ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

8. ავტორის დამოკიდებულების/პოზიციის გამოხატვა

შინაარსი

ანალიტიკური ტექსტის აგების დროს მნიშვნელოვანია ავტორის გამოკვეთილი პოზიციის დაფიქსირება. როდესაც ქმნით ფაქტის, მოვლენის, მხატვრული ნაწარმოების და ა. შ. ანალიზის შემცველ ტექსტს, არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ აღწერით, ფაქტების ან არგუმენტების უბრალო ჩამონათვალით, სხვების მოსაზრებების მოშველიებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ანალიტიკური ნაშრომისა. ავტორის პოზიციის გარეშე თქვენი ტექსტი რეფერატს დაემსგავსება. აუცილებელია, ავტორმა გამოხატოს თავისი მოსაზრება და განავრცოს იგი საკუთარი არგუმენტებით.

ავტორის პოზიციის გამოხატვისას შეიძლება გამოვიყენოთ ორი ტიპის ტექსტი: 1. როცა ავტორი ეთანხმება ან არ ეთანხმება მოცემულ დებულებას; 2. როცა ავტორი დამოუკიდებლად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და ავითარებს საკუთარ მსჯელობას.

ავტორს მოცემული დებულებისადმი შეიძლება ჰქონდეს სამგვარი დამოკიდებულება: იგი შეიძლება ეთანხმებოდეს, არ ეთანხმებოდეს ან ნაწილობრივ ეთანხმებოდეს განსახილველ თეზისს. ამისდა მიხედვით, ავტორმა ცხადად და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, სათქმელი. ბუნდოვანი მსჯელობა არ იძლევა ეფექტურ შედეგს და ადრესატისთვის გაუგებარი რჩება თქვენი პოზიცია. შედეგის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ენობრივი ფორმულები, რომლებიც ტექსტს მსჯელობის ფორმას აძლევს. მაგალითად:

 

  •  ავტორი ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 

ენობრივი კლიშეები:

 

ჩემთვის მისაღებია...

ვიზიარებ მოცეულ დებულებას...

ვეთანხმები მოყვანილ მსჯელობას...

სწორად მიმაჩნია...

გამართლებულად მიმაჩნია...

ვფიქრობ, რომ, გამოთქმული თვალსაზრისი მისაღებია...

ჩემი აზრით, გამოთქმული მოსაზრება ჭეშმარიტებაა...

ჩემი თვალსაზრისით...

მოცემულ ფაქტთან/მოვლენასთან/ვარაუდთან...  და­კავ­ში­რებით ჩემი პოზიცია ასეთია...

 

  

  • ავტორი არ ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 

ენობრივი კლიშეები:

 

ჩემი აზრით, წამოყენებული დებულება მცდარია, რადგან...

არ ვეთანხმები გამოთქმულ თვალსაზრისს, რადგან...

არ ვიზიარებ .... პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ... რადგან...

ვინაიდან ზემომოყვანილ ფაქტებს/არგუმენტებს აკლია დამაჯერებლობა, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება რამდენადმე განსხვავებულია...

ვფიქრობ, ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ნაკლებად არგუმენტირებულია/დამაჯერებელია, ამდენად, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ ფაქტზე, მოვლენაზე...

ეს გვაძლევს შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას...

არ მიმაჩნია სწორად მოყვანილი მსჯელობა, რადგან...

ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმულ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ...

ამის თქმის საშუალებას მაძლევს შემდეგი არგუმენ­ტე­ბი...

 

  

  • ავტორი ნაწილობრივ ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 

ამ შემთხვევაში ავტორი კონკრეტულ მსჯელობაში ზოგ დებულებას იზიარებს, აქვს თავისი არგუმენტები, ზოგი დებულება კი მისთვის მიუღებელია კონკრეტული მოსაზრებებისა და არგუმენტების გამო.

 

ენობრივი კლიშეები:

 

ზემომოყვანილი მსჯელობიდან ჩემთვის მისაღებია შემდეგი... რადგან...

ხოლო დებულება იმის თაობაზე, რომ.... შეიძლება კრიტიკულად განვიხილოთ, რადგან...

ერთი მხრივ, მისაღებია შემდეგი პოზიცია/ არგუმენტები... რადგან...

მეორე მხრივ, არ მიმაჩნია სწორად შემდეგი მოსაზრება, რადგან...

გამოთქმული მოსაზრებებიდან მთლიანად ვეთანხმები შემდეგ პოზიციას... რადგან...

