მანდარინი მარუ
მანდარინ მარუ - ამ ჯიშის ხე საშუალო ზომისაა ან ნაგალა, მთავარი ტოტები სწორად აქვს მაღლა აშვერილი. როგორც ფოთლები, ისე მეორე რიგის ტოტები და ყლორტები აღმამზარდია.
ფოთლები წვრილია და წვრილივე ყუნწითაა მიმაგრებული ღეროზე. ყვავილობს უხვად, მაგრამ ყვავილის სასარგებლო პროცენტი მეტად მცირეა.
ნაყოფი მრგვალია, პატარა ან საშუალო ზომისაა; წონით 50–94 გრ. დიამეტრი – 4,9–6,2 სმ, სიმაღლე 3,8–5 სმ, ღია ყვითელი ფერის, თანაბარი, ჩამჯდარი და შედარებით წესიერად განლაგებული ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ნაყოფის წვერი მოსწორებულია და შემორკალულია მონაცრისფრო რგოლით – ბუტკოს კვალის ირგვლივ. რგოლი – გლუვი, უჯირკვლო. ფუძე ოდნავ ჩაწეულია, ჯამის ირგვლივ დანაოჭებული.
სეგმენტები 9–12-ია, თანაბარი, მსხვილი, სოლისებრი. გულის ღერძი ცარიელია.
სეგმენტები მჭიდროდ არის შეკავშირებული ერთმანეთთან. რბილი (ხორცი) ოდნავ მწარეა.
ნაყოფი უხვწვნიანია, საწვნე უჯრედები ზომით საშუალოა და თითისტარისებრი. წვენი მოყვითალოა და სასიამოვნო გემოსი; აპკი ნაზია; კონსისტენცია – წყლიანია, ნაყოფში თესლი ხშირად გვხვდება.
კანი საშუალოზე სქელი, 2,5–4 მმ. შიგნითა შრე თეთრია, აღნაგობა ფუყე აქვს, გემო მწარე, კანი ადვილად სცილდება ხორცს.