აკაკი წერეთელი: განთიადი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას იხ. "მამარდაშვილის ციფრულ კოლექციაში"
ავადმყოფი | აღმართ-აღმართ | ბაში-აჩუკი | გამზრდელი | განთიადი |
თორნიკე ერისთავი | მოგზაურობა კახეთში | სულიკო | ||
ქებათა-ქება | ღამურა | ჩემი თავგადასავალი | ჭაღარა | ხატის წინ |
დამხმარე მასალა:
მურად მთვარელიძე: რაც გულმა გიჩურჩულოს… |
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს… მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა. და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა: “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!… “ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო; წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო. წინ მომეგებენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, მოკაშკაშ-მოელვარეო. გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, - ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო!… ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!… ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო… და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო: “დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!… ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!” 1892 |