მუხრან მაჭავარიანისაბა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: მეთორთმეტეკ ლასელი  ლუსინე არზუმანიანი



ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და ... მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ ... ოჰ ...ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
- ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
- რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-
სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-

წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!

უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?
საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!