მტკვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 51: ხაზი 51:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია: მდინარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
[[კატეგორია:თურქეთის მდინარეები]]
+
[[კატეგორია:მდინარეები თურქეთში]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანის მდინარეები]]
+
[[კატეგორია:მდინარეები აზერბაიჯანში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები თბილისში‏‎]]
 
[[კატეგორია:მდინარეები თბილისში‏‎]]

17:14, 20 აპრილი 2024-ის ვერსია

მდინარე მტკვარი

მტკვარი – (თურქ. Kura, აზერ. Kür) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთის­წყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზ-ჩაი, შამქორ­ჩაი, განჯა­ჩაი, ტერტერი, ხაჩინ­ჩაი, არაქსი;

მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიან­ჩაი, გოქჩაი


ტოპონიმი

მდინარე მტკვარი სათავეს იღებს ანატოლიის მთიანეთში, გელის ღრმულში. ეს ადგილები ცნობილი იყო ძველ საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონად, რომელსაც კოლა ეწოდება. პ. ინგოროყვას თქმით კოლ ძველად კორა-ს სახით ყოფილა ცნობილი და მტკვარიც თურმე ამ კორ||კორა სიტყვისაგან მიგვიღია. მეცნიერის მტკიცებითვე მტკვრის პირვანდელი სახე დ-კორი ყოფილა, რომელსაც შემდგომ მდ-კორ-ი (კორის მდინარე) მოუცია. როგორც ჩანს, ინგოროყვასეულ მოსაზრება მთლიანად ემყარება სტრაბონისა და სხვა ძველბერძენი და რომაელი ისტორიკოსების (აპიანე, პლუტარქე…) მონაცემებს, რომლებიც თავიანთ ნაწერებში მტკვრს კორ||კურ და კირ სახელებით მოიხსენიებდნენ. მდინარე მტკვარი კუროს-ის სახით სულ პირველად ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ნაწერებში გვხვდება. იგი ამასთან, შენიშნავს ძველად კურო კოროსი ერქვაო. აპიანეს, თხზულებაში მტკვარი კორნოს-ად არის მოხსენიებული: ალბანთა მეფე და არტაგი, იბერთა მეფე, პომპეუსს 70.000 მეომრით მდინარე კირნოსთან ჩაუსაფრდნენო. ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა, აგრეთვე, „ქართლის ცხოვრება“ რატომღაც მტკვრის სახელად არც კიროსს და არც კუროსს არ იცნობს ჩვენი ძველი მწერლები და მემატიანეები მას მტკვარს, ან უბრალოდ „დიდ მდინარეს“ უწოდებენ:

„იყო სოფელი ერთი… თავსა ზედა დიდისა მის მდინარისასა, რომელსა ჰრქჳან მტკუარი…“ ან: „მაშინ წარვიდა მღდელი იგი თავსა ზედა მდინარისა მის დიდისასა და მისთანა სიმრავლე ქრისტიანეთა“. ვახუშტი ბატონიშვილიც მტკვარს საქართველოს მდინარეთა შორის უდიდესს უწოდებს. მართალია, ვახუშტი არაფერს ამბობს მდინარე მტკვრის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე, მაგრამ დაწვრილებით აღწერს მას სათავიდან შესართავამდე: „გამოსდის კოლას ყალ-ნუ-მთას, გამოვლის სამცხეს, ქართლს, ჰერეთსა, რანს შორის, განვლის მოვაკანს, მიერთვის რახს ჯავათს და სალიანს ქვეით ერთვის კასპიის ზღვას… ამ მტკვარს ერთვიან ყოველნი მდინარენი კოლისა, არტანისა, ჯავახეთისა, სამცხისა, ქართლისა, კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, მოვაკანისა და თჳთ არაზიცა. არამედ არს მტკვარი სასმელად გემოიანი და შემრგო, უმეტეს ქართლსა და სამცხესა შინა“.

სახელწოდება მტკვრის წარმომავლობის შესახებ უამრავ ქართველ და არაქართველ სპეციალისტს გამოუთქვამს მოსაზრება. უმრავლესობა, როგორც ვთქვით, ძველ ბერძენ ისტორიკოსთა, ძირითადად სტრაბონის, გამონათქვამს უჭერს მხარს. ამ ვარაუდის მიხედვით კუროს-ი თუ კოროს-ი პროვინციის სახელისაგან (კოლა) წარმომდგარა. სტრაბონი იმასაც აღნიშნავდა, მტკვრის სახელწოდება სპარსეთის ცნობილი მეფის კიროსის საკუთარ სახელს უკავშირდებაო. ზოგი იმდროინდელი ისტორიკოსი თვლიდა, კურ ზევსის ქალიშვილის სახელია და მტკვარი (კუროსი) სწორედ ამ სახელისაგან მომდინარეობსო.”

სპეციალისტთა შორის გამოჩდნენ არანაკლებ ფანტასტიკური თვალსაზრისების ავტორებიც. თანამედროვე აზერბაიჯანელი მკვლევარი ა. მახუნდოვი, მაგალითად, სახელწოდება მტკვარს ძველალბანურ კურ||ქჲურ- სიტყვასთან აკავშირებს, რაც ნიშნავს „წყალსატევი“, „წყალსაცავი“. მეორე აზერბაიჯანელი ტოპონიმიკოსი ქ. ალიევი კი თვლის, რომ მტკვარი ზოგადად „წყალს“, „მდინარეს“ აღნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი აზერბაიჯანული ეტიმოლოგია, რომლის მიხედვითაც ქჲურ-||კურ-ა თურმე ნიშნავს: „თავნება, დაუდგრომელი, ჭირვეული მდინარე“. რუსი ტოპონიმისტი ვ. ნიკონოვი მტკვარს რატომღაც ასე განმარტავს: „хорошая вода “. როგორც ჩანს სახელწოდება მტკვარს იგი მტკნარ- სიტყვასთან აიგივებს.

მეორე რუსი სპეციალისტი მ. ნ. მელხეევი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე წერს, მტკვარი სპარსული სიტყვაა და წყალს, მდინარეს ნიშნავსო. აქვე ის ქჲურ ფუძეს აზერბაიჯანული ენა კუთვნილებად მიიჩნევს და დაბეჯითებით აცხადებს, ასეთი სახელი მდინარეს კაპრიზული, დაუდგრომელი ხასიათის გამო შერქმევიაო.

კ. ჰანი, როგორც ცნობილია, ხშირად იყენებდა სხვადასხვა ქართულ და არაქართულ წყაროებში გაბნეულ ეტიმოლოგიებს, ვარაუდებს. ამ შემთხვევაშიც იგი მხარს უჭერს ვერსიას, რომლის მიხედვითაც Кура მდინარეს შეიძლება მართლაც სპარსეთის მეფის კიროსის პატივსაცემად შეერქვაო. იგი, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ უწევს იმ ფაქტს, რომ დიდ მდინარეებს მეფეთა სახელებს ჩვენში არასოდეს არქმევდნენ. აქვე კ. ჰანი საკუთარ თვალსაზრისსაც გვთავაზობს. მისი მიხედვით მტკვარი თურმე მთის წყალს („горная река“) ნიშნავს. როგორც ჩანს, სახელწოდება მტკვარი კ. ჰანს ქართულ-ლათინური სიტყვების ნაერთად ჰქონდა წარმოდგენილი: მტ-||მთ- იგივე მთა და ლათ. akva arva „მდინარე“. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იკითხავდა: мтквари – тквари – горная река?

ქართველ ფილოლოგ-ენათმეცნიერთაგან სახელწოდება მტკვრის წარმოშობის ახსნა პირველად, პ. კვიცარიძემ სცადა. მისი აზრით, მტკვარი „ზოგადი სახელია ყოვლის მტკნარათ, თქორვით, მიმდინარე წყლის ამრაკისა“ ეს თვალსაზრისი თანამედროვე ქართველ მკვლევართა შორის ერთგვარი მოწონებითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ზ.ჭუმბურიძე, მაგალითად, სარწმუნოდ მიიჩნევს სახელწოდება მტკვრის (რუს. კურა, თურქ. ქიურ) კოლას მთის მიხედვით წარმოქმნას, მაგრამ იგი ასევე უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ მტკვარი, საფიქრებელია, მდინარის, წყლის აღმნიშვნელი ზოგადი სახელი იყოს, ისეთი, როგორიცაა „თქორი“, აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს მკვლევარი შ. გოგატიშვილიც. არნ. ჩიქობავა მტკვარ- სიტყვის ამოსავალ ფორმად მ-დ-კორ- ფუძეს მიიჩნევს, რომელშიც მ ფონეტიკურ დანართად, ხოლო დ კლასის ნიშნად გაიაზრება: მ-დ-კუარი → მ-ტ-კუარ-ი (რეგრესული ასიმილაციის გზით). მაგრამ ამგვარი თვალსაზრისები, ვფიქრობთ, დამატებით არგუმენტაციას ითხოვს. კერძოდ, თუ კურ-||კორ- ძირი წარმოშობით პროვინციის სახელს (კოლა, კოლას მთები) უკავშირდება, მაშინ რატომ არ აისახა ეს ფაქტი ქართულ საისტორიო წყაროებში? რატომ არ შექმნა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰიდრონიმი კოლას წყალი, კოლას ხევი? (შდრ. ეგრისი – ეგრის წყალი, აჭარა – აჭარისწყალი, ერწუ – ერწუხი…). მაშასადამე სახელწოდება მტკვარი სულ სხვაგვარი წარმოშობის ერთეულად უნდა ვცნოთ. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ფრიად საგულისხმო და ანგარიშგასაწევი მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიდ მდინარეებს თავიანთი სახელი უპირატესად ეძლევათ სათავეში, ზემო წელზე და არა შესართავთან; და რომ დიდ მდინარეებს სახელს აძლევს ის მოსახლეობა, რომელიც მის სათავეებში ყოფილა ისტორიულ ეპოქებში განფენილი. (ვ. გეორგიევი, ვ. ნიკონოვი…), ასეთი ხალხი კი იყო ზანურენოვანი მოსახლეობა (მეგრელ-ჭანები), რომელთაც ისტორიულ ეპოქაში კოლხეთის დაბლობებს გარდა, ეჭირათ კოლა-შავშეთისა და ტაო-კლარჯეთის მთიანი ნაწილი, სწორედ ის რეგიონი, საიდანაც სათავეს იღებს ჩვენი დედამდინარე მტკვარი. ზანური მოსახლეობის აქ სხდომის ოდინდელ ფაქტს შესანიშნავად ადასტურებენ გეოგრაფიული სახელები: არტანუჯი, ოპიზა, ტოპადა, ორჯოხი და სხვ. რომლებიც აშკარად მეგრულენოვანი ერთეულები არიან.

მაშასადამე, მკითხველს მოულოდნელად და უცნაურად აღარ უნდა მოეჩვენოს, თუ ჩვენ მტკვრის სახელის ახსნას ზანური (მეგრულ- -ჭანური) ენის მონაცემთა მიხედვით შევეცდებით.

ჰიდრონიმი მტკვარ-ი ატრიბუტული შინაარსის სახელი ჩანს. მ-არ- მიმღეობური საწარმოთქმნო აფიქსი უნდა იყოს; ძირად გამოიყოფა ტკ(უ)||ტკ(ვ) ელემენტი, სწორედ ის ფუძე, რომელიც ზანურ მტკორ||მტკურ- სიტყვაში დასტურდება. ამ ენაში მტკორ-ი (|მტკურ-ი) ნიშნავს: „ველური“, „ტყიური“:

მტკორი… ბჟოლი-თი ივენ („ველური, ტყიური ბჟოლაც (თუთაც) იქნება…“ მტკური ქოთუმე „ტყის ქათამი“. მტკუი კაზი „გარეული ბატი“ (ტყიური ბატი). მტკური თხა „გარეული, ველური თხა“.

ისმის კითხვა: რამდენად არის დასაშვები და მოსალოდნელი, რომ მდინარეს სახელი ამ წესით შერქმეოდეს? თუ იძებნება ანალოგიური შემთხვევები მეზობლად მცხოვრები ან სხვა ტომის ხალხთა ტოპონიმიკაში ამთავითვე უნდა ვთქვათ, რომ ტყის ვრცელი მასივების არსებობის გამო სახელი მისცემია არა მარტო ქალაქებს, სოფლებს და მდინარეებს, არამედ თვით იქ მცხოვრებ ეთნიკურ გაერთიანებებსაც კი.

საფიქრებელია, რომ მტკვარს ზანური მტკორ-ი||მტკურ-ი შეერქვა სწორედ იმის გამო, რომ იგი ველურ, უსიერ ტყეში მიმდინარე წყალი იყო და „გარეული“, „ველური“ მდინარის თვისებები ჰქონდა.

რაც შეეხება უცხოენოვან კორ, კურა, ქიურ… ფუძეებს, ისინი უეჭველად მომდინარეობენ ზანური მ-ტკორ-|მ-ტკურ- ფუძეთაგან გამარტივების გზით, რამდენადაც ყველა აქ ჩამოთვლილი ენები გაურბიან სიტყვის თავკიდურ პოზიციაში თანხმოვანთა სიმრავლეს.

საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ჰიდრონიმი მტკვარი ზანური მტკორი||მტკური სიტყვისაგან წარმომდგარა. იგი ნიშნავს: „ტყის მდინარე“, „გარეული, ველური წყალი“. თავკიდური მტ- სეგმენტის ჩამოცილების შემდეგ მიგვიღია კურ, კორ- სიტყვა, რომელიც საფუძვლად დასდებია მდინარის არაქართულ, მათ შორის რუსულ (кура) სახელწოდებასაც.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები