ჭოტი
ჭოტი (ლათ. Athene noctua Scopoli, 1769) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭოტი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბუსნაირნი (Strigiformes)
- ოჯახი − ბუსებრნი (Strigidae)
- გვარი − ჭოტი (Athene)
ჭოტი საშუალოზე პატარა ფრინველია, ფრთა 150-180 მმ-ია, ნისკარტი – 13-14 მმ, წონა – 155-260 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობით დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ დიდი განსხვავებაა ქვესახეობებს შორის და ცვალებადობს მუქი მურადან ღია მოქარცისფრომდე და მოთეთრომდეც კი. მუქი შეფერილობის ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მოთეთრო კოპლებით. მუცლის მხარეს მოთეთროა, გასწვრივი მურა ლაქებით. თხემსა და კეფაზე წაგრძელებული თეთრი წინწკლებია. კისერზე ეს წინწკლები უფრო დიდებია; მხრებზე, ზურგსა და ფრთებზე აქვს თეთრი ლაქები, თუმცა დაფარულია ბუმბულის მუქი ნაწილებით. მომქნევები მურაა, განივი მოთეთრო ზოლებითა და მორუხო წვეროებით. საჭის ბუმბულები მურაა, 45 მოთეთრო-ცვილისფერი განივი ზოლით. ყელი თეთრია. ჩიჩახვი, მკერდი და მუცელი მოთეთროა, მურა გასწვრივი ლაქებით. სახის დისკო თეთრია, მაგრამ ყურების მფარავებზე მურა ლაქებია. თითები შემოსილია მოთეთრო-რუხი ჯაგრისმაგვარი ბუმბულებით. ნისკარტი ცვილისფერ-ყვითელია, ბრჭყალები შავია.
ცნობილია 13. ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრეთ-ევროპული ჭოტი – A. n. indigene Brehm., 1855. იგი აღწერილისაგან გამოირჩევა უფრო ღია და მოქარცისფრო შეფერილობით. მუცლის მხარეზე ნაკლებად კონტრასტულია, ხოლო კუდზე განივი ზოლები სუსტადაა გამოხატული.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, არაბეთის ნახევარკუნძულს, მცირე, წინა და ცენტრალურ აზიას; ევროპაში ჩრდილოეთი საზღვარი გადის ინგლისიდან, ბალტიის ზღვის სამხრეთი სანაპიროებით, ფსკოვზე, ყაზანზე, ორენბურგზე, ყაზახეთში, მონგოლეთში, მანჯურიაში, კორეამდე. სამხრეთით ვრცელდება საჰარამდე, სუდანამდე, ეთიოპიამდე, შემდეგ არაბეთში, პაკისტანში, ტიბეტში, ჩინეთში და კორეის ცენტრალურ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობს ღია ლანდშაფტში, როგორც დაბლობებში, ისე მთებში. ჩრდილოეთში – უპირატესად კულტურულ ლანდშაფტში – ბაღებში, პარკებში, დიდ ქალაქებში, აგრეთვე ხევებსა და ხრამებში; სამხრეთში – ძირითადად უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, მთების მშრალ ადგილებში – ვერტიკალურად 2000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს შენობების ნანგრევებში, კლდეთა ნაპრალებში, მთებისა და ველების ხევებსა და ხრამებში, სახლების სხვენში, ზოგჯერ ხეების ფუღუროებში. აპრილის შუა რიცხვებში დებს 4-5, ზოგჯერ 8-მდე კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება
თაგვისებური მღრღნელებთან ერთად, იკვებება მრავალგვარი მავნე მწერებით. უფრო იშვიათად ჭამს ხვლიკებსა და პატარა ზომის ფრინველებსაც.
მნიშვნელობა
მრავლად ანადგურებს თაგვისებური მღრღნელებსა და მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.