მინდვრის ქამა
მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis (schaeff.) Secr. რუს. Шампиньон полевой)
ქუდი – 8-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცულია, შემდეგ – ბრტყელი, ტიტველი ზედაპირით, თეთრია, მურა ფერი გადაჰკრავს, ზოგჯერ მოყვითალო ლაქებით, ხელის შეხებისას ყვითლდება. ფირფიტები დასაწყისში თეთრია, შემდეგ ნაცრისფერი და ბოლოს შოკოლადისფერი.
ფეხი – სიგრძით 5-10 სმ-ია და სისქით 1-2 სმ, თეთრია, შემდეგ ყვითლდება, ძირში გამსხვილებულია, ახასიათებს ორმაგი, ზოლებიანი საყელო.
რბილობი – თეთრია ან მოყვითალო, მოტკბო გემოთი.
სპორები – ელიფსისებრია, მურა-მეწამული, 8-9,5+4,8 მკმ. იზრდება ნიადაგზე ტყის პირებში, საძოვრებზე, მდელოზე, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი და დამუჟუჟებული.
ჰგავს შხამიან ქამას, განსხვავდება იმით, რომ კარბოლის მჟავის სუნი არ ახასიათებს.