ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

11. მხატვრული ტექსტის ანალიზი კრიტიკული/ანალიტიკური კითხვისა და წერის პრინციპების გათვალისწინებით

შინაარსი

ნალიტიკური ტექსტის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე არის მხატვრული ნაწარმოების ანალიზი. მხატვრული ნაწარმოები შეიძლება რამდენიმე მიმართულებით გაანალიზდეს, კერძოდ:

·      საკუთრივ მხატვრული ნაწარმოების ანალიზი;

·     მხატვრულ ნაწარმოებში წარმოჭრილი ცალკეული კონკრეტული პრობლემის ანალიზი;

·      ნაწარმოების ლიტერატურულ-მხატვრული ანალიზი;

·      ნაწარმოებთან დაკავშირებული ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების განხილვა;

·      გმირების დახასიათება;

·     პრობლემის ან გმირის შეპირისპირებითი ანალიზი;

შესაძლებელია ლიტერატურული ნაწარმოების როგორც ცალკეული ამ მიმართულებით გარჩევა, ისე მთლიანად ტექსტის ანალიზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გათვალისწინებით. ეს დამოკი­დებულია თქვენს მიზანსა და კონკრეტულ ამოცანებზე.

 ლიტერატურული ტექსტის ანალიზისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული წაკითხვა, ამდენად, მკითხველის როლი გაცილებით დიდია, რადგან ლიტერატურული ტექსტი ყველა სხვა ტიპის ტექსტზე მეტად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. ბუნებრივია, ინტერპრეტირება იმდენგვარად შეიძლება, რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ინტერპრეტირება არ შეიძლება იყოს ბოლომდე თავისუფალი, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე არსებითი ფაქტორი:

  • გავლენები, რომლებიც, ერთი მხრივ, საკუთრივ ამ ნაწარმოებმა განიცადა და, მეორე მხრივ, მოახდინა სხვა მწერლების შემოქმედებაზე;

  • რა არის ნაწარმოებში ტრადიციული და ინოვაციური.

 ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ამავე დროს, გულისხმობს ტექსტის ადეკვატურ გააზრებას, გაგებას, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციისა და დეტალების გამიჯვნას, კონკრეტული ფაქტების განზოგადებასა და პარალელების მოყვანას, ამა თუ იმ სიმბოლოს მოძებნასა და განმარტებას.

აქედან გამომდინარე, ტექსტის ინტერპრეტაცია მოიცავს ობიექტურ, კონკრეტულ და დასაბუთებულ ინფორმაციას და არ არის განზოგადებული, სუბიექტური, ექსპრესიული საუბარი. შესაბამისად, თქვენი პოზიციაც უნდა იყოს დამყარებული არა პირად შეგრძნებებსა და ემოციებზე, არამედ ლოგიკურ, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, დასკვნებიც უნდა იყოს სათანადო, დასაბუთებული და ტექსტური მასალით გამყარებული.

  

ტექსტის გააზრება

 მხატვრული ტექსტის ანალიზის პირველი ეტაპია ტექსტის კრიტიკული წაკითხვა. პირველ ეტაპზე საკმარისია ტექსტის გაცნობითი წაკითხვა, ზოგადი გააზრება და გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ტექსტი მეორედაც წაიკითხოთ, რაც არ უნდა დიდი მოცულობისა იყოს ის. მეორედ წაკითვის დროს უკვე  გაიაზრეთ ავტორის მიზანი, ძირითადი სათქმელი, საშუალებები, მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, გაამახვილეთ ყურადღება, არის თუ არა ტექსტში წარმოდგენილი  ქვეტექსტი, გამოყავით მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, გამოყავით სიუჟეტური ხაზი, ფაბულა, საკვანძო ეპიზოდები, კულმინაცია და ა. შ.

  

გაითვალისწინეთ:

 

ტექსტის დამუშავებაში დაგეხმარებათ ტექსტშივე მუშაობა, თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის გახაზვა ან ცალკე ამოწერა.

  ტექსტის დამუშავებისას დასვით შემდეგი დამხმარე კითხვები და გაეცით მათ პასუხები თქვენს წერილობით ტექსტში. ეს საგრძნობლად დაგეხმარებათ ანალიზის აგებასა და სწორად წარმართვაში.

  

ნაწარმოების გააზრებასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვები:

 

 

  • რის შესახებ არის ტექსტი?

  • ტექსტი ეყრდნობა მთლიანად გამოგონილ ამბავს თუ მწერალი რეალურ ან ისტორიულ ამბებს მოგვითხრობს?

  • როგორია თქვენი დამოკიდებულება ტექსტისადმი და რატომ?

  • რა მოლოდინი გაგიჩნდათ ნაწარმოების კითხვისას და როგორ გამართლდა თქვენი მოლოდინი?

  • კულტურულად რამდენად მისაღებია ნაწარმოებში გადმოცემული ფასეულობები, ურთიერთობები, ფაქტები კონკრეტული საზოგა­დოებისთვის და რატომ?

  • რა მიმართებაა ნაწარმოებსა და სათაურს შორის?

  • რა მოლოდინს აღძრავს თქენში სათაური?

  • დაგიტოვათ თუ არა უკმარისობის გრძნობა ნაწარმოებმა, რა თვალსაზრისით და რატომ?

  • რომელი გმირისკენ იხრება თქვენი სიმპათია და რატომ?

  • ოგორ ერწყმის ნაწარმოებში ისტორიული რეალობა და მხატვრული  ტექსტი?

  • რა წყაროს ეყრდნობა ავტორი ნაწარმოების შექმნისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • რა / ვინ არის მწერლის შთაგონების წყარო? (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • ვის ეძღვნება ნაწარმოები და რის თქმის საშუალებას იძლევა ეს? (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • რა ეპიგრაფი უძღვის ნაწარმოებს? (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • ემთხვევა თუ არა ფაქტების, მოვლენების, გმირების შეფასებისას თქვენი პოზიცია ავტორის პოზიციას?

  • თქვენი აზრით, ნაწარმოების რომელი ეპიზოდია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

  • თქვენი აზრით, რომელ ქმედებაში ვლინდება ყველაზე მეტად ამა თუ იმ გმირის ხასიათი, სურვილი, მისწრაფება, ღირებულებები?

  • რომელ ეპოქას  განეკუთვნება ნაწარმოები და რამდენად არის ასახული ეპოქალური მოვლენები ნაწარმოებში?

  • რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება ნაწარმოები?

  • რა ფაქტორები ახდენს გმირის ხასიათის ჩამოყალიბებაზე უშუალო გავლენას? ოჯახი, პროფესია, საზოგადოება, გარემო და . .

  • რამდენად ფასეულია ნაწარმოები ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით?

  • იძლევა თუ არა ნაწარმოები ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობებს, ყოფითი რეალიების ამსახველ ინფორმაციას?

  • რა სხვაობაა ნაწარმოებში აღწერილ ეპოქასა და მკითხველის ეპოქას შორის კულტურული, ისტორიული და სოციალური ღირებულებებისა და ორიენტირების თვალსაზრისით?

  • რომელი მწერლებისა და ლიტერატურული მიმართულებების გავლენას განიცდის ნაწარმოები? (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ნაწარმოებებთან?

  • შეიძლება თუ არა ნაწარმოებში გადმოცემული ამბის, ფაქტის განზოგადება?

  • რა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?

 

       

 

  მაგალითი:

 

 

 

 

 

ნოველას „ტრაგედია უგმიროთ“ არ ჰყავს კონკრეტული გმირი - ნოველაში აღწერილი ამბის „გმირი“ მთლიანად საზოგადოებაა, რომელსაც მინიმალური სამართლიანობის პრინციპისთვის ვერ მიუგნია სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობისას. პიროვნება ეწირება საზოგადოების არასრულფასოვნებას, ანუ კონკრეტული სიცოცხლე წყდება არაპიროვნული აბსტრაქციის გამო. ამიტომ არის ეს ყველაფერი ტრაგედია უგმიროდ - ვერც მამა ამაღლდა გმირის სტატუსამდე და ვერც კონკრეტულ დამნაშავეს იპოვით, დატრიალებული უბედურების გამო პასუხისმგებლობა რომ დაეკისროს.

გ. მურღულია

 

„ბახტრიონში“ ნამდვილ ამბავს ემატება პოეტის გამოგონება, ფანტაზია. ის ორგანულად არის შერწყმული ხალხურ ფანტაზიასთან.

ვასილ ბარნოვის „არმაზის მსხვრევაში“ კონფლიქტი ქრისტიანობასა და წინამორბედი რწმენის ადეპტთა შორის იმდენად მარტივადაა წარმოსახული, რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური გართულება იმთავითვე გამორიცხულია.

გ. ასათიანი

 

„თორნიკე ერისთავში“ ბრძოლის ველი და საბრძოლო ვითარება დანახულია არსებითად ერთი წერტილიდან. ეს არის მხედართმთავრის ხედვის წერტილი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჭადრაკის დაფაზე  წინასწარ დასახული გეგმით, მოწინააღმდეგეთა გონებამახვილური სვლებით, რომლებიც საერთო სტრატეგიული ჩანაფიქრიდან გამომდინარეობენ.

გ. ასათიანი

 

 

გმირის / პერსონაჟის დახასიათებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

 

 

  • რა თვისებები უწყობს ხელს გმირის წარმატებას და რატომ ფიქრობთ ასე?

  • რა თვისებების ნაკლებობა უშლის გმირს წარმატების/მიზნის მიღწევაში და რატომ?

  • რა თვისებები უწყობს ხელს გმირს მკითხველის სიმპათიის მოპოვებაში?

  • რა თვისებების გამო განეწყობა მკითხველი უარყოფითად კონკრეტული გმირისადმი?

  • როგორ ვლინდება გმირის სახე ნაწარმოების დასაწყისში?

  • რა პრობლემების წინაშე დგას გმირი და რამდენად ახერხებს ის მათ გადალახვას? თუ ვერ ახერხებს, რა უშლის მას ამაში: პიროვნული სისუსტე, ობიექტური ვითარება, გარემო პირობები?

  • რა ფუნქცია აქვს მწერლის მიერ აღწერილ გმირის პორტრეტს?

  • ნაწარმოების მსვლელობისას როგორ ვითარდება გმირის პიროვნება? ის დადებით თვისებებს იძენს და მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და აღწევს ამას თუ ზნეობრივად ეცემა?

  • რა იდეა უკავშირდება ამ გმირს ნაწარმოებში და რატომ ფიქრობთ ასე?

  • რომელ საკვანძო ეპიზოდში ვლინდება გმირის სახე?

  • რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი გმირის დასახასიათებლად?

  • როგორია ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითი, უარყოფითი თუ ნეიტრალური) და რაში ვლინდება ეს?

  • გმირი სახე-ხასიათია თუ სახე-სიმბოლო?

  • რით განსხვავდება გმირი საზოგადოებისაგან? რა ფასეულობები და თვისებები განასხვავებს მას საზოგადოებისაგან და გამოარჩევს მას?

  • რა გავლენა მოახდინა გმირმა საზოგადოებაზე?

  • როგორია გმირი: დადებითი, უარყოფითი, ტრაგიკული, კომიკური, გროტესკული და ა. შ.?

  • რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნება გმირი და რამდენად ატარებს ის თავისი სოციალური კლასის ნიშნებს?

  • გმირი გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური?

  • როგორია გმირის ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან?

  • ემორჩილება თუ არა გმირი საზოგადოებაში გაბატონებულ  წესებსა და კანონებს და თუ უგულებელყოფს, რატომ? ეს მას დადებითად ახასიათებს თუ უარყოფითად? რატომ ფიქრობთ ასე?

  • როგორია გმირის მსოფლმხედველობა და მისი მსოფლაღქმა?

  • როგორია გმირის ინტერესები, მიდრეკილებები და როგორ, რა კონკრეტული ფაქტებით ვლინდება ეს ნაწარმოებში?

  • გმირის რა შინაგანი განცდებია გადმოცემული ნაწარმოებში?

  • გმირის ბუნება ჩანს ავტორის დახასიათება-აღწერით თუ გმირის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედებით?

                                                                                  

 

 

მაგალითი:

 

 

 

 

 

თავსაფრიან დედაკაცს ხშირად ოთარაანთ ქვრივს ადარებენ. მათ შორის საერთოა ქვრივობა, გაჭირვება, უტეხი ნებისყოფა, ამაყი ხასიათი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ოთარაანთ ქვრივი უფრო მონუმენტურია, გაუბზარავი ხასიათისაა. შვილთან დამოკიდებულებაც მას სხვაგვარი აქვს. ილიას ნაწარმოები სოციალური ჟღერადობითაც გაცილებით ფართოა.

ტ. კვანჭილაშვილი

 

კუზმა კილგას შემზარავი პორტრეტის მეშვეობით ავტორი გვიამბობს, რა მძიმე და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა გავლილი კუზმა კილგას. მოთხრობაში აღწერილი ამბავი მწერალს არ აძლევს საშუალებას უფრო დაწვრილებით გვიამბოს კუზმა კილგას ცხოვრება,  ამიტომ ყველაფერი უნდა გამოიხატოს კილგას რელიეფურად დახატული პორტეტით.  ამ გზით მან უნდა გამოავლინოს კუზმას ვაჟკაცური ბუნება, რევოლუციის დაუნდობლობაც და რომანტიკაც.

ა. ბაქრაძე

 

 

მოვლენის/ სიტუაციის გაანალიზებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

 

 

  • რა მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებში აღწერილ მოვლენას ქვეყნისათვის კულტურული, მორალურ-ზნოებრივი თვალსაზრისით?

  • რატომ გაამახვილა ამ მოვლენაზე ყურადღება ავტორმა და რატომ ფიქრობთ ასე?

  • არის თუ არა აღწერილი მსგავსი მოვლენა რომელიმე სხვა ნაწარმოებში? მოძებნეთ პარალელები, რაშია მათი მსგავსება და განსხვავებები?

  • ეს მოვლენა რეალური ფაქტია თუ გამოგონილი?

  • რის თქმა სურს ავტორს ამ მოვლენის აღწერით? რა არის ავტორის მიზანი?

  • ამ მოვლენის აღწერისას ავტორი ღიად ამბობს სათქმელს თუ შეფარვით?

  • ამ მოვლენას ავტორი დადებითად აფასებს, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, თავს არიდებს შეფასებებს?

  • როგორია ტექსში აღწერილი მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულება?

  • რა ფაქტორებმა განაპირობა ტექსტში გადმოცემული მოვლენის მწერლისეული ინტერპრეტაცია?

  • რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი კონკრეტული მოვლენის აღწერისას?

  • როგორ უკავშირდება კონკრეტული მოვლენა ნაწარმოებში აღწერილ სხვა მოვლენებს?

  • როგორია ამა თუ იმ გმირის როლი კონკრეტულ მოვლენაში?

  • რამ გამოიწვია და რამ შეუწყო ხელი ნაწარმოებში  აღწერილი მოვლენის განვითარებას?

  • რა ფუნქცია აქვს აღწერილ მოვლენას?

  • მოსალოდნელი იყო თუ არა მოვლენის ამგვარი განვითარება და რატომ?

  • რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ნაწარმოებში აღწერილ კონკრეტულ მოვლენას?

 

 

მაგალითი:

 

 

 

 

 

 

„შუშანიკის წამებაში“ აღწერილი ამბები ფასდაუდებელი წყაროა ისტორიული რეალობის აღსადგენად. ნაწარმოები ინფორმაციას იძლევა რამდენიმე ისტორიული პირის შესახებ: სპარსეთის მეფე, ვარსქენ პიტიახში, კათალიკოსები და ა. შ. ნაწარმოები მნიშვნელოვან ცნობებს გვაძლევს ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. აქვე შეგვიძლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ მეხუთე საუკუნის ქართლში არსებული კულტურტურული ვითარების შესახებ. ხელმისაწვდომი იყო წიგნები, განათლება, ითარგმნებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა... აქვე წარმოდგენილია ცნობები ჩვენი ტრადიციების შესახებ, მაგალითად, პურობის ეპიზოდი, დაკრძალვის რიტუალი და ა. შ. ამავე ნაწარმოებიდან ვიგებთ ცნობებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. მაგალითად, დედოფალი შემოსილია ანტიოქიურ პოლიკარტში, მოსასხამში. ნაწარმოებში გადმოცემულია ზედმიწევნითი ცნობები როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო საზოგადოებაში არსებული მკაცრი სტრუქტურების, საეკლესიო და საერო პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი დამოკიდებულების შესახებ. იმდენად დიდია ჰაგიოგრაფიის როლი ქართული ისტორიოგრაფიის შესწავლის საქმეში, რომ ივანე ჯავახიშვილმა მას ძველი ქართული საისტორიო მწერლობა უწოდა.

 

 

მხატვრული ტექსტის ისტორიულ ანალიზთან დაკავშირებული შეკითხვები

 

  • რომელი ეპოქაა აღწერილი?

  • რით არის აღწერილი ეპოქა გამორჩეული მსოფლიო, რეგიონის ისტორიაში? გამოყავით ეპოქის მახასიათებლები.

  • რა წყაროებს ეყრდნობა ნაწარმოები და საიდან ჩანს?

  • რა ხერხებს იყენებს ავტორი ისტორიული კოლორიტის აღსადგენად (მეტყველება, სამოსი, პერსონაჟები და ა. შ.)?

  • პერსონაჟთაგან გვხვდება თუ არა ისტორიული რეალური პიროვნება და რა სხვაობაა ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟსა და რეალურ გმირს შორის?

  • ეთნოგრაფიული ხასიათის რა ცნობები გვხვდება ნაწარმოებში?

  • რა გეოგრაფიული გარემოა წარმოდგენილი ნაწარმოებში?

  • კულტურული ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?

  • პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?

  • როგორი სოციალური ფორმაციაა აღწერილი ნაწარმოებში?

  • როგორია რელიგიური ვითარება ნაწარმოებში და ჩანს თუ არა მიმართება სხვა რელიგიურ აღმსარებლობებთან?

  • არის თუ არა აღწერილი ნაწარმოებში რომელიმე ცნობილი ბრძოლა, ისტორიული ფაქტი, მოვლენა და რა როლი ითამაშა ამან როგორც ქვეყნის/რეგიონში არსებულ ვითარებაში, ისე მხატვრული ნაწარმოების განვითარებაში;

  • არის თუ არა ნაწარმოებში დაცული ესა თუ ის ცნობა/ინფორმაცია ისტორიული ვითარების შესახებ, რომელიც სხვა ნაწარმოებში არ გვხვდება.

 

ტექსტის მხატვრულ ანალიზთან  დაკავშირებული შეკითხვები

 

  • რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად?

  • რა განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას?

  • იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს თუ მისი თხრობა არის სადა და ინფორმატიული?

  • მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?

  • ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს თუ მეტაფორულად?

  • არის თუ არა ნაწარმოებში სიმბოლური ხატები?

  • რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაწარმოების სათაურს და რამდენად აღწევს მიზანს ავტორი?

  • როგორია ნაწარმოებში თხრობის დინამიკა? როგორია ავტორისეული რიტმი, მელოდიკა და ა. შ.

  • როგორია ავტორის თხრობის მანერა?

  • ექსპრესიულია თუ არა ავტორის თხრობის სტილი?

  • რა ენობრივ ქსოვილს (საშუალებებს) იყენებს ავტორი პერსონაჟის მეტყველებაში? (დიალექტი, არქაიზმი, ჟარგონი, ბარბარიზმი, ჩვეულებრივი, სადა, არაფრით გამორჩეული ენა და ა. შ.)

  • რამდენად ადეკვატურად არის გამოყენებული სიმბოლოები ნაწარმოებში და აღწევს თუ არა ავტორი მიზანს?

  • გამოყენებულია თუ არა უნივერსალური, ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმბოლური ხატები?

  • არის თუ არა გამოყენებული ნაწარმოებში სიუჟეტური შენიღბვის ხერხი?

  • იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას სხვა მისთვის უცხო კულტურული სივრციდან მომდინარე მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს?

  • რა ეპითეტს/შედარებას/მეტაფორას და ა. შ. იყენებს ავტორი, არის თუ არა ისინი ორიგინალური და აღწევს თუ არა სათანადო ეფექტს?

  • არის თუ არა ნაწარმოებში ლირიკული გადახვევა და რა მიზნით?

  • როგორია ნაწარმოების სიუჟეტური წყობა? როგორ არის წარმოდგენილი ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა?

  • იყენებს თუ არა ავტორი იდიომებსა და ფრაზეოლოგიურ ერთეულებს? არის თუ არა ისინი ორიგინალური?

  • იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას ირონიას, გროტესკს, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას?


 

 

 

 

მაგალითი:

 

 

 

 „ჯაყოს ხიზნების“ სიუჟეტი მარტივია, ამბავი სამი გმირის გარშემო ტრიალებს. თხრობა დინამიკურია და არსად არ მდორდება. თვით ვრცელი დიალოგებიც კი ვერ ანელებს რიტმს.

  

 ვაჟას შემოქმედებაში წვიმის განმაცოცხლებელი ძალა მეტაფორაა პოეტური შემოქმედებისა, საერთოდ, შთაგონების ნაყოფისა (შდრ. მოსეს სიმღერა, სადაც სიტყვა გაიგივებულია ცხოველმყოფელ ცვარსა და წვიმასთან, მეორე სჯ. 32, 2). პოეტი პირდაპირ ამბობს: „ნაყოფიერად ვქმენ ნაგვალი მიწა, როგორაც წვიმამ, მოსულმა ცათა“ („ნუგეში მგოსნისა“).

ზურაბ კიკნაძე

  

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის დამახასიათებელია გაპიროვნება. გაპიროვნების მეშვეობით იგი ახერხებს პოეტურობა შესძინოს სიტუაციას, მომენტის აღქმას და ხშირად  დაჩაგრულის მიმართ თანაგრძნობა უფრო ნათლად და ემოციურად გამოხატოს.

 

გიორგი ლეონიძის პოეტურ მემკვიდრეობაში დიდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხატვრული მეტყველება. ტროპის სახეები მის პროზასა და პოეზიაში გრძნობათა მკაფიოდ გამოხატვას უწყობს ხელს. იგი, ერთი მხრივ, იყენებს ქართულ ლიტერატურაში ტრადიციად ქცეულ მხატვრულ სახეებს და, ამავე დროს, თვითონ ქმნის ახალ უძლიერესი ესთეტიკური განცდის აღმძვრელ სახე-სიმბოლოებსა და ტროპის სახეებს.

 

„ტრაგედია უგმიროდ“ სამ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ექსპოზიციაა, აქვე ხდება კვანძის შეკვრა. მწერალი შიმშილისაგან დაუძლურებულ მამას გვაცნობს, რომელსაც ევალება შვილებსა და საკუთარ თავზე ზრუნვა. მისი მოქმედება მექანიკური, გაუაზრებელი და უემოციოა. ერთი ფიქრიც არ მოსდის თავში... მეორე ნაწილში მოცემულია კულმინაცია და კვანძის გახსნა. სიხარულით „ასხრიალებული“ ბავშვების თვალწინ მოსიყვარულე მამა ხმაში სინაზესაც კი დაიტყობს. მაგრამ ბავშვები ნათლიის მსგავსად გრძნობენ მასში მომხდარ ცვლილებებს და დაეჭვებით ეკითხებიან: გვაჭმევ?

მ. კუჭუხიძე

 

ავტორი იყენებს ქართული ენის ლექსიკურ ფონდში არსებულ მდიდარ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს. ის ამით აძლიერებს თავის სათქმელსა და ექსპრესიას, მკითხველისათვისაც უფრო გასაგებსა და ახლობელს ხდის სათქმელს. გარდა ამისა, ზოგჯერ იგი თავად ქმნის ახალ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, რომლებიც მოგვიანებით მკვიდრდება ჩვენი ენის ლექსიკურ ბაზაში.

 

ავტორის თხრობის მანერა სადა და მარტივია, ის ჩვეულებრივი ენით საუბრობს, ყოველგვარი მხატვრული სამკაულების გამოყენების გარეშე გვიყვება ამბავს. სწორედ ამით აქცევს იგი მკითხველს შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილედ, სწორედ ეს არის ამ ნაწარმოების მხატვრული ღირსება.

 


 

მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა

 მხატვრული ტექსტის ანალიზი, როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა და შეფასების შემთხვევაში დაბალი ქულა დაიწერება.

შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული. რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს  მსჯელობა და მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.

 

 

დაიმახსოვრეთ:

 

  • შესავლის შექმნისას თავი აარიდეთ იმ ზოგადი ინფორმაციის გადმოცემას, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება თემას.

