ფორონჯი
ფორონჯი – Acipenser sturio Linnaeus, 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: ატლანტური ზუთხი
თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ფორონჯი გავრცელებულია ევროპის სანაპიროებზე ნორდკაპიდან დაწყებული ბალტიის, ხმელთაშუა და შავ ზღვამდე, ჩრდილო ამერიკაში სამხრეთ კოროლინიდინ ჰუდსონის უბემდე. ტოფობისათვის შემოდის საქართველოს მდინარეებში, რიონსა და ენგურში.
ბიოლოგია
ფორონჯი გამსვლელი თევზია და პატარა გუნდის სახით იკრიბება ზღვის უბესთან, რომელიც გამტკნარებულია მდინარეებით. ტოფობას მდინარეებში ახდენს და ირჩევს ქვა-კენჭიან ფსკერს სწრაფი დინებით, სადაც ტემპერატურა მერყეობს 7-22° პირობებში. ტოფობის ადგილი მაგ. რიონში დადგენილია ქ. სამტრედიიდან სოფ. ბაშამდე. ტოფობა ხდება აპრილის ბოლოდან მაისში; მდ. ენგურში ფორონჯი სოფ. ჯვარამდის აღწევს.
ქვირითი მწებავია და საგნებს ემაგრება. კვერცხის დიამეტრი 2,6-3 მმ-ია. ქვირითის განვითარება 3-დან 13 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება, თუ წყლის ტემპერატურა 7,7-სა და 12.2° შორის შერყეობს. გამოჩეკილი ლარვას სიგრძეა 9,3-11 მმ, საყვითრე პარკის სრული შეწოვა ორ კვირამდე გრძელდება, რომლის შემდეგ ლარვები დამოუკიდებელ აქტიურ კვებაზე გადადიან. ახალგაზრდები შემოდგომაზე უკან ეშვებიან მდინარის შესართავში, შავ ზღვაში ფორონჯი სიცოცხლის 9-18 წლის ასაკში იწონის 12-47 კგ-ს. მამლები სქესობრივ სიმწიფეს 7-9 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო დედლები – 8-14 წლის ასაკში. ლარვები მდინარეში იკვებებიან კიბოსნაირებით (დაფნიებით), ახალგაზრდები ზღვაში – კიბოებით, ხოლო ზრდასრული ფორმები – ფსკერული ცხოველებით: ჭიებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით და წვრილი თევზებით.
ფორონჯს უმთავრესად მდინარეში ჩასადგმელი და მცურავი ბადეებით, დიდბადეებითა და ჩანგლებით იჭერენ. ფორონჯის ხორცი კარგი ხარისხისაა.