მისაქციელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისაქციელი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს მცხეთიდან 15 კმ.

სახელწოდება

ხალხური გადმოცემა ამ ტოპონიმის წარმოშობას ერეკლე მეფის სახელს უკავშირებს, თუმცა წინასწარვე უნდა ითქვას, რომ სოფელი მისაქციელი ამ სახელწოდებით ერეკლე მეფემდე ოთხი-ხუთი საუკუნით ადრე იყო ცნობილი. ტოპონიმი მისაქციელი ძველ ქართულ საისტორიო ძეგლებში XIV საუკუნიდან მოიხსენიება. ხალხური ლეგენდა კი მოგვითხრობს: „ერთხელ ბრძოლაგადახდილ მეფე ერეკლეს თავისი ლაშქრით აქ შეუსვენია. გამოუვლია ერთ ქვრივ ქალს. მეფეს ქალი გაუჩერებია, ჯერ ამბავი უკითხავს, მერე უთქვამს, დოქით წყალი მოუტანე შენს მეფესო. ქალს სახლი თურმე იქვე ახლოს სდგმია. გახარებულს ეზოში შეურბენია და მეფისათვის დოქით წყალი მოუწოდებია, თან ხონჩით თორნიდან ამოღებული ცხელ-ცხელი ხაჭაპური და ტაბაკად შებრაწული წიწილა მიურთმევია. მეფეს ქალის სითამამე და სიყოჩაღე მოსწონებია და თავისი ამალისათვის უთქვამს: „უყურეთ მის საქციელსო!“ ამ ამბის მერე ჩვენს სოფელს დარქმევია მისაქციელი (გრიშა ივანეს ძე ზაქაიძე, სოფ. მისაქციელი, 1969 წ.).

მეორენაირი ხალხური ვერსიით აქ ერთხელ ცნობილ ქართველ ქალს ანაბაჯის ჭიდაობაში ერთი ფალავანი დაუმარცხებია. იქ დამსწრე ხალხს ყიჟინა დაუცია. უყურეთ მის საქციელსო! ორივე ლეგენდა ჩაუწერია და გამოუქვეყნებია ალ. ღლონტს.

მისაქციელი ქართული საისტორიო წყაროებში XIV საუკუნიდან ჩნდება. სწორედ საფურცლე- მისაქციელზე გადიოდა ტფილის-მცხეთიდან შიდა ქართლისაკენ (მუხრან-ძალისწილკანი) მიმავალი ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გზა. სოფელ მისაქციელიდან მიიქცეოდა (უხვევდა, მიემართებოდა) ცენტრალური ქართლის მნიშვნელოვან საეკლესიო (წილკანი) და ეკონომიკურად ძლიერ სოფელ-ქალაქებისაკენ (ძალისი, მუხრანი, აღაიანი… სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალი. ამ ფაქტთან არის დაკავშირებული სოფლის სახელწოდების წარმოქმნაც.

ძველ საქართველოში ამგვარი გზასაქცევები (მისაქციელები) არაერთი ყოფილა; ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ბატონიშვილი თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმს სხვა მისაქციელთაგან გარჩევის მიზნით არაგვის მისაქციელს უწოდებს.

მისაქციელის ტიპის მიკროტოპონიმები საკმაოდ ხშირია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთსა და გურია-აჭარაში (მოსაქცევი. მოსაქციელი, გადასაქციელი…).

მისაქციელი მოხსენიებულია 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. იგი სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო.

მეურნეობის მთავარი დარგები ყოველთვის იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მევენახეობა. XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მეტად გაიზარდა დარიალ-არაგვის გზის მნიშვნელობა. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გამავალ გზაზე მისაქციელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად იქცა.

ბერი ეგნატაშვილის ცნობით ირანში წასვლის წინ გიორგი სააკაძე და ნუგზარ არაგვის ერისთავი მისაქციელში შეხვდნენ ერთმანეთს.

1778 წელს ერეკლე II-ის ვაჟმა ლევანმა მისაქციელთან სასტიკად დაამარცხა ლეკები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები