შოთა ნიშნიანიძე: ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



I

უკან დარჩა უდაბნო...
და ბაღები ფშატის,
ლომთა კმინვა... თუთიყუშთა კვიწინი...
ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით,

უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით.
- რატომ მოსდევ, ბიჭო,

მაგ ურჯულო გიაურს, გაანებე თავი,

 ჯანდაბის გზით იაროს!
საით მისდევ, უგუნურო,

სად სიკვდილში მისდევ,

რად არჩიე მაჰმადს

 წამებული ქრისტე?!
რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს

 ერთი მუჭა მიწა დამარცხებულ ხალიბთა?!
საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!.. შეჩერდი!..

მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა მეჩეთი...

     

 

ფშატი - ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხე; გიაური - ურჯულო (ასე ქრისტიანებს უწოდებდნენ მაჰმადიანები); ხალიბები - ძველი კოლხური ტომები. იგულისხმება ზოგადად საქართველო;  მეჩეთი - მაჰმადიანთა სალოცავი, ტაძარი; ხარდანი - ყურძნის, ვაზის ჭიგო, სარი;

       

II

ფერფლი ესხა,
ჭვარტლი ესხა გადათქერილ ხარდანს
და მზე ჰგავდა ცხენის ფლოქვით

ახრჩოლებულ ღადარს.
არსად ჩიტი... არც პეპელა...
მხოლოდ კანტიკუნტად
ყვავი გადიყრანტალებდა,

 როგორც ჭვარტლის გუნდა.

ცხენის ფლოქვით დადაღული

მტევანი თუ ფერფლი
კბილებს კრეჭდა, ქირქილებდა,
ვით სიკვდილის ღერბი.

ეს ღერბები მწუხარების არაბესკად ესხა
ქართულ ციხე-ეკლესიას,

 სიმღერას თუ ფრესკას.

     

 

არაბესკა - რთული და დახლართული, აღმოსავლური ორნამენტი

       

III

რაც არ უნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,

სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის, -
იმ ფერფლს, შავ ფერფლს,
სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლს
აბოს ფერფლი გადასწონის,

ერთი მუჭა ფერფლი...