კან’ამი
კან’ამი – იაპონელ მსახიობთა ოჯახი. მათ რიცხვში არიან:
კან’ამი კიიოცუგუ (1333-84) – იაპონელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე და დრამატურგი, ამ მსახიობთა ოჯახის დამაარსებელი. მან „სარუგაკუს“ (ძველი დრამატული ფორმა, რომელშიც ჩართული იყო კომიკურ-მიმიკური ცეკვა), რიტუალური ცეკვის „ძენგაკუს” და „კუსემაის” ელემენტების შეერთებით, შექმნა თეატრი „კანძეძა“ (ქ. იგა). ამ წარმოდგენებმა სათავე დაუდეს ნოოს თეატრს; დაწერა მრავალი პიესა ნოოს თეატრისათვის („ჯინენ კოჯი“, „კომაჩი“ და სხვ.). იგი იყო მსახიობი, თეატრალური ხელოვნების მასწავლებელი, თეატრის თეორეტიკოსი.
კან’ამი ძეამი (1363-1443) – კიიოცუგუს ვაჟი, მამის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა „კანძეძას“ თეატრს. მამისაგან განსხვავებით, რომლის ხელოვნება გათვლილი იყო ფართო აუდიტორიაზე, შვილის ხელოვნება ორიენტირებული იყო არისტოკრატთა გემოვნებაზე (მის თეატრს მხარს უჭერდნენ უმაღლესი სამხედრო წრის წარმომადგენლები, მის სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდა იმპერატორი). ძეამი იყო არა მხოლოდ გამოჩენილი მსახიობი, არამედ თვალსაჩინო დრამატურგი და თეატრის თეორეტიკოსი. დაწერა 100-ზე მეტი პიესა ნოოს თეატრისათვის, შექმნა 20-მდე ტრაქტატი ნოოს თეატრის ხელოვნების შესახებ.