ხოლო არ ვუჭერ მხარს შემდეგ დებულებებს, რადგან....

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისაღებია რამდენიმე არგუმენტი, შეიძლება ითქვას, რომ მსჯელობა ზოგადად მოკლებულია დამაჯერებლობას შემდეგი მიზეზების გამო... ამიტომ ჩემთვის მიუღებელია მოცემული დებულებები...

გამოთქმული ვარაუდი ჩემთვის ნაწილობრივ მისაღებია, რადგან... თუმცა, ბოლომდე ვერ დავეთანხმები იმ მიზეზის გამო, რომ...

 

 

 

გაითვალისწინეთ:

  •  საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას აუცილებელია გამოიყენოთ პირველი პირის ფორმები, რათა ჩანდეს, რომ ეს თქვენი პოზიციაა და არა ზოგადი მსჯელობა, აზრი. მაგალითად: მიმაჩნია, რომ...

  • საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, გარდა დებულებებისა, საჭიროა არგუმენტების მოყვანაც და დასაბუთებაც.

  • ამ შემთხვევაში არგუმენტად შეიძლება მოვიხმოთ ფაქტები, მოვლენები, პირადი და სხვების გამოცდილება, ისტორიული გამოცდილება, ანალოგიები, პასაჟები ლიტერატურული, პუბლიცისტური ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ნაშრომებიდან, კინოფილმებიდან.

 


 

 

მაგალითი:

 

 

 

წარმოვადგენთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ბერნარ შოუს, შეხედულებას პატრიოტიზმის შესახებ და განვიხილავთ მას სამივე პოზიციიდან:

 

  • ავტორი ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 „პატრიოტიზმი არის ის, რომ შენ დარწმუნებული ხარ, შენი ქვეყანა საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, რადგან შენ დაიბადე იქ.“

მე მთლიანად ვიზიარებ ბერნარ შოუს მოყვანილ თვალსაზრისს, რადგან მიმაჩნია, რომ აქ წამოყენებული მოსაზრება არ შეიძლება საკამათო იყოს. ეს განპირობებულია იმით, რომ საქმე ეხება სამშობლოსა და მის სიყვარულს. სამშობლოს სიყვარული განსჯას არ ექვემდებარება. სამშობლოს არ ვირჩევთ, იგი, უბრალოდ, გვიყვარს ისეთი, როგორიც არის, ზუსტად ისე, როგორც დედას უყვარს თავისი შვილი, მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი. ადამიანი სამშობლოს ორგანულ ნაწილად გრძნობს თავს. ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როდესაც ადამიანები ბევრად უფრო მოწესრიგებულ, მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში ბევრად უბედურად გრძნობენ თავს, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ამის მაგალითი მრავლად არის ლიტერატურაშიც. მაგალითად, ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ და ა. შ.

 

  • ავტორი არ ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 

„პატრიოტიზმი არის ის, რომ შენ დარწმუნებული ხარ, შენი ქვეყანა საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, რადგან შენ დაიბადე იქ.“

სამშობლოს სიყვარულის თემა არაერთი ცნობილი ავტორის ემოციური მსჯელობის საგანი გამხდარა. ამ თემას ეხება ბერნარ შოუს ცნობილი გამონათქვამიც: „პატრიოტიზმი არის ის, რომ შენ დარწმუნებული ხარ, შენი ქვეყანა საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, რადგან შენ დაიბადე იქ.“ ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რადგან ერთია ემოციური დამოკიდებულება, ხოლო მეორეა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორო.   ეს არის ერთადერთი გზა, გააცნობიერო არსებული ვითარება.  ბრმა ემოცია პიროვნებას უკარგავს ობიექტუ­რობის განცდას. ადამიანს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების ღირსების დაფასება. გონიერი ადამიანი უცხოურ  გამოცდილებას საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარს. ამისი არაერთი მაგალითი იცის, თუნდაც, საქართველოს ისტორიამ. არაერთი ცნობილი ადამიანი და ნამდვილი პატრიოტი სწორედ სხვა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას იყენებდა საქართველოს საკეთილდღეოდ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები.  კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ დებულებას, რომ მხოლოდ გრძნობების ტყვეობაში ყოფნა, უარყოფით მხარეებზე თვალის დახუჭვა არ არის სასიკეთო ქვეყნისთვის.

  

  • ავტორი ნაწილობრივ  ეთანხმება მოცემულ დებულებას:

 

„პატრიოტიზმი არის ის, რომ შენ დარწმუნებული ხარ, შენი ქვეყანა საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, რადგან შენ დაიბადე იქ.“

ბერნარდ შოუს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გარკვეული თვალსაზრისით ვეთანხმები, რადგან მიმაჩნია, რომ სამშობლოს სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი გრძნობაა, ძლიერი ემოციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში განსჯას არ ექვემდებარება და ადამიანი არც კი ფიქრობს, რატომ უყვარს თავისი ქვეყანა, ზუსტად ისევე, როგორც არ იცის, რატომ უყვარს თავისი დედა, თავისი ენა, თავისი ხალხი.

თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი სუბიექტური და ემოციური დამოკიდებულება არ არის ბოლომდე გამართლებული, რადგან როდესაც ადამიანი ემოციების ტყვეობაშია, კარგავს ობიექტური განსჯის უნარსა და რეალობის გრძნობას. ეს კი, საბოლოოდ, მისი სამშბლოს­თვისვეა ცუდი. ის ვეღარ აცნობიერებს, თუ რა ნაკლი აქვს მის ქვეყანას, რითი ჩამოუვარდება ის სხვა მასზე უფრო წარმატებულ ქვეყნებს, რა არის გამოსასწორებელი და კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ამისთვის. სწორედ ამისთვის იღწვოდა ილია ჭავჭავაძე. ის ავლენდა საქართველოს უარყოფით მხარეებს, ნაკლოვანებებს, რათა თვალი აეხილებინა ხალხისთვის, ეჩვენებინა რეალური ვითარება და კონკრეტული გამოსავალი. ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავდა იმას, რომ ილიას არ უყვარდა სამშობლო, რაშიც მას ხშირად ადანაშაულებდნენ. პირიქით, იგი თავისი სიტყვითა და საქმით ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

  

 

დავალება:

  ქვემოთ მოყვანილია ცნობილი ადამიანების გამონათქვამები. გაეცანით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ეთანხმებით, არ ეთანხმებით თუ ნაწილობრივ ეთანხმებით. თქვენი მოსაზრებები დაასაბუთეთ სათანადო არგუმენტებით:

 

  • ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიების პროცესი, ეს ის დროა, როცა შენ თავად ქმნი შენს თავს! (ბერნარ შოუ).

  • უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე (გოეთე).

  • სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო (ლაიბნიცი).

  • ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით. არ დაგავიწყდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო (ერნესტ ჰემონგუეი).

  • ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია (უილიუს კეისარი).

  •  ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა - ეს არის საკუთარი თავის შებრალება (მარკუს ავერელიუსი).

    

 

დავალება:

 

1.       ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: სათვალთვალო კამერების დაყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების გარანტიაა. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 2.       ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: კონკურენტუნარიანი გარემო სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სამსახურებში ზრდის ადამიანთა მოტივაციასა და წარმატების მიღწევის სურვილს. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 3.       ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 4.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: როცა მოზარდები მიაღწევენ სრულწლოვანებას, მათ სრული უფლება აქვთ, თავი დააღწიონ ოჯახის გავლენას და ცალკე იცხოვრონ. მშობლებმა ამ შემთხვევაში არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა შვილებს.  განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაით­ვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 5.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: აღზრდის პროცესში მშობლებმა შვილებს თავიდანვე უნდა განუვითარონ უნარი, შეეგუონ გარემოს და გაუმკლავდნენ ნებისმიერ სირთულეს. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაით­ვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

6.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: სპორტით დაკავებული მოზარდები დაცულნი არიან ქუჩის პრობლემებისა და მავნე ზეგავლენისაგან. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

7.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: შერეულ ქორწინებას ხშირად თან სდევს ბევრი ცხოვრებისეული გადაუჭრელი პრობლემა. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 8.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: ბედნიერი ქორწინების დროს ასაკობრივ სხვაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 9.      ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: ტურიზმი სხვადასხვა ქვეყანას ურთიერთგაგებაში, დაახლოებასა და სოციალურ-ეკონომიკური კონტაქტების დამყარებაში  ეხმარება. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 

10.       ეთანხმებით თუ არა მოცემულ დებულებას: რეკლამა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განავრცეთ მსჯელობა არგუმენტებით, კონკრეტული მაგალითებით. გაითვალისწინეთ პრობლემის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 

შინაარსი 

7. კრიტიკული აზროვნებიდან კრიტიკულ არგუმენტამდე

9. არგუმენტირებული ესე