  • არ წარმოადგინოთ ემოციური, სუბიექტური დამოკიდებულება;

  • შესავალი და დასკვნა უნდა იყოს კონკრეტული;

  • შესავალი და დასკვნა არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი;

  • არ არის საჭირო შესავალში დეტალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია ავტორის შესახებ;

  • თავი აარიდეთ ვრცელ და მაღალფარდოვან წინადადებებს.

გაითვალისწინეთ:

 

მხატვრული ნაწარმოების ანალიზი უნდა იყოს არგუმენტირებული.  ტექსტური მასალიდან წარმოდ­გენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტები, კონ­კრეტული მაგალითები.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტირებისა და პერიფრაზის ხერხები.

 

  

 

 

მაგალითი:

 

 

 

წარმოგიდგენთ მხატვრული ნაწარმოების ანალიზის რამდენიმე ნიმუშს:

 

პიროვნების გაორების საკითხი

შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით

 

ყოველდღიურად ტელევიზია, კინემატოგრაფი, თანამედროვე ლიტე­რატურაც კი გვთავაზობს ადამიანთა ორ კატეგორიას: დადებითს და უარყოფითს, პოზიტიურსა და ნეგატიურს.  ცხოვრება გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა, ადამიანები მხოლოდ ორ ჯგუფად, ცუდებად და კარგებად, რომ იყოფოდნენ. მაგრამ ეს ასე არ არის. ოთხი ასეული წლის წინ ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, უილიამ შექსპირმა, შექმნა პიესა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორები არიან სინამდვილეში ადამიანები: არც მხოლოდ უარყოფითები და არც მხოლოდ დადებითები. აქ კარგად არის ნაჩვენები ადამიანური ტანჯვა, სიკვდილის ტრაგედია და, ზოგადად, ადამიანობის არსი. ერთ-ერთ სცენაში ჩვენ ვხედავთ კლაუდიუსს, რომელიც ლოცულობს და პატიებას სთხოვს ღმერთს  ჩადენილი მკვლელობისათვის. მისი სახით კარგად არის წარმოჩენილი ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტება, დანაშაული, სიცოცხლეს გამოასალმა მეორე ადამიანი, მაგრამ ახლა ინანიებს. ნაწარმოების განმავლობაში ჩვენ  ვხედავთ, რომ მას აქვს უნარი, აღიაროს დანაშაული, იგრძნოს პასუხისმგებლობა და ითხოვოს პატიება. „ჰამლეტში“ დახატული გმირების დადებითი და უარყოფითი თვისებები ართულებს აუდიტორიისათვის იმის ცოდნას, თუ ვინ არის მართალი ან ვინ გაამართლონ და ვის დაუჭირონ მხარი.

ადამიანის ორმაგი ბუნება ვლინდება ჰამლეტის სხვა მოქმედ გმირებშიც. ეს მათ განსაკუთრებით საინტერესოდ აქცევს მკით­ხველისათვის, რადგან მას აქვს საშუალება, განსაჯოს და შეაფასოს ცუდისა და კარგის ნაზავი ერთი პიროვნების შინაგან სამყაროში. მით უმეტეს, რომ ძირითადად მხატვრულ ნაწარმოებებში გმირი იდეალიზებულად არის წარმოდგენილი და მკითხველი/მაყურებელი მოელის ნამდვილ, სრულყოფილ, დადებით გმირს, რომელმაც აუცილებლად უნდა ჩაიდინოს განსაკუთრებული საქციელი, გმირობა.

რადგან კლაუდიუსმა ზიანი მიაყენა ჰამლეტსა და მის მამას, აუდიტორიას უჩნდება თანაგრძნობა ჰამლეტის მიმართ და სურს, იხილოს ჰამლეტის გამარჯვება. როდესაც ჰამლეტის ღირსება და მორალის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იგი მხოლოდ მაშინ იაზრებს ცხოვრების ორსახოვნობას, ორმხრივობას.

