ეული სანდრო
ეული სანდრო – (1890 – 1965), ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი – ალექსანდრე ქურიძე. დაიბადა სოფელ ზომლეთში (ჩოხატაური). სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ 1905 წლის რევოლუციური საქმიანობისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. 1931 წლის იანვარში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა. სანდრო ეული კარლ მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1931-1936 და 1944-1962 წლებში მისი კრებულებიდან აღსანიშნავია: „ზღვათა სიმფონია” (1960), „არწივის ბუდიდან” (1945); აქვს გამოცემული არაერთი ბოლშევიკურ-კომუნისტური შინაარსის წიგნიც.
- * * *
- დედა ძუძუს გვაწოვებდა,
- გვიმღეროდა იავნანას,
- შენი წიგნი „დედაენა“
- გვასწავლიდა ანა-ბანას.
- მასში ვკრეფდით თითო ასოს
- და შევკონეთ „აი ია“,
- ის წუთები ახლაც გვახსოვს,
- შენი ნახვაც გვინატრია.
- შენ ბუნების გასაღებით
- გაგიღია ცოდნის კარი,
- ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები,
- აღმაფრენის ქროდა ქარი,
- დაგვცქეროდი მზრუნველობით
- მაღალ მთიდან გადმომდგარი.
- თაობათა აღმზრდელ მამას
- მშობლიური გიმღერს მხარე,
- აგისრულდა გულის ნატვრა,
- რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე…
- უკვდავია შენი ხსოვნა,
- ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე.