აკაკი წერეთელი: მოგზაურობა კახეთში

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

მურად მთვარელიძე:  რაც გულმა გიჩურჩულოს…


  შორიდან გამოჩნდა უზარმაზარი შენობა ტრიალ მინდორზე, მაგრამ, ახლოს რომმივედით, ის აღარ დამირჩა, რასაც ველოდი და ის ვეღარ ვნახე, რაც გამეგონა და წამეკითხა მის შესახებ!

ბევრი რამ გაგვიგონია ამ დიდებულ ტაძარზე, სხვათა შორის, ისიც, ალავერდი თათარს აუშენებია და ამიტომაც ჰქვია ალავერდიო. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, ზღაპარია. ეს ტაძარი აგებულია საუცხოო ალაგას, მის წინ გადაშლილია ალვანის მინდვრები. ალვანის მინდვრებიც მისი შენაწირი მოხარკე იყვნენ და მიტომაც ერქვა ტაძარს ალვან-ვედრი, ანუ `ალვანის სავედრებელი~. ეს სიტყვა თათრებს გამოთქმის დროს გადაუკეთებიათ ალავერდად და იქიდან წარმომდგარა დღევანდელი სახელწოდება; ამისივე მიზეზი უნდა იყოს, რომ კახეთში მოსახლე თათრები დღესაც კიდევ თაყვანსა სცემენ ამ ტაძარს და შესაწირი მიაქვთ ისე, როგორც მართლმადიდებლებს.

ეს ადრინდელი ალვან-ვედრი დღეს მართლაც რომ ალავერდიც გამხდარა და იახშიოლიც.

ძველებური ხელოვნება მოშლილია, ნახატები აღარა სჩანან და საყდარი შიგნით და გარეთ თეთრად არის შეფეთქილი. ზედ მისავალ კარებთან, სადაც ადრე საქალებო უნდა ყოფილიყო, საყასბოა გამართული. იქ მიაქვთ ზვარაკის მხარ-ბეჭი და ცხვრის ტყავები და აქვე ვაჭრობაა გახურებული... ადრე ის ადგილიც, სადაც საკლავი მიჰქონდათ, მოშორებით იყო ეკლესიაზედ და დღეს კი ეს ყველაფერი გადასხვაფრებულია. სახურავი გაუფუჭებია ავდარს, აღმოსავლეთის მხრიდან წვიმა ჩამოდის და შიგ ტა- ძარში ტბა დგება. გალავანს გარეთაც იმას ვეღარ ნახავთ, რაც ყოფილა. ძველად აქ იყრიდნენ თავს. ამ ალავერდობა დღეს, კახელებს გარდა, ყოველი კუთხის ქართველობაც გადმოდიოდა ქართლიდანაც, ჩამოდიოდნენ მთიულებიც სხვადასხვა ნაწარმოებით (ნაწარმით) და, სულის საქმეს რომ მოილევდნენ, მერე სახორციელოსაც მიჰყოფდნენ ხელს... ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ყოველთვის ზრდილობით ყოფილა ქებული და დღეს კი ველური ხალხის უზრდელობას აღარ ჩამოუვარდება მათი უზრდელობა და სიტყვაპასუხი. აქაოდა, თანასწორობა შემოვიდაო და აღარც მღვდელი იციან და აღარც ერი.