მოაი
მოაი – (რაპანუის ენა moai გამოსახულება, სტატუეტი, ქანდაკება), მონოლითური, დიდი ზომის, ადამიანის ფორმის ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე (აღმოსავლეთი პოლინეზია). ფიგურებს რაპანუის ხალხი ამზადებდა ვულკანურ კრატერ რანორარაკუში, კუნძულის ჩამქრალ ვულკან ტერევაკას დაბალ მთისწინეთში, სადაც დაახლოებით 500 წლის მანძილზე, მე-18 საუკუნის ადრეულ წლებამდე, ქვის სამტეხლო იყო მოწყობილი. კუნძულზე აღმოჩენილი, ვულკანური ტუფისგან (დაწნეხილი ვულკანური ფერფლი) დამზადებული 900-ზე მეტი ქანდაკების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სამტეხლოში გამოიკვეთა დაახლოებით ახ. წ. 1250-1500, სხვა მონაცემებით 1400-1600 წლებში. კრატერის მიდამოებში შემორჩენილია 397 დაუსრულებელი ქანდაკება. დასრულებული სკუპლტურები სამტეხლოდან ძირითადად სანაპიროზე გადაჰქონდათ, დგამდნენ პირით კუნძულის სიღრმისკენ, ზოგიერთ მათგანს თავზე ადგამდნენ პუკაოს, მოწითალო ფერის მსუბუქი ვულკანური ქვისგან დამზადებულ ცილინ-დრს (სურ. 2). მოაის საშუალო სიმაღლეა დაახლოებით 4 მ, მისი თავის საშუალო სიგანე 1,48 მ, საშუალო სიგანე საფუძველთან დაახლოებით 1,6 მ, სხვადასხვა მონაცემებით იწონის 12,5-13,8 ტ. ყველაზე მაღალი აღდგენილი მდგომარე მოაი, სახელად პარო, დგას ტე-პიტო-ტე-კურას აჰუზე. მისი სიმაღლე თითქმის 10 მეტრია, წონა ზოგიერთი მონაცემით 82 ტონას აღწევს, თუმცა ეს შეფასება, შესაძლოა, ძლიერ გადაჭარბებულია. დამატებით.