ბაგრატ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატ მესამე, გელათის ფრესკა

ბაგრატ III ბაგრატიონი - სრულიად საქართველოს მეფე 978-1014 წლებში. ის იყო მეფეთამეფედ ცნობილი გურგენ მეორის ძე, შვილობილი და აღზრდილი დავით მესამე მეფეთამეფე კურაპალატისა. ბაგრატის დედა გურანდუხტი, დასავლეთ საქართველოს მეფის გიორგი მეორის ასული იყო. ამიტომ ბაგრატი საუკეთესო კანდიდატი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული საქართველოს ტახტზე.

975 წელს დავით მესამემ ჯერ ქართლის, ხოლო 978 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) სამეფოს ტახტიც დაიმკვიდრა. ბაგრატ მეფემ გამეფებისთანავე გაანადგურა ქართველ აზნაურთა შეთქმულება, დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე. 1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე, ხოლო 1008 წელს - გურგენ მეორე და სამხრეთ საქართველოც ბაგრატის ხელში გადავიდა. 1010 წელს ბაგრატ მესამემ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და ამით სავსებით დასრულდა საქართველოს გაერთიანება. 1011 წელს ბაგრატ მესამე შეიჭრა განძის საამიროში, მას უნდა დაესაჯა ამირა ფადლონი, რომელიც აქამდე ხშირი თავდასხმებით აწუხებდა ჰერეთსა და კახეთს. ფადლონი შამქორში ჩაიკეტა. ქართველებმა კედელ-გალავანი მიუნგრიეს შამქორს. შეშინებულმა ფადლონმა სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა და სამაგიეროდ სრული მორჩილებისა და მოხარკეობის პირობა დასდო.

ბაგრატმა შემდეგ დალაშქრა და დაიმორჩილა მთელი ჩრდილოეთ კავკასია, ჯიქეთიდან კასპიის ზღვამდე. გაანადგურა ტახტის მოცილე ბაგრატიონთა უკანასკნელი ნარჩენები და დაიწყო დიდი კულტურული საქმიანობა: ააშენა მოწამეთასა და ბედიის ეკლესიები. 1003 წელს ააშენა ქუთაისში უბრწყინვალესი ტაძარი, რომელიც დღეისთვისაც ცნობილია როგორც ბაგრატის ტაძარი. ტაძრის კურთხევაზე ბაგრატ მეფემ მრავლად მოიწვია შინაურებიც და უცხოელებიც, მეფეებიც და მდაბიოებიც, სამღვდელონიც და საერონიც. ბაგრატ მეფე გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს, ტაოში, პარასკევ დღეს.

ბაგრატ მესამე 15 წლისა გამეფდა, 36 წელი იმეფა და 51 წლისა აღესრულა. ზვიად ერისთავთ ერისთავმა ტაოდან გადმოასვენა და ბედიის მონასტერში დაკრძალა. დარჩა ერთადერთი თორმეტი წლის შვილი გიორგი.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები