სტურუა ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლია სტურუა

სტურუა ლია – (1939), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს – თსუ. 1957 წლიდან ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. მუშაობდა თსუ-ში, კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს ლექსების თორმეტი კრებული („ხეები ქალაქში“ ლექსები,1962; „ლექსები და პოემები”, 1986; „სონეტები“, 1987; „ფიქრები მზის მიწურულში“,1989; „ასი სონეტი და სხვა“, 1999; „100 ლექსი“, 2008; „დავიწყების დღე“, 2012) ასევე პროზა: „ბედნიერი სიჩუმე“ (1996) , „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (2002, შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს.


ავტოპორტრეტი
და ასე ვცხოვრობ –
თავი, მაგიდაზე დამხობილი,
რომელშიც ტკივილი გუბდება
და ორ თვალს იკეთებს
ესეც შენი შინაგანი ხედვა,
ხერხემალი მარილის სვეტად იქცევა,
სითეთრეშელახული ქაღალდი –
სინათლის წყაროდ,
ხოლო ჩემი ყველა თითის ბოლოში
ია იზრდება მელანთან განუწყვეტელი
ურთიერთობის გამო,
მაგრამ ქაღალდს ხომ არ ვეყვარები,
ან მაგიდას,
ხალხს მომღერალი ურჩევნია,
პირიდან რომ ვარდებს აფრქვევს,
მე კი ყელში
ბგერების ძვალი მაქვს გაჩხერილი
და ყრუ-მუნჯს უფრო ვგავარ,
ვიდრე სიტყვის მოყვარულს...
ერთადერთი იმედი მაცოცხლებს,
ასე მგონია, ვაჟა-ფშაველას ვუყვარვარ,
რადგან ყვავილის თავგანწირულებას
ვამჩნევ უპირველესად
და მერე იისფერობას,
მაგრამ მას ქვაც უყვარს,
რომელსაც მესვრიან,
ამიტომ შუა გზაში გააჩერებს,
ბოროტებას არ ჩაადენინებს...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები