ცერცვაძე თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ცერცვაძე

ცერცვაძე თემურ − (1964), ქართველი პოეტი და მწერალი. დაიბადა თბილისში. დავამთავრე თბილისის 61-ე საჯარო სკოლა, შემდეგ − თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული და პროზის ერთტომეული − „გვირგვინოსანი”. მწერალთა სახლში ყოველწლიურად ატარებს შემოქმედებით საღამოებს და ფესტივალს – „მუზების ვალსი”, „ერთი წიგნის აუქციონი”. ხელმძღვანელობს „თავისუფალ შემოქმედთა გაერთიანებას”.


* * *
როგორც იქნა, დავწყნარდი და დავცხრი,
ჩემთვის ვარ და მეჩქარება არსად,
უამრავი განვიცადე მარცხი,
ერთადერთი გამარჯვების ფასად.
რა უაზროდ გამეფლანგა წლები,
რა ტყუილად ვაფრიალე დროშა,
ახლა მზეზე აჩრდილივით ვწვები
და მიწისგან უსასრულოდ შორს ვარ.
ახლა ისეთ გრძნობებით ვარ სავსე,
ისეთია ამ ღიმილის მალვა,
როგორც სკოლის მივიწყებულ გზაზე,
გათეთრებულ სიბერეში გავლა.
ხეებიდან წვიმის წყალი წვეთავს,
ვხედავ ცრემლებს უკანასკნელ ფოთლის
და კუთხეში მოსროლილი სევდა,
გდია, როგორც საწამლავის ბოთლი.
დროსთან ერთად მოვისროლე ქნარიც,
აელვარდა სასწაულის განცდა,
წამით მაინც ხომ გაიხსნა კარი,
წამით მაინც სული ღრუბლებს გასცდა.
სხვას აჩუქეთ კარეტა და რაში,
ვინც კი ნახოთ ამ ყველაფრის ხამი...
მე დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლში,
მე დავბრუნდი! თქვენ დამლოცეთ! ამინ!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები