შოთა ნიშნიანიძე: აფხაზური კანტატა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 

კითხულობს პოეტი თემო ნაჭყებია


 



ჩემი მორდუ  აფხაზეთში  იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა და შვილდისრით ტყეში ნადირს არბევდა…
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბი შეუფრინეს  ურაიდა-რაიდა  ”.
გადიფრინეს ყრმობის წლებმადა აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II
რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთ ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,-
ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

   

კანტატა - აქ: რაიმე საზეიმო შემთხვევის გამო დაწერილი ლექსი. მორდუ - ძიძისშვილი, ძუძუმტე.

ჩაუქად - მარდად, მამაცურად (ჩაუქი - მარდი, მკვირცხლი, მამაცი). ურაიდა რაიდა - აფხაზური ხალხური სიმღერის მისამღერი.

 

   

III
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,

ამორძალი  ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსრულებით მითრთის ტუჩები…”
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.


IV
ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

 

ამორძალი - მეომარი ქალები, რომლებსაც, ბერძნული თქმულების მიხედვით, მოჭრილი ჰქონდათ ცალი მკერდი. ამავე თქმულების მიხედვით, მათ საკუთარი სამეფო ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროზე.