ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალქალაქი − ქალაქი ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს – ფარავანსა და მურჯახეთისწყალს - შორის. ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.

ჯავახეთის ახალქალაქი წარმოიშვა შუაფეოდალურ ხანაში IX-X სს. იგი უკვე შესამჩნევი პუნქტია. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, X ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში ქალაქს უკვე ზღუდე აქვს შემოვლებული. ახალქალაქის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, მრავლადაა ნანგრევები, რომელთა შორის გამოირჩევა მცირე და საშუალო ზომის ეკლესიათა საძირკვლები. ამავე პერიოდით თარიღდება ქალაქის სამოსახლო უბანში არსებული ცენტრალური გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევები, რომლის საძირკველში ჩატანებული იყო V-VI სს. სტელა. ტაძარი დაინგრა თურქ-სელჩუკების შემოსევის დროს (1065). მაგრამ შემდეგ იგი განუახლებიათ, რაზედაც მეტყველებს ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოიხსენიება გიორგი ლაშას ძე - დავით ულუ: „სახელითა ღმრთისათა აღვაშენე ესე წმიდაი ეკლესიაჲ მეფობასა დავითისასა და ამირსპასალარობასა ავაგისა, გამრეკელის ძეთა: კახას, ასიბას და ლიპარიტის პატრონობასა შინა... სალოცველად სულისა... ისდიაგს შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“. წარწერაში მოხსენიებული კახა გამრეკელის ძე არის ქართული წყაროებით კარგად ცნობილი ახალქალაქის ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი – თორელი.

XII-XIII სს. ჯავახეთის ახალქალაქს მეორე, დარბაზული ეკლესიაც ჰქონია გალავნის გარეთ, მდინარე თავფარავნისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მაგრამ მონღოლთა ბატონობის პირობებში საქალაქო ცხოვრება აქ თანდათან დაქვეითდა და XIII ს. ბოლოსათვის შესამჩნევად დაეცა.

ახალქალაქი XV ს. თითქმის სრულიად დანგრეულია, XVI ს. ბოლოდან კი მთელ სამხრეთ საქართველოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1828 წ. რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მაჰმადიანი ქართველების დიდი ნაწილი გადასახლდა თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოასახლეს.

ახალქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია წინაანტიკური პერიოდის ნამოსახლარი, გალავანი, ციხე-კოშკები, ქარვასლა.

Logo1.JPG ახალქალაქი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები