The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ორბელიანი

ივანე ორბელიანი
დაბადების თარიღი:1825
გარდაცვ. თარიღი:1893  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის ტაძრის გალავანი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ივანე ორბელიანის ბავშვობის შესახებ ძუნწი ცნობებია მანანა ორბელიანის ერთ ბარათში გრიგოლ ორბელიანისადმი: "ივანე პანსიონში მყავს და სწავლობს, რაც შეეფერება. გიორგი ავალოვსა ვსთხოვე მოსკოვში თავის თვალყურის გდება და მინდა იქ გავგზავნო და ჯერ პასუხი არ მომსვლია. ფრანციცულს კი ლაპარაკობს ცოტად და სწერს, კითხვითაც კითხულობს".  რაიმე სხვა ცნობა ივანე ორბელიანის სწავლა-განათლების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. მოგვიანებით მას კავკასიის ომში  ვხედავთ. 1858 წლიდან ივანე ორბელიანი მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის (1856-1862) ადიუტანტი იყო, "ივანე ორბელიანი ადუტანტი მიდის ამ დღეებში ჩაჩანში საომრად", – წერდა 1859 წლის 6 იანვარს გრიგოლ ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს. ივანე ორბელიანს არ აკლდა საერთოდ მისი წრისთვის დამახასიათებელი კოლორიტულობა. კ. ბოროზდინი თავის მემუარებში ივანეს ახასიათებს, როგორც "ქეიფის მოყვარე კაცს", რომელიც 1858 წელს ფოთის სანავსადგურო ქალაქად კურთხევის ცერემონიალზე ოფიციალურ პირად იყო მიწვეული და იქ მეზურნეების დასტით გამოცხადდა. "ზურნის ხმა პირველად მოეფინა ფოთს", – აღნიშნავდა კ. ბოროზდინი, – "და ჩვენც, საკმაო შეღვინიანების შემდეგ, საამოდ გვეწვეთებო და ყურში ეს ხმა". ივანე ორბელიანს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე, შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. მანანა ორბელიანის შვილი (ივანე კერძო მიმოწერაში ხშირად "მანანიჩად" მოიხსენიება), გენერალ-მაიორი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.47-48


გააზიარე: