საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

გერბი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918-1921 წლეში არსებული ქართული სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან (1918 წლის 26 მაისი) კარგა ხანს მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. ივანე ჯავახიშვილმა წამოაყენა შემდეგი წინადადება: „სახელმწიფო ღერბად უნდა იყოს თეთრი გიორგი შვიდი მნათობით, რადგან ეს გამოხატულება ისტორიულად დაკავშირებულია ქართველი ხალხის არსებობასთან“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის უმრავლესობის სახელით, ირაკლი (კაკი) წერეთელმა წამოაყენა მოსაზრება, რომ გერბზე გამოსახულიყო ამირანი (პრომეთე).

პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ივ. ჯავახიშვილის წინადადებამ. 1918 წლის 20 სექტემბერს მიღებულ კანონში „საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა“ აღნიშნული იყო: „ღერბად არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. ხელოვნების კომისიის (თავმჯდომარე - კონსტანტინე მაყაშვილი) დადგენილების საფუძველზე, 12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გერბის ნახატის კონკურსი გამოაცხადა. მთავრობამ გაითვალისწინა კომისიის დადგენილების ყველა პუნქტი, გარდა პირველისა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. კერძოდ, ესკიზიდან ამოიღეს გველეშაპის გამოსახულება, არადა, მის დათრგუნვას თეთრი გიორგის მიერ სიმბოლურად უნდა განესახიერებინა სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. კონკურში გამარჯვებული გერბის ესკიზის ავტორი იყო ფრანგული წარმომავლობის მხატვარი იოსებ ადოლფის ძე შარლემანი (1880-1957), რომელიც 1917 წლიდან კავკასიაში, ხოლო 1918 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა. 1921 წელს მან ფრანგული წარმომავლობის მხატვარ ევგენი ევგენის ძე ლანსერესთან (1875-1946) ერთად შექმნა საქართელოს სსრ-ის სახელმწიფო გერბი.

1918 წლის 27 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში „აღწერილობა საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა“ ვკითხულობთ: „შვინდისფერ ადგილიანს რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ჩლიქებიან თეთრ ცხენზედ. მარჯვენა ხელში შესატევად მომარჯვებული ოქროს შუბი ვერცხლის ლახვრიანი. ცისფერი ჯავშანი, რომელსაც აქვს ვერცხლის უჯრედები; ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერი ტყავის პერანგი; სახელო და ბოლო მოსასხამისა - თეთრი. მარცხენა მხარზედ თეთრი ფარი სახიანი; შალვარი - ალისფერი, ოქროს წაღები; უნაგირის ქვეშ ვეფხის ტყავის ყაჯარი; უნაგირი ოქროსი და უზანგი ვერცხლისა. ღერბის თავში რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე; მთვარის და მზის აქეთიქით ორ-ორი რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი. ცხენის ქვევით შავი მთის მწვერვალი. ფარის გარშემო შავი არშია, თეთრ-წინწკლებიანი, ოქროს ზოლებში ჩასმული“

ზეგავლენა იქონია საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალის (სოციალ-დემოკრატების) იდეოლოგიამ იმხანად დამტკიცებული სახელმწიფო გერბის გარეგნულ მხარეზე. ვინაიდან მისი შედგენისას დაირღვა ჰერალდიკის კანონები და უგულებელყოფილ იქნა საქართველოს სათანადო ტრადიცია, უკვე დამტკიცებული სახელმწიფო გერბი მკაცრად გააკრიტიკა მხატვარმა დავით კაკაბაძემ. საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გაეგზავნა საპროტესტო წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე და სხვები.

პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი რევაზ გაბაშვილი აღნიშნავდა: „დიდი ბრძოლის შემდეგ, როცა მენშევიკებმა კვლავ მისცეს უფლება თავის მრევლს, - ინდივიდუალურად მიეცათ ხმა, ჩვენ გავიტანეთ „თეთრი გიორგი“, მაგრამ დაგვიმახინჯეს, რასაკვირველია, და ვეშაპის დათრგუნვის მაგიერ შუბით გმირისაგან, ვიღაც ჯამბაზი გადაახტუნეს... გუმბათზე და შუბს ტარიდანაც მოხსნეს ჯვარი“.

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციის მიხედვითაც, სახელმწიფო გერბზე გამოსახული იყო „თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. ზემოთ აღწერილი გერბი ახალი რედაქციით (მცირეოდენი ცვლილებებით) აღადგინა 1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართული მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ და იგი შემდგომი 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც სახელმწიფო გერბი.

2004 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო გერბის ახალი პროექტი (მხატვარი მამუკა გონგაძე), რომელიც შექმნილია ჰერალდიკის კანონების დაცვით და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი ტრადიციის გათვალისწინებით.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს, წგნ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ვ. გურგენიძე, სპეცრედაქტორი ვ. შარაშენიძე, თბ., 1990;
  • რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, წგნ.: ქართული ემიგრანტული ლიტერატურა „დაბრუნება“, მრავალტომეული, გ. შარაძის საერთო
  • რედაქციით,ტ. III, თბ., 1992;
  • დ. კლდიაშვილი, თანამედროვე საქართველოს ჰერალდიკა, თბ., 2008;
  • საქართველოს სახელმწიფო გერბის კონკურსის შესახებ, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გამოცემა, თბ.,2008;
  • თ. ასათიანი, ქართული გერბთმცოდნეობა (ჰერალდიკა), თბ., 2010.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები