ტიგლათფილესერ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიგლათფილესერ I-ის რელიეფური გამოსახულება ქვაზე

ტიგლათფილესერ I – (თუქულთი აფილ-ეშარა – „თუქულთი ჩემი შემწეა“; ძვ.წ.1115-1077), ასურეთის რიგით 37-ე მეფე, აშურ-რეშ-იში I-ის ძე.

ე.წ. „წარწერა პრიზმაზე“ გვამცნობს, რომ მეფობის მესამე წელს (ძვ.წ.1112) ტიგლათფილესერ I-მა ილაშქრა ნაირის ქვეყნების 23 მეფის წინააღმდეგ, რომელთაც ხელმძღვანელობდა დიაოხის მეფე სიენი. კოალიციის დამარცხების შემდეგ ტიგლათფილესერ I-მა სიესი წაიყვანა აშურში, სადაც ამ უკანასკნელმა ერთგულება შეჰფიცა ასურელებს. მოგვიანებით ასურელებმა კვლავ ილაშქრეს ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ და მიაღწიეს შავ ზღვამდე. ამ ლაშქრობების შესახებ მოგვითხრობს ვანის ტბის რაიონში კლდეზე ამოკვეთილი წარწერა. ტიგლათფილესერ I-მა ორჯერ ილაშქრა ბაბილონის წინააღმდეგ. მეორე ლაშქრობის შედეგად მან ააოხრა დურქურიგალზუ და ბაბილონი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არამეელების წინააღმდეგ ბრძოლას. ტიგლათფილესერ I-მა 28-ჯურ გადალახა ევფრატი. თადმორის (პალმირა) რაიონში ასურელებმა გაანადგურეს არამეელები, გადალახეს ლიბანის მთები, ფინიკია და მიაღწიეს სიდონს. ტიგლათფილესერ I-მა მოაწყო გემით სეირნობა და დელფინებზე ნადირობა. ლაშქრობებმა მას დიდი სახელი შესძინა, თუმცა ამ ომებს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. ასურეთმა ვერ შეძლო ევფრატის არა თუ დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე გამაგრება. იგი დიდად იყო დაინტერესებული ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით, ნადირობითა და ლიტერატურით. მანვე ჩაუყარა საფუძველი პირველ ბიბლიოთეკას ასურეთში. მისი სიკვდილის შემდეგ ასურეთმა მალე დაკარგა პოლიტიკური ძლიერება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები