ირაკლი აბაშიძე: რუსთაველის ხმა ყრუ ტრამალებში

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიო წიგნები



  – რამ გადმოგხვეწა
ამ მწველ ალმურში,
რამ აგიყარა მესხეთს კარავი?!

                 მტრობამ?
                 მტრად ვინმე გყავდა მამულში?

რუსთაველის ხმა:

               – არა არავინ.

– მაშ, იქნებ შურმა,
           შენგვარ მოყმეთა

შურს არ ძალუძდა შუქი შეეცნო;
           შურს, შურს შეეძლო შენი მოკვეთა...
რუსთაველის ხმა:
– შურს არ შეეძლო.

– იქნებ ღალტმა
             მოულოდნელმა
ღალტმა, შავმა და მუხანათმა
გდევნა, გაწამა, შორს გადმოგდევნა...
რუსთაველის ხმა:
             – არა ღალატმა.

– მაშ, ცბიერებამ?
         ჭირმა, რომელსაც

ქვეყნად ყოველი ძაგს ძლიერება,
რაც ძლევს თვით გმირის გულს და
                                ღონესაც...
რუსთაველის ხმა:
          – არც ცბიერებამ.

 

– მაშ, სიძულვილმა?
          უსინანულო
მოთხრის, მოსპობის, აღგვის წყურვილმა?
მაშ სიძულვილმა?
ვაი, მამულო!..

       რუსთაველის ხმა:
       – არც სიძულვილმა.


– მაშ, რამ?
           შენს ფრენას ფრთა რამ მოკვეცა,
რა წვამ აშკარამ,
           რა წვამ ფარულმა?
რამ დაგამარცხა, რამ გადმოგხვეწა?!
რუსთაველის ხმა:
– რამ?
სიყვარულმა.