აკაკი წერეთელი: ხატის წინ

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

მურად მთვარელიძე:  რაც გულმა გიჩურჩულოს…


  მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
     

პარპალი - აქ: ალის ნელი რხევა, თრთოლა.

         
  მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი.

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
     
         
  რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა.
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
     
         
  სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
   
პატრუქი - დაგრეხილი ბამბის ძაფი, ჩვარი ან საგანგებოდ დამზადებული ქსოვილის ნაჭერი ლამპაში, სანთელში, ნავთქურაში და ა.შ.; გამოიყენება წვისა და განათებისათვის.
         
  ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?!
     
         
  კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
    მნათე - ეკლესიის მსახური, რომლის მოვალეობაა სანთლების ანთება, ზარების რეკვა და მისთ.

მოციქული - ვინმესთან რამე დავალებით გაგზავნილი პირი, შუამავალი.