მძიმე დეპრესიული ეპიზოდი
მძიმე დეპრესიული ეპიზოდი - როდესაც დეპრესიული აშლილობა მწვავდება, დეპრესიული ეპიზოდის ყველა დამახასიათებელი სიმპტომი უფრო ინტენსიურად ვლინდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტი შეძლებს სოციალური ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. ჰიგიენის ელემენტარული წესებისა და კვების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს პაციენტის კეთილდღეობას. ფსიქომოტორულმა შენელებამ შესაძლებელია პაციენტთან ინტერვიუ გაართულოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს. ზოგჯერ ვითარდება ბოდვითი აზრებიც და ჰალუცინაციებიც. ასეთი მდგომარეობა ფსიქოზური დეპრესიის სახელითაა ცნობილი.
მწვავე დეპრესიული ეპიზოდის დროს განვითარებული ბოდვითი იდეები იმავე ხასიათისაა, რაც საშუალო სიმძიმის დეპრესიული აზრები. ამიტომ მათ გუნებ-განწყობის კონგრუენტული ბოდვითი აზრები ეწოდება. ესენია: თვითდამცირება, თვითბრალდება, აზრები ავადმყოფობისა და, უფრო იშვიათად, ქონების დაკარგვის შესახებ. თვითბრალდების ბოდვის დროს პაციენტს შესაძლოა სჯეროდეს, რომ უმნიშვნელო თაღლითობის გამო, მაგალითად, პირადი შემოსავლების დეკლარირებისას ინფორმაციის მცირე უზუსტობისთვის, მას სასტიკად დასჯიან და დაამცირებენ. მიაჩნია, რომ მსგავსი სასჯელი ნამდვილად დაიმსახურა. იპოქონდრიული ბოდვების მქონე პაციენტი დარწმუნებულია, რომ სიმსივნე ან ვენერიული დაავადება აქვს. გაღატაკების ბოდვისას პაციენტს მიაჩნია, რომ მთელი ფული დაკარგა რაიმე ბიზნესწამოწყებაში (რაც არ არის ადეკვატური). შესაძლოა, თავი იჩინოს დევნის ბოდვამაც. პაციენტს მიაჩნია, რომ გარშემომყოფები მასზე დამამცირებლად საუბრობენ ან მასზე შურისძიება სურთ. როდესაც დევნის ბოდვა დეპრესიული სინდრომის ფარგლებშია, პაციენტი ძირითადად საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ ის იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ზოგიერთი პაციენტის ბოდვა და ჰალუცინაციები აშკარა კავშირში არ არის დეპრესიულ გუნებ-განწყობასთან, ანუ გუნებ-განწყობის არაკონგრუენტული ფსიქოზური სიმპტომებია, რაც მეტად ართულებს დაავადების პროგნოზირებას.
კოტარის სინდრომი
განსაკუთრებით მძიმე დეპრესიული ბოდვები დამახასიათებელია კოტარის სინდრომისათვის (Cotard's syndrome), რომელიც ფრანგმა ფსიქიატრმა კოტარმა აღწერა 1882 წელს. ამ სინდრომის დამახასიათებელი თვისებაა უკიდურესად ნიჰილისტური ბოდვები. მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება ჩიოდეს, რომ განადგურებული აქვს ნაწლავები ისე, რომ ვერასდროს შესძლებს ექსკრემენტის გამოყოფას. ზოგიერთმა შესაძლოა ამტკიცოს, რომ ღატაკია და ვეღარასდროს შესძლებს მომავალში ფულის შოვნას. ზოგს კი ღრმად სჯერა, რომ ოჯახი ამოუწყდა და თვითონაც გარდაცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომების უკიდურესი სიმძიმე შეშფოთებას იწვევს, ასეთი შემთხვევები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა მძიმე დეპრესიული აშლილობებისაგან.