ტარაღანა
ტარაღანა – Acipenser stellatus Pallas, 1771
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: ტარაღანა
თევზის სახეობა ზუთხისებრთა ოჯახისა. ზურგის ბალისებური ქერცლები აქვს 9-16. მუცლის – უფრო ხშირად 9-14, გვერდების –26-43, ლაყუჩთა ჩხირები –24-25. დინგი მეტად გრძელი, ვიწრო და გაბრტყელებულია; დინგის სიგრძე თავის სიგრძის 62–65%-ს შეადგენს. ბალთისნაირ ქერცლებს შორის სხეულის გვერდები, ჩვეულებრივ, დაფარულია ვარსკვლავისნაირი ფირფიტებით. ულვაშები მოკლე და უფოჩოა. ქვედა ტუჩი წყვეტილია. მკერდის ფარფლის პირველი სხივი სუსტია. სწრაფად მზარდი ფორმაა. ნ. ლ. ჩუგუნოვის მონაცემები მიხედვით აზოვის ტარაღანას მამლები სქესობრივ სიმწიფეს 5-7 წლის ასაკში აღწევენ და მათი სიგრძე 93- 130 სმ-ია, დედლები კი – 10-13 წლის ასაკში, რომელთა სიგრძე 129-165 სმ-ს აღწევს, ე. ი. აზოვის ტარაღანა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მტკვრის ტარაღანა.
სარჩევი |
გავრცელება
ტარაღანა რიონში შავი ზღვიდან იჭრება. იგი ქუთაისამდე აღწევს. გადადის აგრეთვე მდინარე ჭოროხშიც (უმთავრესად ამ მდინარეების შესართავების ახლოს ბინადრობს). ცალკეული ეგზემპლარები მოიპოვებიან პალიასტომის ტბაში. ის გავრცელებულია შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებში, შავ ზღვაში დიდი რაოდენობით არ მოიპოვება.
ტარაღანა გამსვლელი თევზია, რომელიც შერეულ, ფსკერულ და პელაგიურ ცხოვრებას ეწევა. ზღვაში ღამით უფრო ზედა ფენებს ეტანება და საკვებისათვის ამოდის. ისინი შორეულ მიგრაციებს ახდენენ.
ტოფობა
ტიფობა მდინარეში ხდება. სატოფო ადგილად ტარაღანა უმთავრესად მდინარის წვრილკენჭიან უბნებს ირჩევს. ქვირითს ყრის აპრილის ბოლოდან აგვისტოს დამლევამდე. ქვირითის რაოდენობა საშუალოდ 155 ათასიდან 240 ათას შორის მერყეობს.
განვითარება
ქვირითი ფსკერულია. იგი სუბსტრაქტზე ეწებება. ქვირითის დიამეტრი 2,8–3 მმ-ს აღწევს. კვერცხის განვითარება გრძელდება 18-20° წყლის ტემპერატურის პირობებში. გამოჩეკილი ლარვა 6-9 მმ სიგრძისაა. ათი დღის ასაკის ლარვრა 17-20 მმ სიგრძეს აღწევს. რამდენიმე კვირის ან ერთი თვის შემდეგ ზღვაში ეშვება. სიგრძით 2 მეტრამდე იზრდება, ზოგიერთი ეგზემპლარი 27 კგ-მდე იწონის. მტკვრის ტარაღანა ვოლგისა და აზოვის ფორმასთან შედარებით უფრო პატარაა (115-143 სმ), წონით 5,2-11,2 კგ-მდე აღწევს.
კვება
ტარაღანა მდინარეში კვებას იწვებს ერთი კვირის ასაკში (საყვითრე პარკის რეზობციამდე), იჭერს Chironomidae დაHydropsichidae-თა ლარვებს. ზღვაში ჩაშვებისას ტარაღანა პატარა კიბოებითა და ღორტავებით იკვებება; ხოლო ზრდასრული ტარაღანა უმთავრესად იკვებება თევზებით, ღორჯოებით, კასპიის კილკითა და მოლუსკებით.
ტარაღანა ძვირფასი სარეწაო თევზია. აზოვის ზღვაში ტარაღანას მთლიანი მოპოვების 39%, მოდის, შავ ზღვაში –2,6%, ხოლო კასპიის ზღვაში – 58,4%. ძირითადად მათ დასაჭერად ხმარობენ: ჩასადგამ ბადეებს, მისატყუებელ ჩანგლებს, სასროლ ბადეებს და სხვ..
გამოყენება
ტარაღანას ხორცი კარგი გემოთი გამოირჩევა. მას შეგრილებული და გაყინული სახით ამზადებენ; აგრეთვე იყენებენ შებოლვილი ნაჭრების დასამზადებლად. ხიზილალა კარგი ხარისხისაა.