ჩალყიღა ჩიღიუ
ჩალყიღა ჩიღიუ (ბალყ.-ყარაჩ. Чалкъыгъа чыгъыу – „სათიბად გასვლა“) – საშემოდგომო ციკლის ბალყარულ-ყარაჩული დღეობა, დაკავშირებული სათიბად გასვლასთან.
პირველი საშემოდგომო თვე კოლექტიური თიბვით იწყებოდა და რამდენადაც იგი საზეიმო დღედ ითვლებოდა, დიდხანს არ მუშაობდნენ; შეიძლება ითქვას, რომ ეს საწესო თიბვა იყო. თიბვის დაწყებას წინ სადღეობო სამზადისი უსწრებდა: კლავდნენ სამსხვერპლო ცხვარს, აცხობდნენ სართიან ღვეზელებს, ამზადებდნენ მათრობელა სასმელს და სხვ. სათიბში მისული მამაკაცები უზენაესის სადიდებელს იტყოდნენ და შრომაში დახმარებას თხოვდნენ. მთიბავთა თავკაცს (джыйын башчы) ჰყავდა თანაშემწე (теке – „თხა“) რომლის მოვალეობას მშრომელთა გართობა წარმოადგენდა. თხის ნიღბიანი თანაშემწეს შეეძლო, დაეცინა ზარმაცისთვის, მძიმე შრომას მიუჩვეველისთვის და ა. შ. შინ მობრუნებული მთიბავები კვლავ ილოცებდნენ და საწესო სუფრას მიუსხდებოდნენ.
ლიტერატურა
- Шаманов И. М. Народный календарь карачаевцев // Советская этнография. М., 1971, № 5;
- Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.