ნაწარმოების დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ჰამლეტს, რომელიც იტანჯება მამის სიკვდილის გამო, მისი გულითადი გლოვა ჩვენთვის ცხადი ხდება და დიდ ზემოქმედებას ახდენს. სწორედ ეს განგვაწყობს მის მიმართ დადებითად და თანაგრძნობით ნაწარმოების დასაწყისში. ხოლო მას შემდეგ, რაც ჰამლეტი შეხვდება მოჩვენებას, ჩვენ ვხედავთ უკვე გმირს, რომელმაც საშინელი მისია იკისრა - მკვლელობა. რა თქმა უნდა, ყველამ განიცადა და წარმოიდგინა ჰამლეტის გრძნობები, როცა იგი პირისპირ დადგა შემზარავი სიმართლის წინაშე და გაიგო მამის მზაკვრული მკვლელობის ამბავი. მკითხველს ესმის მისი გაღიზიანება და აღშფოთებაც. მაგრამ მკითხველი, ასევე, ხვდება, რომ  ცივსისხლიან  გადაწყვეტილებას განზრახ მკვლელობის შესახებ ახალგაზრდა კაცი ასე ადვილად ვერ იღებს. აუდიტორია, ბუნებრივია, მოელის, რომ ჰამლეტი იპოვის უკეთეს გზას, უფრო კეთილშობილურს, რადგან მას ჰამლეტი მიაჩნია უცოდველად. ის არის ახალგაზრდა, პიროვნება, რომელმაც დაკარგა საყვარელი ადამიანები. მკითხველი წუხს მის გამო და მისი პრობლემების თანაგანმცდელი ხდება. საზარელი მკვლელობების შემდეგ ჩვენ წინაშეა შეცვლილი ჰამლეტი. ის შინაგანად იტანჯება და უშვებს ადამიანურ შეცდომებს. ჰამლეტის მორალური სიმტკიცე პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მესამე მოქმედებაში, როდესაც ჰამლეტის მონოლოგის შემდეგ ოფელია ჩნდება. ჰამლეტი ოფელიას უცხადებს, რომ არ უყვარს. ოფელიას სიკვდილის შემდეგ ჰამლეტი აცხადებს, რომ იგი ყოველთვის უყვარდა და ამის უარყოფა სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ჰამლეტი ხვდებოდა, რომ მისი სასტიკი სიტყვები ოფელიას დიდ ტკივილს აყენებდა, მაგრამ არ გაჩერებულა  იმის გამო, რომ იგი დედამისზე იყო გაბრაზებული. მან ოფელიაც ადვილად მიაკუთვნა მისთვის საძულველ კატეგორიას, მონსტრებს, ისევე როგორც ყველა ქალი...

ოფელიასადმი ასეთი მოპყრობა აუდიტორიისათვის უკვე დამაბნეველია, რადგან მთელი პიესის განმავლობაში ოფელია არის ნაზი არსება, რომელიც ზრუნავს ჰამლეტზე, მის კარგად ყოფნაზე. აუდიტორიას უჭირს იმის გაგება, თუ რატომ ეუბნება ის ამ სიტყვებს უდანაშაულო ქალს და ეს იწვევს ჩვენში ეჭვს ჰამლეტის პიროვნების მთლიანობაში, იმაში, რომ გმირი არ არის ცალსახად დადებითი და გარკვეულ ვითარებაში იგი სასტიკიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

როდესაც ჰამლეტი იყო მსხვერპლი, აუდიტორია მას მთელი გულით თანაუგრძნობდა, ხოლო ახლა, როდესაც ოფელია გახდა ჰამლეტის მსხვერპლი, აუდიტორიის თანაგრძნობამ ქალისკენ გადაინაცვლა. ჰამლეტის განრისხება პირდაპირ დედამისისკენაა მიმართული (აქტი 3, სცენა 4). ის ირჩევს დედასთან დაპირისპირებას და ადანაშაულებს მამის მკვლელობაში. ჰამლეტი იმსხვერპლებს უახლოესი მეგობრის მამას და ქალს, რომელიც უყვარდა.  ამ სცენის შემდეგ ის გარდაიქცევა მკვლელად და მკვლელობა კი ისეთი დანაშაულია, რომლის გამართლებაც შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ მკითხველის თვალწინ უცოდველი ახალგარზდა გადაიქცევა უგულო მკვლელად. მიუხედავად ამისა, ჰამლეტი მაინც არ არის საშინელი პერსონაჟი, აუდიტორია მაინც წუხს მისი ქმედების გამო და აფასებს მას, როგორც პერსონაჟს, რომელმაც შეცდომები დაუშვა და ატარებს მძიმე ცოდვას. სასტიკი სიტყვები, რომლებსაც ამბობს ჰამლეტი და სასტიკი ქმედებები, რომლებსაც ის ჩადის, წარმოადგენს ჰამლეტს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ადამიანს, რომელიც დანარჩენებისაგან არაფრით განსხვავდება. იგიც შეიძლება იყოს დაბნეული, გაბრაზებული ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მასაც შეუძლია დაუშვას შეცდომა, ხანდახან გამოუსწორებელიც და სასტიკიც.

ჰამლეტის ეს თვისებები არაფერს აკლებს პიესას, პირიქით, სწორედ ამის გამოა იგი შედევრი, რადგან ის საშუალებას აძლევს მკითხველს დაინახოს ჩვეულებრივი ადამიანის ტრაგედია, განიცადოს და გაიაზროს მისი საქციელი.

 

მომზადებულია: An analitical essey on the Duality of Main in Hamlet

http://www.123helpme.com/view.asp?id=11136

 

 

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

 

„ნატვრის ხე“

მარიტა „ნატვრის ხის“ ციკლის ქმნილებათაგან ერთ-ეთი ყველაზე მეტად გამორჩეული მოთხრობაა. მშვენიერების, სიყვარულისა და სიცოცხლის განსადიდებლად დაწერილი რომანტიკული ნაწარმოები. მწერალმა ძალა და ენერგია არ დაიშურა საიმისოდ, ეს რომანტიკული პერსონაჟი გამორჩეული სიყვარულითა და უმაღლესი სიტყვიერი ხელოვნებით რომ დაეხატა. მართლაც, მარიტას ლიტერატურული სახე სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს ცნობიერებაში როგორც ხორცშესხმული ხატება ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულქმნილებისა, სიმბოლო ამაღლებული სიყვარულისა და სიცოცხლის ხალისისა.

