სენტის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენტის ეკლესია

სენტის ეკლესია − ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლი. ეკლესია მდებარეობს დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, სოფ. სენტაში მდ. თებერდას სანაპიროზე შემაღლებულ ადგილას, გორაზე.

ადგილობრივთა გადმოცემით, სენტი ეწოდებოდა ქვის ძეგლს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ინახებოდა მონასტერში. სენტი ქართული სვეტის იდენტური უნდა იყოს (მიბჩუანი, 1986:81). ადგილებში, სადაც სეტი/სენტი გვხვდება სახელწოდებად, აშენებულია სამლოცველოები. თებერდას სენტში ზემოთხსენებული მონასტერი დგას, ხოლო სვანეთის სეტში წმ. გიორგის ეკლესია. სენტის ტაძარი მეცნიერულად პირველად შეისწავლა გერმანელმა მეცნიერმა ბერნადაცმა 1829 წელს. სენტი რომ სვეტს ნიშნავს, ამას აღნიშნავს ა. დიაჩკოვა-ტარასოვაც, რომელმაც ასევე შეისწავლა ტაძარი, „სენტი იგივე ქართული სვეტია, ქართველებმა შემოიტანეს აქ ქრისტიანობა და ის სიწმინდეები, რომლებიც შემდეგ გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში” (Дъячкова-Тарасова, 1898:4). ბერნადაცი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც XIX საუკუნეში მოინახულა ეს ტაძარი. ტაძრის შესახებ იგი წერს; „ინტერიერი დაფარულია სხვადასხვა ფრესკით. გამოსახულებით, რომლებზედაც აღწერილია ქრისტეს მიწიერი ცხოვრება, კარგად არის შემონახული ფერები. ეკლესია, ისევე როგორც გუმბათი, ჩვენამდე კარგ ფორმაშია მოღწეული. ზოგან გამოყენებულია აგური, ზოგან უმაღლესი ხარისხის გამომწვარი თიხა. ტაძრის იატაკი აყრილია ჩერქეზების მიერ, რომლებიც აქ ოქროს ეძებდნენ” (Бернадацци, 1830:189).

1829 წლიდან სენტის ტაძარი მოექცა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში, დაიწყო ტაძრის სამეცნიერო შესწავლა. 1867 წელს იგი შეისწავლეს ძმებმა ვ. მ. ნარიშკინებმა. 1886 წელს ტაძარი დაათვალერა ა. ფელიცინმა, ხოლო 12 წლის შემდეგ ტაძარი მოინახულა ა. დიაჩკოვა-ტარასოვამ. 1899 წელს ტაძარი ასევე შეისწავლა არქეოლოგმა და მხატვარმა ი. ვლადიმიროვმა. ვლადიმიროვმა დააფიქსირა უშუალოდ ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობები, გარედან კირით შეთეთრებული მისი ფრესკები.

ღვთისმშობლის გამოსახულება

გეგმით ტაძარი წარმოადგენს თანაბარმკლავიან ჯვარს სამი ეკვდერით. შენობის სიგრძე და სიგანე 8 მ-ია. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვით კარგად თლილი ბლოკებით და კირხსნარით. წყობაში ჩანს ბლოკები წარმართული ორნამენტებით. 1977 წელს ვლ. კუზნეცოვმა აღადგინა ტაძარი. ტაძრის მოყვანილობა შეუდარებელია, კედლებზე არ არის ბზარი, ტაძარი აგებულია კლდეზე (Кузнецов, 2002:65).

ტაძარი ფუნქციონირებდა XIX საუკუნის ბოლომდე, აქ მოღვაწეობდნენ ბერები. სწორედ მათ შეცვალეს მისი პროპორციები, რის შედეგადაც შეიცვალა ტაძრის პირველ სახე. ტაძრის თავი იყო ცილინდრის ფორმის, ჰქონდა რვა ფანჯარა და ვიწრო წაგრძელება, სამი შესასვლელი. შიგნიდან ტაძარი უბრალო და მკაცრია. იგი არ ყოფილა გათვლილი დიდ მრევლზე.

სენტის ტაძარი გამორჩეულია თავისი ფრესკებით. როგორც აღვნიშნეთ, ფრესკები პირველად დააფიქსირა ვლდიმიროვმა და აღწერა კიდეც. მანვე აღმოაჩინა ფრესკის ორი შრე. ისინი ან აღადგინეს, ანდა ზედვე შეასრულეს. ფრესკები ოსტატურად არის შესრულებული თეთრი, წითელი და მუქი ყავისფერი ფერებით. სავარაუდოდ, ცენტრალური ფიგურა ღვთისმშობელი იყო, რომელსაც ხელები ზეცისკენ ჰქონდა აღპყრობილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გამოსახულია წმინდანთა ორი ჯგუფი; თითოეულზე ოთხი ფიგურა, რომელთაც ახლავს წარწერა

ტაძრის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები: სასამართლო, აღდგომა, დასავლეთ კედელზე გამოსახულია იერუსალიმში შესვლის სცენა. ქვედა იარუსზე წარმოდგენილია მოციქულთა და ეკლესიის მამათა ფიგურები, ასევე მთავარანგელოზი შუბით ხელში.

კედლებზე იყო განთავსებული ჯვარედინი მკლავის კრებული: ლაზარეს ამაღლება, გარდაქმნა, სინამდვილეში ეს იყო დღესასწაულთა ციკლი, რომელიც თავდაპირველად შედგებოდა 12 სცენისგან.

ფრესკები ძალიან დაზიანებულია, მათი ნაწილი XIX საუკუნეში დაიკარგა, ი. ვლადიმიროვი მიუთითებდა ფრესკების ბიზანტიურ წარმოშობაზე, მაგრამ არ გამორიცხავდა სიახლოვეს ქართულთან.

სენტის ტაძრის განხილვისას საინტერესოა წარწერა, რომელიც აქ აღმოაჩინა ა. ვინოგრადოვმა მისი შესწავლის დროს. წარწერა შესრულებულია შავი საღებავით ბერძნულ ენაზე.
ქართულად წარწერა ასე ითარგმნება:

„ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს
ნიკიფორეს მეფობის დროს,
ალანიის მფლობელების
დავითის და მარიამის დროს,
დასაბამითგან 6473 წლის 2 აპრილს
წმინდა ანტიპასხის ხსენების დღეს
ალანეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შემწეობით

წარწერის მიხედვით, თარიღი უნდა გამოვთვალოთ ბიზანტიური ქორონიკონით. ამ გამოთვლით ეს გამოდის 965 წელი, სწორედ ამ დროს უნდა განახლებულიყო ან აგებულიყო ტაძარი. ამ პერიოდში მოღვაწეოდა ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონ III, რომელიც საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ატარებდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, თავისი მამის მსგავსად იღწვოდა იქ ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრებისათვის. აღნიშნული წარწერის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა ბერძნული და სავარაუდოდ, ქართული წარწერებიც, რომლებიც შესრულებულია სენტის ტაძარზე.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვვით, ტაძარი X საუკუნის უნდა იყოს, ე.ი. იმ პერიოდის, როდესაც ქართული სამეფო-სამთავროები ერთმანეთს ბრძოლით ეცილებოდნენ კავკასიაში პირველობას.

სენტის ტაძარი ძალიან ჰგავს აფხაზური ტაძრების არქიტექტურას (Чачхалиа, 2004:57). მსგავსების შესახებ აღნიშნავს რუსი მეცნიერი ვლ. კუზნეცოვი, რომელიც ცდილობს გვერდი აუაროს ქართულ კვალს ჩრდილოეთ კავკასიაში და ძეგლი დაუკავშიროს მხოლოდ აფხაზეთს. როგორც ჩანს, ის აფხაზეთს განიხილავს, როგორც არაქართულ სახელმწიფოს. ეს მაშინ, როდესაც ეგრის-აფხაზეთის მეფეები იბრძოდნენ ქართული მიწების გაერთიანებისთვის. თვით იოანე მარუშის-ძე — ეგრის-აფხაზეთის მეფის მიერ დანიშნული ერისმთავარი — საქართველოს გაერთიანების ინიციატორი იყო. ასე რომ, აფხაზთა სამეფო თავისი დაარსების დღიდან მუდმივად მოიაზრება ქართული სამეფო-სამთავროების გვერდით და განიხილება, როგორც ძირფესვიანად ქართული სამეფო.

ჯერ კიდევ ლეონ II-მ შეძლო და ეგრის-აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი გადმოიტანა ქუთაისში, მომდევნო მეფეები ცდილობდნენ უფრო გაეღრმავებინათ მათი გავლენა საქართველოს ყველა სამეფო-სამთავროზე. პარალელურად დასავლეთ საქართველოს ეკლესია ეტაპობრივად ჩამოშორდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და დაუკავშირდა მცხეთის საკათალიკოსოს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ სამეფოს ქართულობას.

სენტის ტაძარი ერთადერთი არ არის ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელზეც შეიმჩნევა ქართული კულტურის გავლენა, იქვე 15 კმ-ში არის შუანას მთაზე ამავე სახელწოდების ტაძარი, ხოლო უფრო დასავლეთით არხიზში არის კიდევ ერთი ტაძარი, რომელიც ძალიან გავს აფხაზეთში სოფ. ლიხნში მდებარე ტაძარს. გარდა ჩერქეზეთისა, ქართული ტაძრები შემორჩენილია ინგუშეთში, დაღესტანში და ჩრდილოეთ ოსეთში — ისტ. დვალეთში. აღნიშნული ტაძრების კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება.


წყარო

ხელოვნებათმცოდნეობის ეტიუდები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები