სოფელ ვანათის ციხე
სოფელ ვანათის ციხე - განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეები - ციხე მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირას. ვახუშტის მიხედვით: „მერისკს ზეით, ჩრდილოთ კერძ, არს ვანათი, პატარა ლიახვს კიდესა. მაღლა გორასა ზედა არს ციხე, სნეკვიდამ წამოსულს მცირე მთასა ზედა. ჩრდილოთ უდის პატარა ლიაცხვ, სამფრით აქუს კულბითი და ვანათი. ვანათის ციხე შემუსვრილი განაახლა შანშემ. შემუსრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის უკან ჩრდილოთ, არს კლდე მაღალი, ქარაფოვანი, მჭურეტი ლია ვსა, და მას შინა ქუაბნი გამოკუეთილნი მრავალნი. კუალად განდგა ქსნის ერისთავი შანშე და თეიმურაზ არაგვს ერისთავიცა განაძეს ოსმალთა და დასუეს რევაზ; და ეს რევაზცა არა ერჩდათ ოსმალთა, ამისათვის უბრძანა ისაყ ფაშამ მაჰმად-ყულიხანს და წარმოავლინა ახალციხის სპანი. მოვიდნენ ესენი, განაძეს რევაზ და დასუეს პაპუა ზურაბის ძე. ”მერმე მოვიდნენ, კსანი მოარბიეს და მოადგნენ ვანათის ციხესა და ქუაბიდამ მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა, არამედ ღამესა მას განივლტვენ ქუაბიდამ; იხილა შანშემ, მისცა ქრთამი ოსმალთა, ზავჰყო მათ თანა”. ციხე დგას მაღალ მთაზე. კლდოვანი მთა სამი მხრიდან მიუვალია, მხოლოდ სამხრეთიდანაა მისადგომი. ციხე გეგმით მრავალწახნაგოვანია. აღმოსავლეთით 2-3 მეტრის სისქის კედელია. ამ კედელთან კვადრატული კოშკია. ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. კოშკის მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი დაახლ. 8-9 მეტრის სიმაღლეზე. კოშკის დანარჩენი კედლები 2-3 მეტრს აღწევს. აღმოსავლეთ კედელში ერთი ვიწრო სარკმელია. სამხრეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში ზურგიანი კოშკია. კოშკიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის ნაწილები. დანარჩენი კედლების ფრაგმენტები მხოლოდ აბრისს ხაზავენ. იკითხება სამი სართული. კოშკის პირველი სართული პირდაპირ ეზოს დონიდან იწყება. დასავლეთ კედელში სწორკუთხა შესასვლელია. მისგან ჩრდილოეთით ვიწრო სარკმელია, ხოლო სამხრე-ბუხარი, რომელიც გადახურულია შეისრული თაღით. კოშკის მეორე სართულზე დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სწორკუთხა სარკმლებია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები. თითციხის ჩრდილო-დასავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია, ჩრდილოეთი კედლის დარჩენილი ნაწილის სიმაღლე 1,5-3 მეტრს აღწევს. კედლის ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიული გამონაშვერია, რომელშიც გაჭრილია შვიდი სათოფური. ასეთივე სათოფურებია გალავანშიც.
ყველაზე რთული ციხის სამხრეთი კედელია; კოშკის აღმოსავლეთით ოდნავ მომრგვალებული კედელია, რომელშიც წყვილი სათოფურია. კოშკის დასავლეთით შემორჩენილია გრძელი ნაგებობის კედლების ქვედა წყობა. ამ ნაგებობის კედლებზე მიდგმულია შესასვლელი კოშკი, რომლისგანაც შემორჩენილია პირველი სართული. აქ მოყობილია თაღოვანი გასასვლელები, კოშკის შუა ნაწილი გადახურულია კამარით. გვერდით კედლებში მოწყობილია შეისრულ-თაღიანი ნიშები. მეორე სართული ჩამონგრეულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა