წყალზედა ხომალდი
წყალზედა ხომალდი – სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შემავალი საბრძოლო ხომალდი ან სპეციალური დანიშნულების ხომალდი. წყალზე ტივტივის პრინციპის მიხედვით იყოფა ტივტივის წყალწყვითი (ტივტივებენ კორპუსის წყალში ჩასულ ნაწილზე წყლის დაწნევის ჰიდროსტატიკური ძალების ხარჯზე) და ტივტივის დინამიკური პრინციპების მიხედვით – გლისერებად, ჰაერბალიშიან (კავერნიან), წყალქვეშაფრთიან, ეკრანმცურავ ხომალდებად.
ენერგეტიკული დანადგარის ტიპის მიხედვით იყოფა – ატომურ, ორთქლტურბინიან, დიზელიან, აირტურბინიან და კომბინირებულ ენერგეტიკულ დანადგარებად. კორპუსის მასალის მიხედვით შეიძლება იყოს ფოლადის, მსუბუქი შენადნობების, პლასტმასის, ხისა და სხვა.
ამძრავის ტიპის მიხედვით – ხრახნიანი, ფრთიანი ან წყალსატყორცნმოძრავიანი;
კორპუსის არქიტექტურის მიხედვით – ერთი, ორი და სამკორპუსიანი (კატამარანები, ტრიმარანები).
დანიშნულების, შეიარაღების, წყალწყვის და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტების მიხედვით წყალზედა ხომალდები იყოფა ჯგუფებად, კლასებად, ქვეკლასებად და ტიპებად, აგრეთვე რანგებად.
თანამედროვე ფლოტების შემადგენლობაში არის ავიამზიდი ხომალდები, სარაკეტო-საარტილერიო, ნავსაწინააღმდეგო, ნაღმსატრალავი, სადესანტო (ამფიბიური), სპეციალური დანიშნულების ხომალდები და სხვა.
წყალზედა ხომალდის შეიარაღებაში არის სარაკეტო, სარაკეტო-სატორპედო, საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო, სარაკეტო-საარტილერიო, ნავსაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო კომპლექსები. ისინი აღჭურვილია ნავიგაციის, მართვის და კავშირგაბმულობის მრავალფუნქციური რადიოელექტრონული საშუალებებით, წყალქვეშა ნავების ძებნის და აღმოჩენის ჰიდროაკუსტიკური კომპლექსებით, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მათ აქვთ მაღალი საზღვაოსნო თვისებები, დიდი ავტონომიურობა და სიცოცხლისუნარიანობა. შეადგენენ სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ძალებს და წარმოადგენენ საერთო დანიშნულების საზღვაო ძალების საფუძველს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017