ნაძვნარების ლორწოვანა
ნაძვნარების ლორწოვანა (ლათ. Gomphidius glutinosus (Fr.) Fr. რუს. Мокруха еловая)
ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა. ჯერ ამოზნექილია, შემდეგ – გაშლილი, ცენტრში ოდნავ ჩაზნექილი, შეკეცილი კიდეებით, ლორწოვანი ზედაპირით; ნაცრისფერი ყავისფერ-შოკოლადისფრამდე, ზოგჯერ იისფერი. ფირფიტები დაღმავალი, სქელი, მეჩხერი, ბლაგვი. კიდეები ჯერ მონაცრისფროა, შემდეგ – მოშავო.
ფეხი – 5-10X1-2 სმ, ჩვეულებრივ, თანაბარი სისქისა და სწორი, ლორწოიანი ზედაპირი აქვს, ზოგჯერ შავი ქერცლებით; ზემოთ თეთრია, ქვემოთ – ყვითელი; ნორჩობაში ქუდის კიდე და ფეხი შეერთებულია თეთრი აფსკისებრი საბურველით, რომელიც ფირფიტებს ფარავს, შემდეგ იგი სკდება და ფეხის ზედა ნაწილში ტოვებს საყელოს, რომელიც მალევე ქრება.
რბილობი – თეთრია, ფეხის ძირში –– ყვითელი, მკვრივი.
სპორები – 16-22X5-7,5 მკმ; თითისტარისებრი, ნაცრისფერ-ყავისფერი, სპორების მტვერი – მუქი ყავისფერი. იზრდება ნაძვნარ და შერეულ ნაძვნარ ტყეებში ზაფხულობით და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.
საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული.·