ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი): ტანო ტატანო

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


კითხულობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნანო ომანაძე

ტანო ტატანო,   გულწამტანო,   უცხოდ მარებო!
ზილფო,  კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, 
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო,  
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
    ტატანი ტანო ტატანო - წერწეტო ტანო. გულწამტანი - გულის წამღები, გულის წამსვლელი. მარები - მოსიარულე, მავალი. უცხოდ მარები - საუცხოოდ მოსიარულე. ზილფი - თმის კავი, კულული. კავი - საფეთქლებიდან ლოყებზე ჩამოშვებული დახვეული თმა (ლეჩაქით დახურული ქალისა). შემაზარები - ელდა თუ ზარზეიმი, დღესასწაული. სულთწამარები - სულის ამომხდელი. წამარები - წამყვანი.
     

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა,
უტოლებსა,  გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები,
მაკრძალები,  ამარტის ველად,
ნარინჯნი   ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, 
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

    თვალთა ნარგისი - აქ: წამწამები. დამდაგისი - დამდაგველი, დამწველი.
უტოლები - შეუდარებელი. გველი გყვა მცველად - ნაწნავების აღმნიშვნელი მეტაფორაა. მაკრძალი - მოსარიდალი, მოწიწების აღმძვრელი. ამარტის ველი - ლოყის (ღაწვის) აღმნიშვნელი მეტაფორაა. ამარტი - ყვითელი ფერის ძვირფასი ქვა.
ნარინჯნი - აქ: მკერდის აღმნიშვნელი მეტაფორა. მიქმოდენ ხელად - მახელებდნენ, მაშლეგებდნენ.
       
ალვაო,  გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, 
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა   წელსა დაეკვირვნეს   ქვეყანად მვლელნი..
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
 უცხოდ   ვარებო. 
    ალვა - ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა. მოსარხეველნი - ფეხების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ზარიფი - კოხტა, კეკლუცი, მოხდენილი, მშვენიერი. დაეკვირვნეს - გაეკვირვებინა.
უცხოდ - გარეშედ, მიუღებლად. ვარებო - დავდივარ, ვიარები.
       
სურიან  გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან   ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო.
    ბაგემდუმრიად - ხმაამოუღებლივ, ჩუმად, უსიტყვოდ.
სურიან - სურთ. კეკელა - კეკლუცი, კოხტა, მოხდენილი.
დამაშვრალი - დაღლილი, დაქანცული.
შეგაფარდო - შეგადარო.
შევიზარებ - მომბეზრდება.
       

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაი, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

 

   

დანაცარები - დანაცრული, დაფერფლილი.