სამადაშვილი ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო სამადაშვილი

სამადაშვილი ნიკო – (1905 – 1963), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ხიდისთავში (გორი). მისი მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. მისი ცხოვრების პერიოდში ერთი ლექსიც არ დაბეჭდილა მიუხედავად იმისა, რომ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც, განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში. 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროებები და უკიდურესი სიდუხჭირე ცხოვრების ბოლომდე სდევდა სამი შვილის მამას. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ხოლო პირველი კრებული „ბეთანია“ გამოვიდა 1973 წელს და მომდევნო – 80-იან წლებში.


დარდი ბუხართან
ცივა, ნაღველი მედება გულზე,
თოვლია გარეთ, აღარც გზებია,
ენთე, ბუხარო, და იგუზგუზე,
მე მაინც სითბო არ მღირსებია.
კვამლო, არ შეწყდე, გასწიე ზევით,
გაჭვარტლე ზეცა, ღმერთმაც ვერ გვძლიოს,
უსაზღვროება ისე შესუდრე,
რომ ჩემს პლანეტას გზა აერიოს.
წარმავალობა მიზიდავს უღრანს,
იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები,
არარაობა დაიწყებს ღრენას,
და იკივლებენ ეს საფლავებიც.
ჩამხრჩვალი სივრცე ყრუთ იშიშინებს,
ხმას გაიკმენდავს ზღვა და გრიგალი.
ვინ იცის, რამდენ მზეს შეაშინებს...
ჩემო პლანეტავ, შენი ღრიალი.
ზეცა ათასგან დაიღრიცება.
კვამლს მოედება დროთა ისარი.
სამყარის გაღმა ჩაივლის ვიღაც,
ჩაფიქრებული, როგორც მისანი.
ღამეა, ბუხრის ცეცხლი გუზგუზებს,
გარეთ ტირიან ცივი მინდვრები.
ვზივარ, სიცოცხლეგაბეზრებული,
სისხლი მიშრება, ვატყობ ვფითრდები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები