მორეტო აგუსტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგუსტინ მორეტო

აგუსტინ მორეტო − (მორეტო ი კავანია აგუსტინ, ესპ. Agustín Moreto y Cavana, 1618-1669), ესპანელი დრამატურგი.

განათლება ალკალის უნივერსიტეტში მიიღო. 1642 წელს სასულიერო პირი გახდა. სიცოცხლის ბოლოს შეწყვიტა ლიტერატურული მოღვაწეობა და მონასტერში განმარტოვდა. ანდერძით მთელი თავისი ღატაკებს დაუტოვა, დაკრძალვა კი დამნაშავეთა სასაფლაოზე ისურვა. მისი შემოქმედებაც, ისევე როგორც სორი{ლ}იასი, არ გამოირჩევა სიახლით და ორიგინალური მიგნებებით. არ ჰქონდა მდიდარი შემოქმედებითი ფანტაზია, და ამიტომაც უპირატესობას ანიჭებს უკვე ცნობილი სიუჟეტების გადამუშავებას. მორეტო წერის ოსტატია, რომელმაც იცის პიესის მოქმედების ფსიქოლოგიური ხაზის სწორად აწყობა, მართებული დრამატული სვლების მოძებნა და ამის საფუძველზე ინტრიგის ჰარმონიულად განვითარების აგება.

აგუსტინ მორეტო-ი-კავანიას ისტორიული პიესებიდან გამოვყოფდით „დევნილ მეფეს” (1661), რომლის თანაავტორებიც არიან ლუის ბელმონტი და ანტონიო მარტინეს დე მენესესი. ეს არის დრამა რუსეთის ცუდ, არასტაბილურ დროებაზე. ლოპე დე ვეგას და კალდერონის მსგავსად, ის მეფეს ხალხის ფონზე წარმოგვიდგენს. პიესის მეორე აქტი, რომელიც სრულად მორეტოს დაწერილია, შეიცავს ანტიკლერიკანულ სცენებს – მონასტრის ცხოვრების თამამ კრიტიკას.

მორეტოს პოპულარობა „ხასიათის კომედიებმა” მოუტანეს. პირველ რიგში ფსიქოლოგიურმა შედევრმა „გულგრილობა გულგრილობის წილ” (1654). ეს არის დონ კარლოსის ისტორია, რომელმაც ყალბი გულგრილობით დონა ანაში ჯერ ინტერესი გამოიწვია და შემდეგ თავიც შეაყვარა. სიუჟეტი ნასესხებია ლოპე დე ვეგასა და ტირსო დე მოლინასგან, მაგრამ მორეტომ შეძლო წინ წასულიყო და გაეღრმავებინა მარტივი ფაბულა, მან შეამცირა გარეგანი ქმედება, მინიმუმამდე დაიყვანა მოქმედება და ის ჩაანაცვლა ხასიათების დეტალური დამუშავებით, პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის ლოგიკური განვითარების ჩვენებით.

მორეტოს კიდევ ერთი ცნობილი კომედიაა „ლამაზი დონ დიეგო” (1652) − გონებამახვილური და მიზანმიმართული კარიკატურა უზომოდ პატივმოყვარე, საკუთარ თავზე შეყვარებულ დიდგვაროვანზე, რომლის სახელიც ხალხში განზოგადდა და ის ცარიელ, ყეყეჩ, მუქთახორა დიდგვაროვნების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა.

მორეტოს დრამატურგიით სრულდება ნაციონალური ესპანური დრამის „ოქროს ხანა”. ერთი მხრივ, ეს დასტურია ჰუმანური ტრადიციების სიმტკიცისა და მეორე მხრივ კი − სულ უფრო და უფრო გაღრმავებული კრიზისისა ესპანურ კულტურაში. ეს დაღმა სვლა ათწლეულები გაგრძელდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები