ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
|
||||||||||||||||||||
რეზიუმე არის დიდი მოცულობის ტექსტის შემოკლებული ვარიანტი. როგორც წესი, იგი ახლავს ბოლოში სტატიას. კარგი რეზიუმეს შესქმნელად გაითვალისწინეთ შემდეგი: რეზიუმე არ გულისხმობს სიტყვა-სიტყვით ორიგინალური ტექსტის გადაწერას. როგორც ცნობილია, შემოკლება ერთ-ერთი რთული საქმეა, ამდენად რეზიუმეს შექმნისას მოკლედ უნდა გადმოსცეთ ძირითადი იდეა და შესაბამისი დეტალები. სხვანაირად რომ ვთქვათ, რეზიუმეს მიზანია, მკითხველს მიაწოდოს ორიგინალური ტექსტის მთავარი იდეა, რის შესახებ არის ის და რა არის ავტორის მთავარი სათქმელი. ამისათვის აუცილებელია, შეგვეძლოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია რეზიუმეს შექმნისას. ძირითადი ტექსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, თუ რაზეა ფოკუსირებული ეს ტექსტი და დასვით ტრადიციული კითხვები, რომლებსაც იყენებენ წერის პროცესში: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? როდის? ორიგინალურ ტექსტში ძირითადი იდეა შეიძლება წარმოდგენილი იყოს პირველივე პარაგრაფში ან შემდგომ. როგორც წესი, მხარდამჭერი იდეები ტექსტის განვითარებასთან ერთად არის წარმოდგენილი. რეზიუმეს დაწერამდე აუცილებელია ორიგინალური ტექსტის გულდასმით წაკითხვა და დამუშავება. ეს გულისხმობს შემდეგს:
კარგი რეზიუმეს შექმნა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომელთა დაცვაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. თითოეულ ეტაპს წარმოგიდგენთ თანმიმდევრულად:
1. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე არის ვრცელი ტექსტის შემოკლება და არა შეფასება. ამდენად, რეზიუმეში არ აისახება თქვენი პირადი განცდები, ემოციები, დამოკიდებულება და პოზიცია განხილულ საკითხთან დაკავშირებით. 2. პირველ რიგში, ორიგინალური ტექსტი წაიკითხეთ მთლიანად, რათა მასზე სრული წარმოდგენა გქონდეთ. 3. გაიაზრეთ, როგორ იწყება ტექსტი, როგორ არის განვითარებული ძირითადი იდეა და რამდენად შეესაბამება მას დასასრული. 4. არ მიაქციოთ ყურადღება ტრივიალურ, მეორეხარისხოვან დეტალებსა და ინფორმაციას. 5. კრიტიკულად წაიკითხეთ ყოველი პარაგრაფი და ჩაინიშნეთ ტექსტში განვითარებული ყოველი ახალი საკითხი. 6. აუცილებლად გამიჯნეთ ტექსტში მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ რეზიუმეში უნდა გადმოსცეთ მხოლოდ მთავარი ინფორმაცია, ძირითადი თეზისები, მთავარი არგუმენტები, ოღონდ ძალიან მოკლედ. მეორეხარისხოვანი ან ნაკლებად მნიშნველოვანი არგუმენტები რეზიუმეში შეიძლება გამოტოვოთ. თუ ტექსტში განვითარებულია რამდენიმე ძირითადი იდეა, თითოეულ მათგანზე უნდა ისაუბროთ. 7. გახსოვდეთ, არ გამოტოვოთ ტექსტში განვითარებული არც ერთი მთავარი აზრი.
პირველ რიგში, მკითხველს გააცანით ორიგინალური ტექსტის სათაური, მისი ავტორი და პუბლიკაციის ადგილი (ჟურნალი, ინტერნეტგვერდი და ა. შ.). ორი-სამი წინადადებით ჩამოაყალიბეთ, თუ რის შესახებ არის ტექსტი. რეზიუმეს შექმნისას მიყევით ტექსტის განვითარებას. გამოკვეთეთ, რა მიზანი ჰქონდა ავტორს და რა გზებით აღწევს მას. წერის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ თქვენი ტექსტი, გაასწორეთ ენობრივი და გრამატიკული შეცდომები. თქვენი რეზიუმე გაარედაქტირეთ, გადაამოწმეთ, რამდენად შეესაბამება თქვენი შემოკლებული ვარიანტი ძირითად ტექსტს, რამდენად არის ასახული მთავარი სათქმელი.
თავდაპირველად გაეცანით ცნობილი ბრაზილიელი მწერლის, პაოლო კოელიოს, ესეს „50 წლის შემდეგ.“ ტექსტის ბოლოს კი წარმოდგენილი იქნება რეზიუმე.
50 წლის შემდეგ დიპლომი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. დარჩება სამედიცინო, იურიდიული და საინჟინრო ფაკულტეტები. დანარჩენები გაქრება, რადგან მომავალი თაობები მიხვდებიან, რაოდენ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, განათლება მიიღო უნივერსიტეტში, შემდეგ კი იმუშაო იმ სფეროში, რომელსაც კავშირი არ ექნება იმასთან, რაც ისწავლე. დაბრუნდებიან ტომები. გამოჩენილმა მოღვაწემ კომუნიკაციის სფეროში, მარშალმა მაკლუენმა, აღნიშნა, რომ მსოფლიო გადაიქცევა ერთ დიდ სოფლად, სადაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ერთნაირი წესებით იცხოვრებს. მან ვერ შეძლო ეწინასწარმეტყველა ინტერნეტის გაჩენა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ თავიანთი გემოვნებისა და მიდრეკილებების შესაბამისად. სახელმწიფო, შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ადამიანები შექმნიან ვირტუალურ ერებს. დაიწყება ქალაქებიდან გასვლა. მეგაპოლისი, მემკვიდრეობა იმ ეპოქისა, როცა კომუნიკაციის საშუალებები და სამსახურის არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო, დაკარგავს თავის უწინდელ მნიშვნელობას. ხუროები და ხელოსნები გამოიმუშავებენ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებზე მეტს. ბანკების, მაღაზიებისა და სხვათა მომსახურება მთლიანად გადავა ვირტუალურ სფეროში. შეიცვლება „წარმატების“ ცნება: წარმატებულად ჩათვლიან მას, ვინც უკეთ ატარებს დროს და არა მას, ვინც უფრო მდიდარია. ცხოვრება გახდება ბევრად მარტივი. დავუბრუნდებით იმას, რაც მოგვანიჭებს სიამოვნებას მცირე თანხით ან საერთოდ უფასოდ, მაგალითად, ლამაზი პეიზაჟი ან გავლა პატარა ქალაქის ბაზარში. ინტუიციას არანაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ვიდრე ლოგიკას: ადამიანი დაიწყებს თავისი აქამდე უცნობი პოტენციალის განვითარებას. ქალღმერთი დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს. 50 წელი არ ეყოფა, რათა ზეციური დედის იდეა გვერდით დაუდგეს მამის დოქტრინას, ჩვენს დროში ასე გაბატონებულს თითქმის ყველა რელიგიურ მოძღვრებაში, მაგრამ ცრურწმენები შემცირდება და სავსებით შესაძლებელია, კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყოს მზადება იმისათვის, რათა მღვდელმსახურები გახდნენ ქალები. აპოგეას მიაღწევს ფუნდამენტალიზმი. სწორედ ამიტომ, ზემოთ ნახსენები ორი მოვლენის გამო, რეაქცია გამძაფრდება. იმაზე საუბრისას, რომ მსოფლიო გაიყოფა ტომებად, ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანნი ძირითადი რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან. სახელმწიფო ქსენოფობია დაიწყებს პოზიციების დათმობას. „მტრობა ყოველივე უცხოსა და უცხოების მიმართ“, მცნება, რომელიც ჩვენს დროში „პირველი სამყაროს“ ქვეყნებში ემიგრანტებისადმი შიშით გამოიხატება, მომავალში აისახება ემიგრაციის შესახებ კანონების გამკაცრებაში, მაგრამ ტომები უკვე შეიძენენ ძალას და, მიუხედავად ყველა კანონისა, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ, გაიმარჯვონ სახელმწიფო ქსენოფობიაზე. სამი მონოთეისტური რელიგიიდან ისლამი ყველაზე მეტად გაძლიერდება. დღეს, სამწუხაროდ, მუსლიმი ფუნდამენტალისტების მეოხებით, მოწამებრიობა პირველ პლანზე გადმოდის და ბატონდება. გაჩნდება ახალი ენები და საერთაშორისო ურთიერთობის ენა. მას, ვინც 50 წლის შემდეგ ესტუმრება ესპანეთს, შეეძლება დარწმუნდეს, რომ კატალონიაში ილაპარაკებენ მხოლოდ და მხოლოდ კატალონიურად, ბასკების ქვეყანაში კი ყველა ფირნიში და წარწერა მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება. მსგავსი რამ მოხდება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. დიალექტები და „რეგიონული ენები“ დაიშლება და გაძლიერდება, რადგან იქცევა ტომის კულტურული თვითიდენტიფიკაციის საშუალებად. ერთდროულად კი წარმოიქმნება ენა, რომელიც ხალხებს ურთიერთობის საშუალებას მისცემს. როგორც ჩანს, ეს იქნება ინგლისური, ასე მჭიდროდ დაკავშირებული ინტერნეტის შექმნასთან. თუმცა 2055 წელს ხალხის უდიდესი რაოდენობა ილაპარაკებს ჩინურად. მე 58 წლის ვარ და საეჭვოა, 108 წლამდე ვიცოცხლო, მაგრამ თუ ვინმე ჭაბუკს დააინტერესებს ჩემი შეხედულებები, დაე, ამოჭრას ეს სვეტი და როდისმე შეამოწმოს, დადასტურდება თუ არა ჩემი პროგნოზები.
50 წლის შემდეგ ჩვენი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერლისა და მოაზროვნის, პაოლო კოელიოს, მხატვრულ–პუბლიცისტურ ესეში „50 წლის შემდეგ“ (ავტორის ვინაობა და პუბლიკაციის სათაური) წარმოდგენილია ავტორის მოსაზრება, თუ როგორი იქნება სამყარო ნახევარი საუკუნის შემდეგ (ესეს ავტორის მიზნის გამოკვეთა). კოელიო ყურადღებას ამახვილებს სამყაროში მოსალოდნელ რამდენიმე კარდინალურ ცვლილებაზე (ორიგინალური ტექსტის ძირითადი იდეის გადმოცემა). ის მიიჩნევს, რომ შემცირდება პროფესიების რაოდენობა და შეიცვლება პრიორიტეტები, რადგან, კოელიოს აზრით, ადამიანები პრაქტიკულად ვერ იყენებენ მიღებულ განათლებას (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება). გარდა ამისა, სამყაროში სერვისი მთლიანად ვირტუალური გახდება. მართალია, კოელიო ამის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ მთელი ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ინტერნეტის განვითარება ამის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება). ამავე ტექსტში ავტორი საუბრობს, რომ 50 წლის შემდეგ შეიქმნება ვირტუალური ერები და ადამიანები მეგაპოლისებიდან პატარა დასახლებულ პუნქტებში გადაინაცვლებენ, რადგან დასაქმების შესაძლებლობა აღარ იქნება დაკავშირებული მხოლოდ დიდ ქალაქებთან (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება). 50 წლის შემდეგ ადამიანი ნაკლებად პრაგმატული და სხვა ღირებულებებზე ორიენტირებული იქნება. ამის მაგალითად კოელიოს მოჰყავს ის ფაქტი, რომ შეიცვლება ადამიანთა წარმოდგენა წარმატებაზე. ინტუიცია ისეთივე დასაფასებელი უნარი გახდება ადამიანისა, როგორიც ლოგიკაა (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება). შეიცვლება რელიგიური დოგმები და წარმოდგენები. ქსენოფობია მთლიანად დაიძლევა. რელიგიებს შორის გაძლიერდება ისლამი (მხარდამჭერი იდეა). გაჩნდება ახალი ენები, დიალექტები და რეგიონული ენები კიდევ უფრო დაიშლება და გაძლიერდება, რაც ხალხების კულტურული თვითიდენტიფიკაციის ნიშანია (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება). საერთაშორისო ურთიერთობების ენად იქცევა ინგლისური, რაც მჭიდროდ უკავშირდება ინტერნეტის შექმნას (მხარდამჭერი იდეა და მისი დასაბუთება).
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ესე და შექმენით რეზიუმე: კულტურა და ტრაგედია
როლან
ბარტი ყველა ლიტერატურული ჟანრიდან ტრაგედია ის ჟანრია, რომელიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს საუკუნის სახეს, აძლევს მას ღირსეულობის მაქსიმუმსა და სიღრმეს. ყველაზე მკაფიო ეპოქები არსით ტრაგიკულნი არიან: მეხუთე საუკუნის ათენი, ელისაბედის პერიოდი ინგლისში, მეჩვიდმეტე საუკუნე საფრანგეთში. ამ ეპოქების მიღმა ტრაგედია თავის კონსტიტუირებულ ფორმებშია დადუმებული. რა ხდება ამ ეპოქებსა და ქვეყნებში, რა უწყობს ხელს ტრაგედიის არსებობას და მის ბუნებრივობას? ჟანრის გავრცობის ველი აქ იმდენად ვრცელი იყო, რომ ტრაგედიათა ავტორები ჩნდებოდნენ ჯგუფებად და ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ასეთი კავშირი ეპოქასა და მის ტრაგედიულ პროდუქციას შორის შემთხვევითი არ არის. საქმე ისაა, რომ ეს ეპოქები კულტურის ეპოქები იყვნენ. თუმცა, აქ უნდა განვსაზღვროთ კულტურა არა როგორც ძალისხმევა დიდი ცოდნის მისაღწევად ან კულტურული მემკვიდრეობის ხარბად დაუფლება, არამედ ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც „მხატვრული სტილის ერთიანობა ხალხის ყველა სასიცოცხლო გამოვლინებაში“. ამგვარად, ჩვენთვის გასაგებია, რომ ტრაგედიების დიდ ეპოქებში გენიოსების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების შეთავსებაზე, არამედ ყოველთვის ძალიან მიზანმიმართულ ფორმათა გაწმენდაზეც, ანუ სულის შემოქმედებაში ერთიანი სტილის ძიებაზე.
მიღწეული
და
გამოხატული
უნდა
ყოფილიყო
ჰარმონიული
ხედვა,
თუმცა,
არ
იყო
აუცილებელი,
ის
ჯანმრთელი
ყოფილიყო;
ანუ,
განზრახ
შეიძლებოდა
დაეტოვებინათ
ნიუანსების,
კურიოზების,
შესაძლებლობების
რაღაც
რაოდენობა,
რათა
გათამაშებული
ყოფილიყო
წარმოდგენა
ადამიანური
გამოცანისა
თავის
საბრალო
არსში.
ტრაგედია სტილის ყველაზე დიდი სკოლაა. ის უფრო ადამიანური დრამის ინტერპრეტაციას გვასწავლის, ვიდრე ამ დრამის გადატანას. ტრაგედიის დიდ ეპოქებში ადამიანებმა შეძლეს მიეღწიათ არსებობის ტრაგიკული ხედვისათვის და შეიძლება ერთადერთხელ არ იყო ის თეატრი, რომელიც ცხოვრების იმიტაციას აკეთებს, არამედ ის წარმოგვიდგა როგორც სიცოცხლე, რომელმაც თეატრისაგან მიიღო ღირსება და ჭეშმარიტად მეომრული სული. ამგვარად, ამ ეპოქებში და ამ ურთიერთგაცვლაში სცენასა და სამყაროს შორის რეალიზდება სტილის ერთიანობა, რომელიც ნიცშეს სიტყვებით განსაზღვრავს კულტურას. იმისათვის, რომ დაიმსახუროს ტრაგედია, საზოგადოების კოლექტიურმა სულმა უნდა მიაღწიოს კულტურის გარკვეულ საფეხურს, არა ცოდნის, არამედ სტილის კულტურას. ყალბი კულტურით დაზიანებულ მასებს შეუძლიათ საკუთარ ბედში დრამის სიმძიმე იგრძნონ: ისინი კმაყოფილდებიან დრამის დონეს და ავრცობენ დრამატიზმის შეგრძნებას თავიანთი ცხოვრების უწვრილმანეს მოვლენებამდე. დრამაში მათ ხიბლავთ ეგოიზმის სიჭარბე, რომელიც მათ საბაბს აძლევს უსასრულოდ მოთქვამდნენ საკუთარი უბედობის უმნიშვნელო დეტალებამზეც კი და ეს, სხვათა შორის, აქრობს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ამ ასპექტში ტრაგედია უპირისპირდება დრამას. ტრაგედია არისტოკრატული ჟანრია, რომელიც გულისხმობს უნივერსალიზმის მაღალ დონეს, ადამიანური არსის ღრმა მკაფიოებას. თეატრალური ტრაგედია შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ქვეყნებსა და ისეთ ეპოქებში, სადაც საზოგადოებას არისტოკრატიული ხასიათი აქვს – სოციალური რანგით (მეჩვიდმეტე საუკუნე საფრანგეთში) ან ხალხის ორიგინალური კულტურით (მეხუთე საუკუნის საბერძნეთი). თუ დრამა (რომლის დაცემა მელოდრამაში გამოიხატება) აღმოცენდება ადამიანური უბედურებების უსასრულო გაფართოებით (ხშირად იმით, რაც წარმოშობილია სულმოკლეობით), ტრაგედია ვნებიანი სწრაფვაა ადამიანური ტანჯვით განწმენდისაკენ, რედუქციაა მისი არარედუქცირებადი არსისა. მისი საყრდენისაკენ – ესთეტურად სრულყოფილ ფორმად სტილიზაციისაკენ – პირველ საფუძველზე ადამიანური დრამისა, რომელიც ასე გაშიშვლებულადაა წარმოდგენილი და რომელსაც მხოლოდ ხელოვნებამ შეიძლება მიაღწიოს. სიცოცხლე არ წარმოშობს ტრაგედიას, პირიქით, ტრაგიკული გრძნობა სიცოცხლისა წარმოიშობა სწორედ ტრაგედიით. სწორედ ამიტომ ტრაგედიები თეატრში არ გადიან ისტორიულ ევოლუციას ისე, რომ ერთ სტადიას მოჰყვებოდეს მეორე გაუმჯობესებული სტადია და ა.შ.. ამისათვის აუცილებელი იქნებოდა, რომ თეატრალურ ტრაგედიას გაევლო საუკუნეთა ნელი ევოლუცია, ცხოვრებისა და მენტალიტეტის იმიტაცია გაეკეთებინა და მცდარი კულტურის ეპოქებში მდარედ ქცევა აერჩია და არა სიკვდილი. მაგრამ ტრაგედია სხვაგვარად მოქმედებს: მისი ისტორია – ეს სიკვდილისა და ბრწყინვალე აღორძინებების თანმიმდევრობაა. მას შეუძლია ისევე ამაღლებული უზრუნველობით გაქრეს, როგორითაც გამოჩნდეს ხოლმე: ევრიპიდეს შემდეგ ტრაგედია ქრება (თუ ჩვენ ვთვლით, რომ ის ტრაგედიების ავტორია, ნიცშესთვის ეს ასე არ არის). რასინის შემდეგ – მხოლოდ მკვდარი ტრაგედიებია, სანამ არ ჩნდება ახალი ტრაგიკული ფორმა, ძალიან გარკვეული, მაგრამ არა ადვილად საცნობი. თეატრალურ ტრაგედიებში ინტერესი ცნობისმოყვარეობით არ არის განპირობებული, როგორც დრამაში. პუბლიკა სულგანაბული არ ელოდება, რით დამთავრდება ყველაფერი. ყველაზე მშვენიერ ტრაგედიებში გახსნა თავიდანვე ცნობილია და მას არ შეუძლია იყოს სხვანაირი, არც ადამიანურ ძალაუფლებას, არც ღმერთის ძალას (ზუსტად ამაშია ტრაგიზმი) არ შეუძლიათ არც შეცვალონ და არც გააუმჯობესონ გმირის ბედი. და მიუხედავად ამისა, მაყურებლის სული ვნებიანად მიჯაჭვულია პიესის მსვლელობასთან. რატომ? ესაა ტრაგედიის სასწაული. ზუსტად ის გვაჩვენებს, რომ ჩვენი ყველაზე ინტიმური ძიებები მიდის არა ძირებთან, არამედ მიზეზებთან. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვიცით რით დამთავრდება სამყაროს არსებობა, უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ის რას წარმოადგენს, როგორია მისი ჭეშმარიტი აზრი – არა დროში, რომლის ძალაზე შეიძლება იკამათო და ასეც ხდება, არამედ სამყაროს სივრცეში, რომელიც თავისუფალია დროისაგან. ამგვარად, ყველა თეატრალური ტრაგედიიდან გამომდინარეობს შემდეგი გაკვეთილი (თუ სიმართლეა ის, რომ ხელოვნებამ შეიძლება საერთოდ რამე ასწავლოს): ადამიანი - ეს ნახევრადღმერთი ტოვებს სამყაროში თავისი აზრის, სურვილისა და ცოდნის გამოკვეთილ ნიშანს, როგორც გრძნობათა სიმდიდრისა და მოქმედებათა მრავალფეროვნების წყაროს. მაგრამ აზრის ეს ამორჩევითი ძალა, რომელიც ადამიანს გამოჰყოფს სამყაროს უნივერსალური რიტმიდან, არ უთანაბრებს მას, ამავე დროს, ღვთაებრივ ძალას, არამედ მის სულს თრგუნავს უსასრულო და უკურნებელი ტანჯვით. ამ ტანჯვითაც შეიქმნა სამყარო, ჩვენი ადამიანური სამყარო. თეატრალური ტრაგედია გვასწავლის, ვჭვრეტდეთ ამგვარ განცდას სისხლიანი ანარეკლით ან, უფრო სწორად, გვასწავლის გავაღრმავოთ ეს განცდა მისი გახსნითა და განწმენდით. ის ჩვენ გვასწავლის ჩავიძიროთ ამ წმინდა ადამიანურ ტანჯვაში, რომლითაც ჩვენ განვიმსჭვალებით სულითა და ხორცით, რათა აღმოვაჩინოთ მასში არა აზრი ჩვენი არსებობისა (ეს დანაშაული იქნებოდა), არამედ ჩვენი საბოლოო არსი და მასთან – სრული დაუფლება საკუთარი ადამიანური ხვედრისა. ამით ჩვენ ვბატონობთ ასატან და გაუგებარ ტანჯვაზე გაგებული და სასოებით მიღებული განცდის მეშვეობით და დაუყოვნებლივ ტანჯვა გადაიქცევა სიხარულად. ამგვარად, ოიდიპოსი, რომლის გული აღსავსეა უზარმაზარი ტკივილით უნებლიე მამის მკვლელობისა და დედაზე ქორწინების გამო, რამდენადაც ის განჭვრეტს და წყევლის თავის დარდს და, ამავდროულად, არ ცდილობს მისგან განთავისუფლებას, ნელ-ნელა იცვლება და ნათებას იწყებს (ის დამნაშავეა) არაადამიანური, კვაზიღვთიური შუქით. ბერძნულ სცენაზე მსახიობები კოტურნებს (ფეხსაცმელი ძალიან სქელ ძირებზე) ატარებდნენ, რომლებითაც ისინი ჩვეულებრივ ადამიანურ სიმაღლეზე მაღლები ჩანდნენ. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უფლება ვხედავდეთ ტრაგედიას სამყაროში, ეს სამყარო უნდა შედგეს კოტურნებზე და თუნდაც ოდნავ აიწიოს ნაცრისფერ ყოველდღიურობაზე. სხვადასხვა ადამიანები და დროები თანაბრად არ იმსახურებენ ტრაგედიაში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, დრამა ფართოდაა გავრცობილი სამყაროში. ტრაგედია უფრო იშვიათია, რადგან ის სპონტანურად არ აღმოცენდება. ტრაგედია იქმნება განცდით და ხელოვნებით, ის გულისხმობს, რომ ადამიანთა ნაწილი ფლობს ღრმა კულტურას და არსებობს სტილის ერთიანობა ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. ტრაგიკულ გმირს ახასიათებს (და ეს თვისება შენარჩუნებულია მასში მაშინაც, როცა ის სრულიად უსარგებლოა) „ვნებიანი სურვილი, რომ არ დამარცხდეს“ (ჰიუგო).
ამგვარად,
აუცილებელია
ბედთან
გმირული
წინააღმდეგობა
ან,
თუ
გნებავთ,
ბედის
გმირულად
მიღებაც,
რათა
შესაძლებელი
იყოს
თქმა
იმისა,
რომ
ამ
ადამიანმა
ან
ხალხმა
სიცოცხლეში
შექმნა
ტრაგედია.
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ესე და შექმენით რეზიუმე: ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი ილია ჭავჭავაძე ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლისღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს. ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო. მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელი ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანაოძმეთა ნაშრომითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს. ეს ფული ყველა მკვიდრზე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად იხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს და გერმანიისა - 12 ½-ს. ეხლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27 000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს. როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ, ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდის ამ სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმმწიფონი კი თანდათან ვალებში სცვივიან. რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვთ სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ-იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადაწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ესე და შექმენით რეზიუმე: რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდანკახა ბენდუქიძედიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა. მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება და დაცვასაც საჭიროებს. მაგრამ... საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა და არა სამთავრობო. ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში და ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები? ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა-თ და კარ-ებ-ებ-ი აღარ ვთქვათ? – ამას არც ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს. ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის იმედი გვაქვს? თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან. გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:
მივხვდი მნიშვნელოვან რამეს – ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია. ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ საკითხებზე ფიქრობს. გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე მიდის და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს – ის სწავლობს ინგლისურს ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ, ფაქტობრივად, ადამიანი ორენოვანი ხდება – ანუ შეუძლია ორ ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს, მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა დაზაფროს. რა ხდება სინამდვილეში? ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო – დაწყებული ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია და დამთავრებული დღევანდელი კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია – ორენოვნობას არ მოაქვს სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით – როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც უფრო სხარტები არიან და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მაშ, თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი, ფაქტობრივად, ორენოვანია: ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი ნაწილი და ა.შ. რა შორს მივდივართ – სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის. რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას – საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც – ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები და, ასევე, რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან და დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი ენაა და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად. P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე – საბავშვო ბაღში. იყო თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ – მე არაფერ შუაში ვარ.
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ესე და შექმენით რეზიუმე:
ენობრივი სიტუაცია და მისი კომპონენტები ირინე ჩაჩანიძე საყოველთაოდ გაზიარებული თვალსაზრისის თანახმად, ადამიანი ენობრივი არსებაა. კაცობრიობის ისტორიაში დადასტურებულ სხვა მრავალ შემთხვევასთან ერთად ბევრად უფრო აქტუალური გახდა მე-20 საუკუნეში წარმოებული ორი მსოფლიო ომის და ე. წ. სოციალისტური ბანაკის დაშლის შედეგად განვითარებული მოვლენების შემდეგ. ამ მოვლენებში ენობრივი კომპონენტი უდიდესი მასშტაბით იყო და არის წარმოდგენილი. ამ მასშტაბურობის მიზეზი ხსენებული პერიპეტიების შედეგად დაწყებული პოლიტიკური პროცესები გახლდათ, როცა განვითარდა ისეთი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები, რომელთაც თან სდევდა ახალი სახელმწიფოების შექმნა. ახალ სახელმწიფოებში მრავალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური პრობლემა იყო მოსაგვარებელი. მათ შორის უკანასკნელ ადგილს არ იკავებდა ენობრივი საკითხები. მათ გადასაჭრელად აუცილებელი იყო იქ არსებული ენობრივი სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი შედეგების საფუძველზე სათანადო ენობრივი პოლიტიკის გატარება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ენობრივი სიტუაციის კვლევა სოციოლინგვისტიკის მიერ ინიცირებული არ ყოფილა. საკითხის აქტუალურობამ თავისთავად მიიყვანა პოლიტიკოსებიცა და მეცნიერებიც მისი შესწავლის აუცილებლობის გაცნობიერებამდე. მიუხედავად ამისა, სოციოლინგვისტიკის, როგორც ენისა და საზოგადოების ურთიერთობაზე ორიენტირებული სპეციალიზებული სამეცნიერო დისციპლინის, ჩამოყალიბებამდე ენობრივი სიტუაციისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა მოკლებული იყო სისტემურობასა და თანამიმდევრულობას, რაც გამოიხატებოდა ადეკვატური მეთოდების უქონლობაში, ერთიანი კრიტერიუმების დაუდგენლობაში, ტერმინოლოგიურ ბუნდოვანებაში. ყველაფერ ამას, რა თქმა აუნდა, მეცნიერული თვალსაზრისით, არაობიექტურ შედეგამდე მივყავდით. ძნელი სათქმელია, რომ თანამედროვე სოციოლინგვისტიკამ ყველა ეს შიდადარგობრივი მეთოდური პრობლემა გადაჭრა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ უკვე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სათანადო ცნებითი აპარატი და შესაბამის ტერმინთა სისტემა. სამეცნიერო ინტერესის ზრდა ენობრივი სიტუაციის პრობლემის მიმართ გამოიწვია იმის გაცნობიერებამ, რომ ენის ფაქტორი ძალიან დიდ როლს ასრულებს როგორც ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფოს ცხოვრებაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. ენობრივი პოლიტიკა თითოეული ქვეყნის საერთო პოლიტიკის უშუალო შემადგენელი ნაწილი გახდა იმისთვის, რომ მართებულად განისაზღვროს ენობრივი პოლიტიკის მიმართულებები მოცემული ქვეყნისათვის. სწორედ იქ არსებული ენობრივი სიტუაციის ადეკვატური შესწავლაა აუცილებელი. |
||||||||||||||||||||
111. მხატვრული ტექსტის ანალიზი კრიტიკული/ანალიტიკური კითხვისა და წერის პრინციპების გათვალისწინებით |