გრიგოლ ორბელიანიჰე, მამულო (ნაწყვეტი პოემიდან "სადღეგრძელო")
 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?!
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი,
არ დააკლას თავი თვისი შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი?!
ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი?
სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე ნათლად ჩვენი?
სად გვფარვიდა ნებიერად ხვევნა-ალერსი მშობლისა,
და სად აღგვენთო პირველად გულს ცეცხლი სიყვარულისა,
სად აწ ნაზისა რხევითა
კეკლუცნი,   გულის მიმტაცნი,
ტაძრად მიდიან ცრემლითა ჩვენთვის მხურვალედ მლოცავნი?!
სადა შევჰხარით 
ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა,
მასზე მავალსა ხელმწიფებრ მზეს, ბრწყინვით განსხივებულსა,
ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათებულსა,
სიცოცხლის მომფენს ჰაერსა, სუნნელებრ შეზავებულსა.
სად მთანი ყინვის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი
და მდინარენი ზახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი;
უფსკრულნი — ჩაბნელებულნი, კლდენი — თვალგადუწვდენელნი,
სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.
სად ველნი, ფერით ზურმუხტნი, ნაზადა აღმწვანდებიან,
მათზე კასკასით წყარონი გახარებულნი მორბიან;
მათ სიკამკამეს ყვავილნი თავ-დახრით განცვიფრდებიან;
გულს მათი ხილვა უხარის, თვალთ კვალად ენატრებიან.
სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა,
ერი — გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..
მამულისათვის ფიალა სავსე ვჰსვათ სიამოვნებით,
და იქმნეს აღყვავებული კეთილ-დღეობით, დიდებით;
იქმნეს მის ქედი აღყვანილ ცათამდის ძეთა მხნეობით,
და სიყვარულის მისდამი ვჰხარობდეთ გულსა აღგზნებით!
სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!
მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა,
და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!

   

 

 

 

 

კეკლუცი - კოხტა, ლამაზი,შნოიანი.


ლაჟვარდი - ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა; აქ: ღია ლურჯი ფერი (ცის მუდმივი
ეპითეტია).
კამარა - თაღი.