ზრუნვით აჰყევ და

კვლავ ხარ ფარული და კიდევ რაღაც.

ჰე, შეწყალების დასაბამო და

წყალობის ზღვათა ნაპირს ჰბანო და

ხან უსახლო ხარ სახლის ბანო და

ხან სახლში რგული და კიდევ რაღაც.

ჰე, შენი სახის მჭვრეტელი თვალი

თუ არის მხოლოდ მშვენებით მთვრალი,

დაკარგოს იმან ცოდვებში კვალი,

დაკარგოს რჯული და კიდევ რაღაც;

შენში ვეძიე უძიროს ძირი

და მოვიძიე ფუძეთა მძივი,

მაგრამ სევდისგან დავკარგე ძილი,

დავკარგე რული და კიდევ რაღაც.

ნეტავ შენს ბაგეს ველტვი რისთვის აწ?

არღარა შემრჩა მე იმისთვის აწ,

მე უსხეულო სიკვდილისთვისაც

ვარ განწირული და კიდევ რაღაც.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები