ზერთული წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერთული წინადადება – რთული წინადადება, რომელიც თანწყობითა და ქვეწყობით არის შექმნილი. ზერთული წინადადების მთავარი კომპონენტი ყოველთვის თანწყობილია, კავშირიანი ან უკავშირო. იგი შეიძლება შედგებოდეს ორი ან მეტი წინადადებისაგან. დამოკიდებული წინადადება ახლავს მთავარი წინადადების (თანწყობილის) ერთ ან ყველა კომპონენტს. მაგ: „ქალი მიდის (1), რომ სხვაგან გაიკეთოს ბუდე (2), კაცი კი ბედს შინ მოელოდება (3). (ი. ჭავჭავაძე). მთავარი წინადადება (1, 3) შეიცავს მაპირისპირებელ კი კავშირს, დამოკიდებული წინადადება (2) ახლავს მთავარის პირველ კომპონენტს; „მარტო შენი მტერი დაგიმალავს (1), შენს სახეზე რომ ურიგობა ნახოს რამე (2), მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს (3), რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე (4)“. (ი. ჭავჭავაძე). აქ მთავარი წინადადების ორსავე კომპონენტს (1, 3) ახლავს დამოკიდებული წინადადება (2, 4).

ზერთული წინადადებას შერეული სახის რთულ წინადადებასაც უწოდებენ. ზერთული წინადადება საკმაოდ ვრცელია, თუ მთავარი წინადადების კომპონენტებთან თანადაქვემდებარებით ან ხარისხობრივი ქვეწყობით რამდენიმე დამოკიდებული წინადადებაა შეკავშირებული: „ექიმი, რომელიც დაუყენეს იაგოს (2), იმედობდა (1), რომ რამდენსამე დღეზედ ფეხზედ წამოაყენებდა ავადმყოფს (3) და იაგოც მოთმინებით მოელოდა ამ დღეს (4), რადგანაც წარმოუთქმელად გული ეღრინებოდა გირგოლაზედ (5), რომელმაც ისე უკაცურად გააბა ხათაბალაში, გახადა კაცნაკლავად, წაართვა საცოლე და მოაშორა სამშობლოს (6)“ (ა. ყაზბეგი). მთავარი წინადადება (I, 4) და-კავშირიანი თანწყობილია. მის პირველ კომპონენტს თანადაქვემდებარებით უკავშირდება ორი დამოკიდებული (2, 3), ხოლო მეორე კომპონენტს (4) უშუალოდ ექვემდებარება მე-5 წინადადება (მიზნის გარემოებითი დამოკიდებული), რომელსაც ახლავს განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება (6). ზოგჯერ მთავარი წინადადების ყველა კომპონენტს ახლავს საერთო დაქვემდებარებული წინადადება: „მეც სუმბულივით დავიგოლეები (1) და მეც გამახმობს უცხო ზმანება (2), თუ საქართველოს ლურჯი გორები დროზედ არ ნახა ჩემმა თვალებმა (3)“ (ლ. ასათიანი). პირობითი დამოკიდებული (3) ახლავს მთავარი წინადადების ორსავე კომპონენტს (1, 2). საერთო დაქვემდებარებული წინადადება სხვადასხვა სინტაქსურ ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს მთავარი წინადადების კომპონენტებთან: „იმდენად გახუნდა (1), ისეთმა რამემ მოდრიკა (2), რომ ახლა ჩემი თავიც იკადრა (3)“ (მ. ჯავახიშვილი). აქ მთავარი წინადადების პირველი კომპონენტისათვის დამოკიდებული წინადადება (3) ვითარების გარემოებითია, მეორისათვის კი – განსაზღვრებითი.

ზერთული წინადადებას კიდევ უფრო ართულებს ისეთი შემთხვევები, როცა მთავარი წინადადება ორზე მეტი კომპონენტის თანწყობითაა შექმნილი, ან როცა დამოკიდებული კომპონენტებიც არიან თანწყობილი, თუ რთული წინადადების ნაწილებშიც მოიპოვება განკერძოებული სიტყვები და გამოთქმებიც.

ლ. კვანტალიანი


ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკა, II, თბ., 1948;
  • კიზირია ა., ქართული ენა. პრაქტიკუმი, თბ., 1984;
  • კვაჭაძე ლ., თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები