ელზა კაჭარავა:  წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი II

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 


 


 



წყარო: კაჭარავა, ელზა ქართული ენა და ლიტერატურა : [ტექსტს რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი] / ელზა კაჭარავა ; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2017. - 182 გვ.
     

ოთარ ჭილაძის რომანში ყოველმან ჩემმან მპოვნელმანვკითხულობთ:

ნასაყდრალის კედელთან შაოსანი დედაკაცი ზის, სახე წამოწითლებია. ალბათ, ჩქარა იარა და ახლა ისვენებს. წაღები გაუხდია და გვერდზე უწყვია. თავსაფარიც მოუხსნია და მუხლზე დაუფენია. ზედ ნაჯაფი, დაშაშრული ხელის მტევნები დაულაგებია, ერთმანეთის გვერდით, თითქოს ღმერთს აჩვენებს, აი, რითი უდგას ქვეყანას სულიო, ნაოჭებად ჩაშლილი კაბიდან თეთრი, ქათქათა წინდებით შემოსილი ფეხის წვერები მოუჩანს, უთავსაფროდ უფრო ახალგაზრდა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ახალგაზრდა კი არა - უასაკო. თითქოს ასეთი გაჩნდა და ასეთი იქნება სულ. ცხენის კუდივით ხშირი და მკვრივი თმა აქა-იქ გასჭაღარავებია. პირმოკუმული ზის, ფიქრიანი, ბიბლიურ ხესავით მშვიდი და ლამაზი... ბავშვის გამზრდელი, პურის ჩამკვრელი, მაწვნის ჩამდედებელი... დამლოცველი და დამტირებელი, თაფლივით ტკბილი თითით პირველი კიჭის მომსინჯველი და ჭირში გაკერპებული ხელით თვალების დამხუჭველი. დამწვარზე სულის შემბერავი, ჭრილობაზე მალამოს დამდები. ლხინში მორცხვი, გვერდზე გამდგარი, ჭირში კი - ალქაჯი, ლეკვებიანი მგელივით თავგანწირული. არც უმადური და არც მადლიერი ღმერთისა, მაგრამ მისი პატივმცემელი, მცოდნე და დამფასებელი მისი ყადრისა, როგორც ღირსეულ მეტოქეს შეშვენის. არც უბედური და არც ბედნიერი, როგორც თავად ცხოვრება, არც მხიარული და არც მოწყენილი, როგორც სული ცხოვრებისა. არც ახალგაზრდა და არც ბებერი, როგორც ბუნება. ძლიერი და გაუტეხავი, როგორც ამირანისა და მედეას დედა, და ამაყი და გულუბრყვილო, როგორც ამირანისა და მედეას ქალიშვილი. გამარჯობა, დედი“! - ესალმება ალექსანდრე და ჩერდება, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ამ ჭერჩაქცეულ, შამბმოდებულ ნასაყდრალთან ეს დედაკაცი დახვდებოდა, თითქოს თავიდანვე ასე იყო გათვალისწინებული. „იცოცხლე, შვილო!“ - მშვიდად, გაუკვირვებლად პასუხობს დედაკაცი. მართა მოშორებით დგას, ქარი ზურგში აწვება და წინ აგდებს, თითქოს ეუბნება, რა შორს დამდგარხარ, მიდი, აკოცე, ეგაა შენი დედაც, მამიდაც და ბებიაცო. მართა ქარს უძლიანდება, აფრიალებული კაბის კალთა ორი ხელით უჭირავს, თითქოს სიკეთის უხილავი ხისთვის შეუშვერია და ხელები ლამის დასწყდეს, კაბის კალთა ლამის ჩაეფხრიწოს იმ უხილავი ხის უხილავი ნაყოფის სიმძიმით. ქარი ეთამაშება მართას, მართა კი ასე ფიქრობს: „გაიღე მოწყალება, სიკეთის ხეო“! - ამბობს გუნებაში, ბედნიერი, გამხიარულებული თავისივე მოგონილი თამაშით. „წნორში მიბრძანდებით“? - ეკითხება ალექსანდრე დედაკაცს და თითქოს მხოლოდ მაშინ ამჩნევს მართას, კაბის კალთა რომ უჭირავს ორივე ხელით, ოდნავ თავგადაწეული, ცხვირშეჭმუხნილი რომ უყურებს, თითქოს წყალობას ელოდება მისგან. „მეცა მყავს შენისთანა გოგოები, - ეუბნება დედაკაცი მართას, - ერთი უკვე ხუთისაა, მეორე კი - სამის“. „მე არც ბებო მყავს... ჩემი ბებო მკვდარია!“ - ამბობს მართა და თვითონაც გაოცებულია, რადგან თავის სიცოცხლეში პირველად ამბობს ამას, პირველად გამოაქვს სააშკარაოზე თავისი საიდუმლო ეჭვი და წუხილი... იმასაც გრძნობს, როგორ შეაკრთო და შეაწუხა მისმა ნათქვამმა ნასაყდრალის კედელთან დამჯდარი დედაკაციცა და ბიძამისიც, უფრო ბიძამისი, რადგან არ ეგონა, ესეც თუ იცოდა მართამ. მართამ კი ხათრი არ გაუწია, ბოლომდე არ მოატყუებინა თავი, თუმცა ბიძამისს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე აიძულებდა ტყუილის თქმასა და თვალთმაქცობას. ისევე როგორც მართას, რომელიც ტყუილს ტყუილითვე პასუხობდა. „ალბათ, მკვდარია“... - ცდილობს შეცდომის გამოსწორებას მართა, „ცოცხალი რომ იყოს, ჩვენს ამბავს როგორ არ იკითხავდა?! ბოლო წერილი ოთხი წლის წინ მოგვივიდა“. „ეგ ისეთი აქლემია, ყველას კარზე დაიჩოქებს“! - ამბობს დედაკაცი. მეც მომძოვა, შვილო, სიკვდილმა. ერთი შვილი მიწაში მიდევს, მეორე სალდათში დაიკარგა“ - ისიც გამოტყდა, მაგრამ ის უცხო ბავშვის საცოდაობამ გამოტეხა. თითქოს თავისი უბედურების გამომჟღავნებით იმას ნუგეშს სცემდა, გაამხნევებდა, გაუამხანაგდებოდა. „დაგვლოცე, დედი, ობლები ვართ! - ძალისძალით იღიმება ალექსანდრე, აცახცახებული ნიკაპი რომ გაიჩეროს როგორმე. „ღმერთმა დაგლოცოთ და გადღეგრძელოთ, შვილო! - ამოოხვრით ამბობს დედაკაცი. - რას იზამ, ქვეყანა ქვრივობლობა ყოფილა. ჩვენც უნდა გავძლოთ!“ - აგრძელებს ცოტა ხნის მერე. სიკეთის უჩინარი ხე კი ბუბუნებს და მისი უხილავი ნაყოფი თქრიალით ცვივა მართას კაბის კალთაში. „უნდა გავძლოთ! - გუნებაში იმეორებს ალექსანდრე დედაკაცის სიტყვებს. - ქვეყანა ასეა, მაგრამ მაინც უყვართ, მაინც კითხულობენ ერთმანეთის ამბებს, იმედიცა აქვთ და მოლოდინიც“. ისა და მართა ახლა უკვე შარაგზაზე მიდიან. ახლა ალექსანდრე მიჰყვება მართას, რათა ქარის წამოშლილი მტვრისგან დაიფაროს. თითქოს ბურუსში მიდიან, მაგრამ მართა მაინც ხალისიანად მიბაკუნობს მტვერში. ახლა კმაყოფილიცაა თავისი წეღანდელი დაუფიქრელობით. ბიძას ერთი სადარდელი მაინც მოაშორა. ახლა ბიძამისმაც იცის, მართას რომ არ გაუკვირდება, ბებია თუ არ დახვდება შინ. „არც იმ დედაკაცის დავიწყება შეიძლება, - ფიქრობს ალექსანდრე, - რაც დრო გავა, უფრო მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! - თითქოს ვიღაცას უბრაზდება. - უნდა შესძლოს! - თითქოს ვიღაცას უმეორებს. - რადგან დავიწყება დამარცხებას ნიშნავს“. წინ კი, მართა მიბაკუნობს კვიცივით. მტვრისგან თვალდახუჭული, თამამად მიაბიჯებს ჯერ კიდევ უცხო, მაგრამ მშობლიურ მიწაზე. „შენ ხარ ქრისტე ბარაბაში და ბარაბა ქრისტეში. ასე კი, არ შეიძლება. ან ერთი უნდა იყო, ან მეორე“, - ახსენდება ალექსანდრეს ზოსიმე მღვდლის ნათქვამი. „მე არც ქრისტე ვარ და არც ბარაბა, - ახლა ეპასუხება ალექსანდრე ზოსიმე მღვდელს, - მე ვარ ალექსანდრე, ალექსანდრე მაკაბელი. აი, ამ პატარა გოგოს ბიძა და მეტიც არაფერი მინდა, ვინმე გადაუდგეს გზაზე!.. ალექსანდრე არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი, ასეთი თავისუფალი და, რაც მთავარია, ასეთი მშვიდი. თვითონაც ვერ ხვდება, რა ამბავია მის თავს, რამ გაუჩინა ასეთი გუნება-განწყობილება. თუმცა იმაზე მნიშვნელოვანს რას მიხვდება, რასაც მიხვდა, რაზედაც თვალი აეხილა, რაც უკვე მტკიცედ იცის. მტვერივით იოლად გაიფანტა საუკუნოვანი ეჭვი და ქარში აფარფატებული ფოთოლივით უბრალო და უფესვო აღმოჩნდა საუკუნოვანი ამოცანა: ვინა ვარ და რატომ ვარ. ის ამ პატარა გოგოს ბიძაა და მას ამ პატარა გოგოს მოვლა-პატრონობა ევალება. მიდის, მიალაჯებს ამ ამოცანის სიმარტივით გახალისებული, გაამაყებული. ხარბად ისუნთქავს მტვრით გასქელებულ ჰაერს და ბოლქვა-ბოლქვა აბრუნებს უკანვე დაბერილი, აცახცახებული ნესტოებიდან, გოროზი და ღონიერი, როგორც საომარი ცხენი. ახლა, როცა მშობლიურ სახლამდე დათვლილი ნაბიჯებიღა დარჩა, საბოლოოდ რწმუნდება, რაც ხდება, ცხადში რომ ხდება ყველაფერი, ის რომ მართ23ლა ალექსანდრეა და ნამდვილად მართა რომ მიაბიჯებს მის წინ, ნიკოს შვილი, მისი სისხლი და ხორცი, მისი არსებობის გამმართლებელი და გამმტკიცებელი. ჯერ კიდევ სუსტი, ჯერ კიდევ პატარა სიცოცხლე, მაგრამ მაინც სიცოცხლე: ჯიუტი, მზარდი, თამამი, ხალისიანი... ბიძამისის, ამ ცალხელა ახმახის წყალობით სამუდამოდ გადარჩენილი და სამუდამოდ დაბრუნებული შინ. ცალხელა კაცს მეტი არც მოეთხოვება.

 

) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)

 

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

1. ვისი სიმბოლური ხატებააშაოსანი დედაკაცი“?

) ალექსანდრეს დედის.

) ქართველი ქალის.

) მართას დედის.

) სოფლელი ქალის.

 

2. პერსონაჟის რა სულიერი მდგომარეობა ჩანს მის სიტყვებში: „უნდა გავძლოთ!.. ქვეყანა ასეა, მაგრამ მაინც უყვართ, მაინც კითხულობენ ერთმანეთის ამბებს...“?

) იმედი. ) გულგრილობა. ) სიამაყე. ) სიმშვიდე.

 

3. რა იგულისხმება სიტყვებში: „ქვეყანა ქვრივობლობა ყოფილა“?

) ამქვეყნიური ცხოვრება მარტოობას გულისხმობს.

) საქართველო ქვრივ-ობლების ქვეყანაა.

) საქართველოში ბევრი გაჭირვებულია.

) ამქვეყნიური ცხოვრება ტანჯვას გულისხმობს.

 

4. რამ გაუჩინა ალექსანდრეს ბედნიერების, თავისუფლების განცდა?

) ბავშვობის დანაშაული აპატია თავის თავს.

) საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულება იპოვა.

) მშობლიურ სახლს მიუახლოვდა.

) საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მართა ნიკოს შვილია.

 

5. რომელ ციტატაშია გამოყენებული ეპითეტი?

) „კაბის კალთა ორი ხელით უჭირავს“...

) „ხარბად ისუნთქავს მტვრით გასქელებულ ჰაერს“...

) „ცალხელა ახმახის წყალობით სამუდამოდ გადარჩენილი“...

) „ქვეყანა ქვრივობლობა ყოფილა“...

 

6. რისი თქმა სურს პერსონაჟს სიტყვებით: „მე არც ქრისტე ვარ და არც ბარაბა... მე ვარ ალექსანდრე, ალექსანდრე მაკაბელი“?

) რომ ის ტანჯული ადამიანია.

) რომ ის უცოდველი ადამიანია.

) რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია.

) რომ ის ცოდვილი ადამიანია.

 

7. რა იგულისხმება სიტყვებში: „ეგ ისეთი აქლემია, ყველას კარზე დაიჩოქებს“?

) ყველა ადამიანი უმწეოა.

) ყველა ადამიანი მოკვდავია.

) ყველა ადამიანი უბედურია.

) ყველა ადამიანი მარტოსულია.

 

8. რა მხატვრული საშუალებაა სიტყვები: „ქარი ეთამაშება მართას“?

) შედარება. ) ეპითეტი. ) გაპიროვნება. ) ალიტერაცია.

 

9. პერსონაჟის რა თვისება ჩანს ხაზგასმულ ფრაზაში?

) გულმოდგინება. ) გულისხმიერება. ) გულწრფელობა. ) გულგატეხილობა.

 

10. რა მხატვრული ხერხია: „სიკეთის უჩინარი ხე კი ბუბუნებს და მისი უხილავი ნაყოფი თქრიალით ცვივა მართას კაბის კალთაში“?

) ჰიპერბოლა. ) ეპითეტი. ) მეტაფორა. ) ალუზია.

 

11. რა განცდა ჩანს შაოსანის სიტყვებში, როცა მართასა და ალექსანდრეს ლოცავს?

) სიყვარული. ) თანაგრძნობა. ) პატივისცემა. ) მადლიერება.

 

12. რომელ ციტატაშია გამოყენებული შედარება?

) „მტვერივით იოლად გაიფანტა საუკუნოვანი ეჭვი“.

) „თამამად მიაბიჯებს ჯერ კიდევ უცხო, მაგრამ მშობლიურ მიწაზე“.

) „ცალხელა კაცს მეტი არც მოეთხოვება.

) „შენ ხარ ქრისტე ბარაბაში და ბარაბა ქრისტეში“.

 

13. მწერლის აზრით, რა არის საუკუნოვანი ამოცანა?

) ამქვეყნიურ სინამდვილესთან შეგუება.

) საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის შეცნობა.

) მარადიული ცხოვრების შეცნობა.

) ადამიანის საუკუნოვანი ეჭვის დაძლევა.

 

14. რატომ არის მართა ალექსანდრესთვის განსაკუთრებით ძვირფასი?

) ალექსანდრეს სურს სუსტ და უმწეო ადამიანზე იზრუნოს.

) ალექსანდრე განიცდის დანაშაულის გრძნობას ძმის წინაშე.

) მართამ ალექსანდრეს ცხოვრების აზრი და მიზანი აპოვნინა.

) ალექსანდრეს სურს მართას პატრონობით ბავშვობის ცოდვა გამოისყიდოს.

 

15. რა არის მოცემული ტექსტის უმთავრესი აზრი?

) ადამიანისათვის ოჯახური კეთილდღეობის მოპოვებაა მთავარი.

) ადამიანისათვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა მთავარი.

) ადამიანისათვის ცხოვრების მიზნის პოვნა და მისი აღსრულებაა მთავარი.

) ადამიანისათვის უმწეო ბავშვის პოვნა და მასზე ზრუნვაა მთავარი.

 

) წერითი დავალება

 

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

  • იმსჯელეთ ქართველი ქალის მხატვრული სახის შესახებ;

  • იმსჯელეთ მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;

  • იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

   

პასუხები:

 1) ბ. 2) ა. 3) დ. 4) ბ. 5) ბ. 6) გ. 7) ბ. 8) გ. 9) ბ. 10)გ. 11) ბ. 12) ა. 13) ბ. 14)გ. 15)გ.