ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
|
||||||||||||||||||
რეცენზია რეცენზია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან (resensio) და ნიშნავს გამოხმაურებას, განხილვას, მხატვრული, სამეცნიერო, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, თეატრალური, ფერწერული ან ხელოვნების სხვა ნიმუშის შეფასებას. ის თავისი ბუნებით კრიტიკულ, ანალიტიკურ ჟანრს მიეკუთვნება. ამ ტიპის ტექსტის ავტორს ჰქვია რეცენზენტი, ხოლო რეცენზირება ასახავს ამ პროცესს. რეცენზიის დანიშნულება რეცენზიის ფუნქციაა, კრიტიკულად განიხილოს, შეაფასოს, კომენტირება გაუკეთოს სარეცენზიო ტექსტის ძირითად დებულებებს, გამოყოს ავტორის მოსაზრებები. ამ ტიპის ტექსტის მიზანია დასმული პრობლემისადმი რეცენზენტის პოზიციის გამოხატვა. რეცენზიაში უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის პოზიციის განზოგადებული არგუმენტირებული შეფასება, რეცენზენტის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რით არის სარეცენზიო ნაშრომი გამორჩეული და მნიშვნელოვანი. რეცენზიაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს განსახილველი ტექსტის შინაარსის არა უბრალოდ გადმოცემას, არამედ მის კონცეპტუალურ ანალიზს, რის საფუძველზეც ნათელი გახდება სარეცენზიო ტექსტის ძირითადი იდეური განვითარება და მიზანი. რეცენზიაში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ტექსტის ღირსებები, განსაკუთრებული ფრაგმენტები, ყველაზე არსებითი ელემენტები, მიუხედავად იმისა, თუ როგორია რეცენზენტის დამოკიდებულება ავტორისადმი.
მხოლოდ ობიექტური ანალიზის შემდეგ უნდა წარმოადგინოს ავტორმა ნაწარმოების სუბიექტური შეფასება. სწორედ ეს არის ნებისმიერი რეცენზიის ძირითადი ნაწილი, რადგან ამ ტიპის ტექსტი სწორედ ამ შეფასების, საკუთარი პოზიციის, დამოკიდებულების წარმოსაჩენად იქმნება. რეცენზიაში გადმოცემული საკითხი შესაძლებელია საკამათოც იყოს, თუმცა ეს არ ართმევს რეცენზენტს უფლებას, გადმოსცეს თავისი აზრი, ოღონდ ეს აზრი განმტკიცებული უნდა იყოს სათანადო არგუმენტებით და უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი ტექსტის ძირითად და არსებით ეპიზოდებსა და საკვანძო მომენტებს. რეცენზენტმა თავი უნდა აარიდოს საკუთრი პერსონის დემონსტრირებას და ორიენტირებული უნდა იყოს განსახილველი ტექსტის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენებაზე. რეცენზიის სტრუქტურა შედარებით თავისუფალია, ანუ რეცენზიის შემადგენელი ნაწილების თანმიმდევრობა ავტორის სურვილისამებრ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული:
რეცენზიის შექმნისას, ისევე როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტის შემთხვევაში, დაგეხმარებათ შესაბამისი ენობრივი კლიშეები, რომლებიც გამოგადგებათ თქვენი ტექსტის ლოგიკურად და თანმიმდევრულად წარმართვისას. ქვემოთ წარმოგიდგენთ სტატიის შეფასებისათვის აუცილებელ ენობრივ ფორმებს, თუმცა მათი განზოგადება და გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ნაშრომის რეცენზიის შექმნისას:
რეცენზია ფილოლოგიის დოქტორის, თსუ ასისტენტ-პროფესორის, ეკატერინე მოკვერაშვილის, სტატიაზე: „შეფასების ფუნქციები ტექნიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის უცხო ენების სწავლების პროცესში“
ეკატერინე მურადაშვილის სტატია ეძღვნება შეფასების ფუნქციისა და მნიშვნელობის განსაზღვრასა და დაცვას, კერძოდ, ცოდნის, გაცნობიერებისა და ენობრივი უნარების შეფასების სისტემას უცხო ენის სწავლების პროცესში ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის.
განსახილველი სტატიის აქტუალობა ნათელია, რადგან უცხო ენების სწავლების პროცესში ცოდნის, გაცნობიერებისა და ენობრივი უნარების შემოწმება და შეფასება უცხო ენების სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშნველოვანი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამის საშუალებით განსაზღვრავს მასწავლებელი სტუდენტის წარმატებასა და წარუმატებლობას და იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვის შესახებ. რაც შეეხება შეფასების მეთოდებსა და ხერხებს, მათი გამოყენება არის ერთ-ერთი რთული ამოცანა, რომელიც პრაქტიკოსი პედაგოგის წინაშე დგას.
ავტორს ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი სამუშაოები, სერიოზული კვლევა, რათა განისაზღვროს შემოწმებისა და შეფასების სისტემა ტექნიკური მიმართულების სტუდენტებისათვის უცხო ენების სწავლების პროცესში. კერძოდ, ის გვთავაზობს ცალ-ცალკე კომპონენტებად შეფასდეს წერის, კითხვის, ლაპარაკისა და მოსმენის ფუნქციები, ხოლო საბოლოო ქულა გამოყვანილ იქნას საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის პრინციპით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკატერინე მოკვერაშვილი გვთავაზობს შემდეგ მოსაზრებას: უნდა შეიცვალოს მასწავლებლის როლი სწავლების პროცესში ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის, რადგან, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პედაგოგის ფუნქცია მხოლოდ ის არ არის, რომ იყოს ინფორმაციის მთავარი წყარო, მან მიმართულება უნდა მისცეს სასწავლო პროცესს და არა მთლიანად მართოს ის.
შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში პრობლემატიკა სრულყოფილად არის შესწავლილი, თუმცა, გარკვეული საკითხები მოითხოვს დაზუსტებას. კერძოდ, ბოლომდე არ არის ნათელი, უნდა აისახოს თუ არა შეფასებაში სტუდენტის დასწრება, რაც, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია სტუდენტის სწავლების პროცესში. გარკვეულ შემთხვევებში დარღვეულია აბზაცებს შორის ლოგიკური კავშირი, რაც, გარკვეულწილად, მკითხველის დაბნეულობას იწვევს.
სტატიის განხილვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც ამ ტიპის ნაშრომს შეიძლება წავუყენოთ. ის შეიცავს როგორც მეცნიერულ სიახლეს, ისე პრაქტიკულ რჩევებს და გამოადგება როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე პედაგოგიკის თეორიით დაინტერესებულ პირებს.
კახა ტაბატაძე, პედაგოგიკის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი.
რეცენზია NN-ის ლექსთა კრებულზე
NN-ის ლექსთა ხელნაწერი კრებული(...), ფაქტობრივად, მისი ერთგვარი „რჩეულია“, რომელიც აერთიანებს ავტორის შემოქმედების თითქმის ორმოცწლიან პერიოდს. ამაზე წიგნის მოცულობაც მეტყველებს, იგი ას გვერდს აღემატება. კრებული ძალიან მრავალფეროვანია თემატურად, მაგრამ ავტორის მხატვრული აზროვნება საოცრად ერთფეროვანია, ვერც მისი ლექსალური მოდელები გამოირჩევა ნაირგვარობით. ავტორის ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ქართულმა პოეზიამ დიად გარდატეხათა კასკადები გამოიარა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ლექსის სოციალურ და მხოფლმხედველობრივ სახეს და, ცხადია, ყოველივე ეს, მეტ-ნაკლებად, აისახა ავტორის ლექსებში. აქ არის ოცდაათიანი წლებისათვის დამახასიათებელი შეუნიღბავი და შეუფერადებელი ტენდენციურობაც, ორმოციანი წლების ხმამაღალი და დემონსტრაციული პატრიოტიზმი, ორმოცდაათიანი წლების პლაკატური ინტერნაციონალიზმი და ა. შ. როგორც ჩანს, ავტორი მთელი ამ დროის განმავლობაში გულწრფელად ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა ეპოქის მოთხოვნებს და ამ ფეხის აწყობის მცდელობაში ყოველთვის როდი აღწევდა სასურველ მიზანს. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ე. წ. ინტერნაციონალური სულისკვეთების ლექსებში, რომლებიც ასეთი მოდელით იწერება - მაგალითად, ავტორი უძღვნის ლექსს უკრაინელ მწერლებს - იგი ჯერ ილაპარაკებს საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ბედის მსგავსებაზე, შემდეგ იმაზე, როგორ სწვდება დნეპრის ნიავი მტკვარს ან, პირიქით, ახსენებს თბილისსა და კიევს. შემდეგ კი ჩამოთვლის მისთვის ცნობილ ყველა უკრაინელ პოეტსა და მწერალს - გრიგორი სკოვოროდადან დაწყებული ტიჩინათი და ბაჟანით დამთავრებული. ეს ჩამოთვლა რომ მოსაწყენი არ გახდეს, უკრაინელ პოეტებს ქართველებთან აწყვილებს (მაგ., წერეთელი და შევჩენკო) და ასე შემდეგ. ანალოგიურად იქნება ლექსები რუსეთსა და სომხეთზე იმ განსხვავებით, რომ დნეპრისა და კიევის ნაცვლად აქ ვოლგა და მოსკოვი ან არაქსი და ერევანი და ისევ დაწყვილებული პოეტებია (მაგ., წერეთელი და თუმანიანი). კრებულში არის უამრავი მიძღვნილი ლექსი, რომლებიც ამ ტიპის ლექსთა თანდაყოლილ ნაკლს - სქემატურობასა და სტანდარტულობას - ვერც NN-ის შემოქმედებაში აღწევენ თავს. NN-ის პოეტურ ნიჭიერებას მხოლოდ ლირიკული ლექსები ადასტურებს, რომლებიც თავისუფალნი არიან ყალბად გაგებული მოქალაქეობრიობისაგან. ამ ტიპის ლექსებში ავტორი ახერხებს მშობლიური კუთხის ხატოვანი სურათების დახატვას, საკუთარი თვალით დანახული სამყაროს წარმოჩინებას მკითხველისთვის. ასეთი ლექსების ამოკრეფა წარმოდგენილი ხელნაწერიდან კარგ რედაქტორს არ გაუჭირდება, მათი საერთო რაოდენობა ორ საავტორო თაბახს არ გადააჭარბებს. მეც გამომცემლობას NN-ის ლექსების გამოცემას სწორედ ამ მოცულობით ვურჩევდი. ფილოლოგიის დოქტორი, მიხეილ ქურდიანი 29.08.1985
|
||||||||||||||||||
11. მხატვრული ტექსტის ანალიზი კრიტიკული/ანალიტიკური კითხვისა და წერის პრინციპების გათვალისწინებით |