რკინაბეტონის კონსტრუქციების დეფორმაცია
რკინაბეტონის კონსტრუქციების დეფორმაცია – რკინაბეტონის კონსტრუქციების ჩაღუნვები და გადაადგილებები მოქმედი დატვირთვების შედეგად. ის არ უნდა აღემატებოდეს შემდეგი მოთხოვნებით დადგენილ ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობებს:
ა) ტექნოლოგიურს (ამწეების, ტექნოლოგიური დანადგარების, მანქანებისა და სხვათა ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფა);
ბ) კონსტრუქციულს (დეფორმაციების შემზღუდველი მოსაზღვრე ელემენტების გავლენისა და მოცემული ქანობების შენარჩუნების უზრუნველყოფა);
გ) ფიზიოლოგიურს (მავნე ზემოქმედებებისა და დისკომფორტის შეგრძნების თავიდან აცილების უზრუნველყოფა რხევების დროს);
დ) ესთეტიკურ-ფსიქოლოგიურს (კონსტრუქციების გარეგნული შესახედაობის სასურველი შთაბეჭდილებისა და საშიშროების შეგრძნების არიდების უზრუნველყოფა).
დასაშვები ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები მოყვანილია ნორმატიულ-საცნობარო ლიტერატურაში. კონსტრუქციული ელემენტების ჩაღუნვებისა და გადაადგილებების უფრო ფართო დიაპაზონის მონაცემების გათვალისწინება მიზანშეწონილია სათანადო ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით. დეფორმაციები გაანგარიშებულ უნდა იქნეს: ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნების მიხედვით – მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებაზე; ესთეტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხოვნებით – მუდმივი და ხანგრძლივი დატვირთვების მოქმედებაზე. მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებისას რკინაბეტონის კოჭისა და ფილის ჩაღუნვა, ყველა შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს მალის 1/150 და კონსოლის შვერილის 1/75, ამწისქვეშა კოჭებისათვის – 1/500, სახუ-რავებისათვის – 1/250, სართულშუა გადახურვებისათვის – 1/400 და ა.შ. ზღვრული დასაშვები ჩაღუნვების მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს სამშენებლო აწევის სიდიდით, თუ ეს არ იზღუდება ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნებით.