მზოვრეთის მამათა მონასტერი
მზოვრეთის მონასტერი − (ინგლ. Monaster of Mzovreti), ასურელ მამათა სახელობის მზოვრეთის მამათა მონასტერი, X საუკუნის ქართული ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრული ძეგლი მძოვრეთის, (ზოვრეთის) ციხე-დარბაზის კომპლექსი. მდებარეობს ქართლში ნაქალაქარ მძოვრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში, ზღვის დონიდან 1037 მ-ზე, მდ. ძამის მარჯვენა ნაპირზე. სახელი მზოვრეთი (ზოვრეთი, მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა „საზუერედან“ (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.
ქალაქს სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებული ადგილი ეკავა, შიდა, ქვემო და ზემო ქართლის გზების შესაყარზე მდებარეობდა. X საუკუნეში მზოვრეთში ძამელი მთავრის ადარნესეს რეზიდენცია იყო, XIV საუკუნეში – გამრეკელ კახას ძის და მისი მემკვიდეების. XVI-XVII საუკუნეებში მზოვრეთი უკვე ფანასკერტელ-ციციშვილების მფლობელობაშია. სამწევრისიდან რეზიდენციის გადმოტანის შემდეგ ქალაქი მათი საფეოდალოს პოლიტიკური ცენტრი ხდება. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის, ხოლო XIX საუკუნეში წყვეტს არსებობას და მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი აღმოცენდა.
ციხე-დარბაზის კომპლექსი გაშენებული იყო მაღალი მთის ფერდობის ძირას გრძელ მონაკვეთზე და გალავნით იყო შემოზღუდული. ის შუა საუკუნეების ერთ-ერთ მიუვალ სიმაგრეს წარმოადგენდა. მის ტერიტორიაზე განლაგებული იყო დარბაზული ეკლესია, სამრეკლო, კოშკი. ზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი მრავალგზის იქნა იავარქმნილი მომხვდური მტრების მიერ და ჩვენს დრომდე ნანგრევების სახით მოაღწია (გრძელი სწორკუთხა სასახლის, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობების მხოლოდ კვალი შემორჩა). შუა საუკუნეების ციხე-დარბაზის ნაშთებზე 2008 წელს დაარსდა ასურელ მამათა სახელობის მზოვრეთის მამათა მონასტერი, ადგილობრივი ბერ-მონაზვნების ძალისხმევით განახლდა არქიტექტურული ძეგლის გალავანი და მასში შემავალი ნაგებობები, აიგო ახალი სამონასტრო შენობები. დღეს მზოვრეთის მონასტერი თავისი სიდიადით კვლავ ამშვენებს სამხრეთიდან ქართლში შემომავალ ძამის ხეობას.