ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი): სევდის ბაღს შეველ

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


კითხულობს: აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მთარგმნელი  ალექსანდრე ელერდაშვილი

სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!

იასა ვჰკითხე (მუნ იდგა ნაზი):
„ვარდსა რა უქმენ კართა სარაზი?
ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!
მანცა გამაგდო: „გარეგან გაზი,
შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
შენის გონებით იქნები რაზი:
ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“

რა ია გაწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?“

ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!“ - მონაზებითა -
„ვარდი მით არის გულდაკლებითა,
რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა,
შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“

დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!