მარიტა ყველაზე იდეალიზებული პიროვნული სახეა „ნატვის ხეში“. მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიტყვაუხვობით ხატავს გმირის თვალწარმტაც სილამაზეს. მახვილგონივრულად მიგნებული ეპითეტებით, მეტაფორებითა და შედარებებით იკვეთება მარიტას ფიზიკური მშვენიერებისა და სულიერი კდემამოსილების შტრიხები. იგი ხან ყინწვისის ღვთაებრივ ფრესკასთანაა შედარებული, ხან არმაზელ „ტურფა სერაფიტასთან.“

მარიტას თავგადასავლის მოთხრობით გოგლა ლეონიძემ უმწვავესი ტკივილით განგვაცდევინა მდაბალ ადამიანურ გრძნობათა მსხვერპლად ქცეული უცოდველი არსების პიროვნული ტრაგიზმი. მარიტას სრული ანტიპოდია მწერლის მიერ ბრბოდ მონათლული იმ ადამიანებისა, რომლებიც ბარბაროსული გულქვაობით ქოლავენ ამ ღვთაებრივ მშვენიერებას.

რისთვის მოკვეთა სოფელმა მარიტა? რატომ დასაჯა ასეთი გულქვაობითა და დაუნდობლობით? რა არ აპატია მას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ბრბოდ ქცეული ადამიანური საზოგადოებისაგან მარიტა გარეგნული სილამაზითაც და სულის მშვენიერებითაც მკვეთრად გამორჩეული და მაღალზნეობრივი პიროვნება იყო. ამ გამორჩეულობას მას, უწინარესად, სიყვარულის ის უწმინდესი გრძნობა სძენს, რომლის დანახვა და შეცნობა მდაბალი გრძნობებით გონებადახშულ ბრბოს არ შეეძლო.

მარიტას თავგადასავლის მოთხრობით მწერალი განზოგადებულად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში რა დაუნდობლად სპობს აღზევებული ძალადობა ადამიანურ სიწმინდეებსა და ამაღლებულ გრძნობებს. მარიტა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ერთგული მისი ცხოვრების ბედისწერად ქცეული სიყვარულისა. ყოფითი ანგარებით გონებადაბინდულმა მამამ და ბებიამ მარიტას სურვილს ყურადღება არ მიაქციეს და იგი სოფელში სიმდიდრით განთქმულ, „მლაშე და ზვიად“ შეთეს მიათხოვეს.

მარიტას ნამდვილი სიყვარული გედია ყველანაირად განირჩეოდა შეთესაგან. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც მარიტასა და გედიას ამქვეყნიური ბედნიერების განმაპირობებელ მყარ საფუძვლად არის ქცეული, ერთმანეთისადმი წმინდა და მტკიცე სიყვარულია. მათი სიყვარულის ჩასაქოლად, ფაქტობრივად, მთელმა სოფელმა გაილაშქრა ბარბაროსული დაუნდობლობით. მარიტაცა და გედიაც არა მარტო სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ ამ რომანტიკული გრძნობის ერთგულნი, არამედ ფიზიკურადაც შეეწირნენ მათ წინაშე გადაულახავ უფსკრულად აღმართულ საზოგადოებრივ გულქვაობას.

მარიტას წინააღმდეგ ამხედრებული ბრბო თავის შურისძიებას ზნეობრივი სიწმინდის სახელით ნიღბავს. ჭორს აყოლილმა სოფლის მეუფროსემ სოფელს უმკაცრესი გადაწყვეტილება მიაღებინა - მარიტას ჩაქოლვა. გიორგი ლეონიძე უდიდესი მწერლური ოსტატობით აღწერს გამხეცებული ბრბოს მიერ ამ ველური განაჩენის აღსრულების შემაძრწუნებელ პროცესს: „სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით... აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებამდე გმინავდა... მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო და მთელი სოფელი მისი ამალა გამხდარიყო...“ 


გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან არც თუ ისეთი დიდი დრო, დაცხრა ბნელი ადამიანური ვნებები და ყველა მიხვდა თავის „შეცდომასა და ბოროტებას“. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მარიტას სიკვდილმა ითამაშა. ასე მისცა თავის გამწირველ და დამსამარებელ სოფელს მარიტამ სიყვარულისადმი უღალატო ერთგულების დაუვიწყარი მაგალითი. თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ არა. მოთხრობის ეპილოგმა ავტორისეულ სათქმელს გააზრების კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შესძინა: „ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც... იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და ქათმებისაგან მტვერი და ბუნგალი ირეოდა... აღარც ერთი ხე არ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში, მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო...“ ამით ავტორმა მოთხრობის ბოლოს ემოციური სიმძაფრით შეგვახსენა ის სამწუხარო ჭეშმარიტება, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია.

 

შინაარსი 

10. როგორ დავწეროთ რეზიუმე?

12. როგორ დავწეროთ რეცენზია?