ლუთერი მარტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინ ლუთერი

მარტინ ლუთერი − (10 ნოემბერი 1483, აისლებენი, საქსონია − 18 თებერვალი 1546, იქვე), გერმანელი თეოლოგი, გერმანული პროტესტანტიზმის (ლუთერანობის) ფუძემდებელი, საერო გერმანული ლიტერატურული ენის ერთერთი შემქმნელი.

ბიოგრაფია

ევროპული რეფორმაციის ფუძემდებელი მარტინ ლუთერი 1483 წლის 10 ნოემბერს დაიბადა გლეხის ოჯახში, - ოჯახში, სადაც მყარად იყო შენარჩუნებული შუასაუკუნეობრივი ხალხური სარწმუნოება (მთელი თავისი ჯადოქრებით, ჭინკებითა და ეშმაკებით). მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რწმენა საკმაოდ იყო დაკავშირებული ეკლესიის მოძღვრებასთან, რადგან ხალხი ეკლესიაში და ეკლესიასთან ერთად ცხოვრობდა, ისევე როგორც ეკლესია ცხოვრობდა ხალხში და ხალხთან ერთად. თავდაპირველი განათლების შეძენის შემდეგ თოთხმეტი წლის ლუთერი ერფურტის უნივერსიტეტში იწყებს ფილოსოფიის შესწავლას, რომელსაც ოთხი წლის შემდეგ ხელოვნების მაგისტროსის წოდებით ამთავრებს. მამის სურვილით, იგი ადვოკატი უნდა გამხდარიყო, მაგრამ როცა ერთხელ, ზაფხულში, ჭაბუკი შინიდან ისევ ერფურტში ბრუნდებოდა, დიდ ქარიშხალში მოხვდა და უშუალოდ მის გვერდით გაიელვა, - ეს განცდა და შთაბეჭდილება კი იმის საბაბი გახდა, რათა იგი მონასტერში შესულიყო და ავგუსტინელთა ორდენის წევრი გამხდარიყო. მღვდლად ხელდასხმის შემდეგ იგი ღმრთისმეტყველების შესწავლას ჩაუღრმავდა და ვიტენბერგში თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 29 წლის ლუთერი სტუდენტებს ბიბლიის ცალკეულ წიგნებს ასწავლიდა.

ერფურტსა და ვიტენბერგში მიღებულმა თეოლოგიურ-ფილოსოფიურმა განათლებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ლუთერის შეხედულებების ჩამოყალიბებისას. მან სწორედ იქ განიცადა ღმრთის ნების სიდიადე და საყოველთაობა, რომლის წინაშე ადამიანი და ადამიანის ნება არაფრად ჩანს. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ცოდვა და მადლი, სიკეთე და ბოროტება ცალკეულ ადამიანზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მხოლოდ ღმრთის ნება-სურვილის გამოხატულებაა. ადამიანი კეთილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი მას მადლით აღსავსე შეხედავს; თუ მას ღმერთი მრისხანებით მიაპყრობს მზერას, ადამიანს ბოროტად ყოფნა ელის. თუკი სურვილი აქვს, ღმერთს შეუძლია ყველაზე დიდ ცოდვილსაც კი წყალობით გადმოხედოს. ამ შემთხვევაში ცოდვილი ადამიანიც კი ცხონდება, თუნდაც იგი მაინც ცოდვილად დარჩეს. ღმერთი უბრალოდ თავისუფლად აჯილდოებს ადამიანებს წყალობით, ხშირად უბრალოდ ასე სურს და იმიტომ, ადამიანს კი არაფერი ძალუძს და მას შეუძლია, მხოლოდ ენდოს ღმერთს და იმედოვნებდეს, რომ ღმერთი მოწყალე იქნება, - ადამიანი ღმერთს მხოლოდ მორჩილებით და მოლოდინით უნდა შეჰყურებდეს. ადამიანს ვერც საეკლესიო-საღმრთისმსახურო რიტუალებში მონაწილეობა მოუტანს რასმე და ვერც თავად ეკლესია. თუ ეკლესია ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლად, დამხმარედ იყო მიჩნეული, ლუთერი თავისი მოძღვრების უმთავრეს პრინციპად აცხადებს შოლა ფიდე და შოლა შცრიპტურა - ესე იგი ოდენ რწმენით და ოდენ წერილით (რაშიც საღმრთო წერილი ანუ ბიბლია იგულისხმება). ამ თვალსაზრისით, ღმერთთან ზიარების ერთადერთ გზად აღიარებულია ღმერთის უსაზღვრო ნდობა და ბიბლიურ წიგნთა შესწავლა. ეკლესია, როგორც ხსნისა და სიწმიდის ინსტიტუტი, ამ ფონზე, ბუნებრივია, ფერმკრთალდება და უკანა პლანზე გადადის. ლუთერის აზრით, რწმენასა და მადლს ადამიანი უშუალოდ ბიბლიიდან მოიპოვებს. აქ უკვე საუბარი იყო არა ეკლესიის რეფორმაზე, შიგნიდან მის რეფორმაზე, არამედ რეფორმაციაზე, რომელიც, საერთოდ, უარყოფდა ეკლესიის მხსნელ, მაცხოვნებელ ფუნქციას.

მალე რომში, კათოლიკე ეკლესიის ცენტრში, დაიწყო პროცესი მარტინ ლუთერის წინააღმდეგ, რომელსაც ერეტიკოსობაში ედებოდა ბრალი, - უნდა განხილულიყო ის მცდარი შეხედულებანი, რაც მის თეზისებში იყო ასახული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეტად გავრცელებული ლეგენდა, თითქოს მან ვიტენბერგის ტაძრის კარიბჭეს მიაჭედა თავისი 95 თეზისი, მხატვრული ფანტაზიის სფეროს ეკუთვნის. თავისი ეს შეხედულებები მან წერილობით ჩამოაყალიბა და ეპისკოპოსებსა და კოლეგა-თეოლოგებს გაუგზავნა. ლუთერი მიწვეულ იქნა რომში, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო. თუმცა საქსონიის პატრონის მფარველობამ იგი ინკვიზიციის დილეგისაგან გადაარჩინა და მას რომში წასვლა საერთოდ აღარ მოსწევია, მაგრამ ორი წლის შემდეგ, პაპის საგანგებო ბულის თანახმად, ლუთერისეული 95 თეზისიდან 41 მცდარად გამოცხადდა და იმ შემთხვევაში, თუ იგი მათ არ უარყოფდა, მას ეკლესიისაგან შეჩვენება არ ასცდებოდა. ამ დროს კი განუწყვეტლივ ძლიერდებოდა ლუთერის ანტიეკლესიური, ანტიპაპური პოზიცია. ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, როგორც დაწესებულება, მას უკვე ეშმაკისეულ ქმნილებად წარმოუდგა, პაპი კი, მისი შეხედულებით, ანტიქრისტეა, ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომელსაც ადამიანები დაღუპვამდე მიჰყავს. ლუთერის აზრით, რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ქრისტეს ადგილი დაიკავა, რითაც ღმრთის რისხვა დაიმსახურა. დროთა განმავლობაში ლუთერს სულ უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ პაპი ხორცშესხმული ანტიქრისტე იყო.

როცა ლუთერმა ზემოხსენებული ბულა მიიღო, მისი რეაქცია მგზნებარე და მრისხანე იყო, - მან უკანმოუხედავად დაიწყო ეკლესიისა და პაპობის გმობა და იგი ყველა ქრისტიანს მოუწოდებდა არა რეფორმისა და ეკლესიის შიგნიდან გაჯანსაღებისაკენ, არამედ უკვე ეკლესიასთან საბრძოლველად. იმ ხანებში ლუთერი სახალხო გმირის როლს უფრო თამაშობდა, ვიდრე ეკლესიის მასწავლებლისა და ღმრთისმეტყველისა. ლუთერის მოძღვრება უკვე აშკარად დაშორდა ეკლესიას და რეფორმა რეფორმაციად იქცა. 1520 წლის 10 ნოემბერს ვიტენბერგში, ელსტერის კარიბჭის წინ მან საჯაროდ დაწვა პაპის ბულა, ხოლო 1521 წლის 3 იანვარს რომში იგი საჯაროდ იქნა განკვეთილი ეკლესიიდან. დასავლეთის ეკლესია გაიხლიჩა: რეფორმაცია დაიწყო. იმ წლის გაზაფხულისათვის ლუთერის მიმდევარმა მღვდლებმა დაქორწინება დაიწყეს (როგორც ცნობილია, რომის კათოლიკე ეკლესია დღემდე მოითხოვს მღვდლების დაუქორწინებლობას). მონასტრებს ყოველდღიურად ტოვებდნენ ბერები და მონაზვნები, ორდენთა ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ თავიანთ წევრებს, მიეტოვებინათ ორდენის რიგები. მონასტერთა კარიბჭეები იღებოდა და სენაკები ცარიელდებოდა, ეკლესიის კედლებიდან ძირს ყრიდნენ ხატებს. მალე თავად ლუთერიც დაქორწინდა ყოფილ მონაზონ კატარინაზე. ცოტა ხნის შემდეგ გერმანულ მიწათა უმრავლესობამ თავი ლუთერის მიმდევრად გამოაცხადა, მალე მათ ახალი სახელიც მოიპოვეს - პროტესტანტები. პროტესტანტიზმმა გადააბიჯა გერმანიის საზღვრებს და ევროპის ბევრ ქვეყანას მოედო. უკვე XVI საუკუნის ბოლო მესამედისათვის ლუთერის მოძღვრებას აღიარებდა გერმანიის ორი მესამედი, პოლონეთის დიდი ნაწილი, უნგრეთი, ჩეხეთისა და ავსტრიის მიწები და მთელი სკანდინავია.

თავად ლუთერი სიკვდილამდე ჩაუქრობელი ენთუზიაზმით აღვივებდა მის მიერ აგიზგიზებულ კოცონს, ბოლომდე რჩებოდა ბელადად და მოძღვრად. მაგრამ იგი წმიდანი არასოდეს ყოფილა: იგი არასოდეს ფარავდა თავის გაღიზიანებას, ყოველთვის იყო ჯიუტი, უმაგალითო უხეშობით თავს ესხმოდა მტერსა და მოყვარეს. როცა უცდომელი ავტორიტეტის პრივილეგია მოიპოვა, პროტესტანტიზმის ახალ პაპად იქცა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთის, იესო ქრისტეს ნების აღმასრულებელი იყო. ყველაფერი, რაც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, ეშმაკისეულ საქმედ ცხადდებოდა. დაუოკებელი ზიზღით ლანძღავდა პაპებს, ებრაელებს, მესას, მონასტრებს, - მისი ჭაბუკური ფაქიზი რელიგიურობიდან კვალიც კი აღარ დარჩა. სულ მალე მისმა მომხრეებმა არაერთი ომი გააჩაღეს, მათ შორის გამანადგურებელი ოცდაათწლიანი ომი, რომლის შედეგად გერმანია და ცენტრალური ევროპა კარგა ხნით დიდ უდაბნოდ იქცა.

მაგრამ ამ დროს ლუთერი ცოცხალი აღარ იყო, - იგი 450 წლის წინ, 1546 წლის 18 თებერვალს, გარდაიცვალა.


წყარო

რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები