ფსევდოჰალუცინაციები
ფსევდოჰალუცინაციები - ეს ტერმინი მიუთითებს გამოცდილებაზე, რომელიც ჰალუცინაციების მსგავსია, მაგრამ არ აკმაყოფილებს მისი დეფინიციის ყველა მოთხოვნას. ამ ტერმინს ორი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და არც ერთი მათგანი არ პასუხობს „ნამდვილი“ ჰალუცინაციის კრიტერიუმებს.
პირველი მნიშვნელობის მიხედვით, ფსევდოჰალუცინაცია არის სენსორული გამოცდილება, რომელიც ნამდვილი ჰალუცინაციისაგან შემდეგი ნიშნით განსხვავდება: პაციენტისთვის ჰალუცინაცია არ მიეკუთვნება გარე სინამდვილეს ანუ ის ლოკალიზებულია გონებაში და არა გარე სამყაროში. ამ მხრივ ფსევდოჰალუცინაციები ჰგავს წარმოსახვით ხატებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ნებისყოფის ძალისხმევით ფსევდოჰალუცინაციის გაქრობა შეუძლებელია.
მეორე მნიშვნელობის მიხედვით, სენსორული გამოცდილება თითქოს გარე სამყაროდან მომდინარეობს, მაგრამ პაციენტმა იცის, რომ ის რეალობას არ შეესაბამება.
კლინიკური თვალსაზრისით რთულია ფსევდოჰალუცინაციების ამ ორივე განმარტების გამოყენება, რადგან პაციენტები თავიანთი გამოცდილების დეტალურად აღწერას იშვიათად ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ, მაინც შესაძლებელია იმის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა მოცემული პერცეპტული გამოცდილება ნამდვილ ჰალუცინაციას, რამდენადაც მხოლოდ ეს უკანასკნელი არის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის მატარებელი. თუ გამოცდილება ჰალუცინაციას არ წარმოადგენს, ის აუცილებლად უნდა იქნეს აღწერილი, მაგრამ მისი, როგორც ამა თუ იმ სახის ფსევდოჰალუცინაციის, იდენტიფიცირება არ არის საჭირო.